დიდ დიღომში, ავთანდილის ქუჩაზე მომხდარი აფეთქების საქმეზე დაკავებულ ორ პირს, „ყაზტრანსგაზ-თბილისის“ ყოფილ თანამშრომლებს, თორნიკე ტატიშვილსა და ვაზელ მამადიანს თბილისის მთავარ სამმართველოში ბრალს ამ წუთებში აცნობენ.
როგორც სამმართველოში შესვლამდე დაკავებულების ადვოკატმა, თამარ ჯაფარიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, მისი დაცვის ქვეშ მყოფები თავს დამნაშავედ არ მიიჩნევენ.
უფლებადამცველი ვარაუდობს, რომ ტრაგედია დეუდევრობამ გამოიწვია და აფეთქება ერთ-ერთ დაკეტილ ბინაში დაგროვებულმა ბუნებრივმა აირმა გამოიწვია.
„არ აღიარებენ იმიტომ, რომ შემოწმება მოხდა სრულყოფილად, სპეციალური აპარატების და სითხის მეშვეობით და არ დაფიქსირდა გაჟონვის კვალი. არ ვიცი, ჯერჯერობით ვისი პასუხისმგებლობის საკითხი შეიძლება, დადგეს. ვარაუდის დონეზე, ალბათ, გაჟონვა მოხდა დახურული ბინიდან იმიტომ, რომ სადარბაზოს სრულად იქნა შემოწმებული და არ გამოჩნდა არც სუნი და არც გაჟონვის კვალი,“ – განაცხადა ყაზტრნასგაზის თანამშრომლის ადვოკატმა.
28 წლის თორნიკე ტატიშვილისა და 62 წლის ვაზელ მამადიანის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე სასამართლო სავარაუდოდ, ხვალ იმსჯელებს.
დიდ დიღომში, ტრაგედიის ადგილზე, ამ დრომდე მიმდინარეობს სამუშაოები. ადგილზე იმყოფებიან სამართალდამცველები და ტერიტორია ყვითელი ლენტით არის შემოსაზღვრული.
მერვე კორპუსის მცხოვრებლები მეორე დღეა კორპუსში შესვლის ნებართვას ელოდებიან. გავრცელებული ცნობით, სავარაუდოდ, ბინაში შესვლის საშუალებას პოლიციელები დღეს მისცემენ.
ყაზტრანსგაზის თანამშრომლები კორპუსის მცხოვრებლებმა 16 დეკემბერს, მას შემდეგ გამოიძახეს, რაც ადგილობრივებმა ბუნებრივი აირის მძაფრი სუნი იგრძნეს, თუმცა, ყაზტრანსგაზის თანამშრომლებმა მათ განუცხადეს, რომ გაყვანილობა წესრიგშია და გაზის სუნი საღებავის სუნში ეშლებოდათ. რამდენიმე საათში კი ავთანდილის 8 ნომერში ტრაგედია დატრიალდა.
გაზის აფეთქებას 4 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, მათ შორის ერთი ბავშვია. 8 ადამიანი კი დაშავდა.