LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ყოფილი პედაგოგის, 96 წლის თინა ბებოს ბოლო სამუშაო დღე დასუფთავების სამსახურში – „დამენანა, უკვე სახლში რომ უნდა დავჯდე, მზე რომ დაიწყებს ამოსვლას, მე უკვე დაღლილი ვარ მუშაობით“

671
Untitled design (6)

„დავემშვიდობე იმ ფოსტალიონივით ჩემს ცოცხს და ჩავაგდე ყუთში – „დღე პირველი, დღე უკანასკენლელი“ – მადლობელი ვარ, რომ გაცილება მომიწყვეს, დავინახე პროსპექტზე ჩამწკრივებული ჩემი კოლეგები და ძალიან გამიხარდა, მაგრამ სადღაც დამენანა, უკვე სახლში რომ უნდა დავჯდე“, – ამბობს „რუსთავი 2“-ის გადაცემა „დილა მშვიდობისა საქართველოს“ სიუჟეტის გმირი, 95 წლის თინა გრიგალაშვილი.

ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელმა სკოლაში 50 წელზე მეტხანს იმუშავა, დასუფთავების სამსახურს კი 20 წელი მიუძღვნა. თინა ბებო განვლილ ცხოვრებას იხსენებს:

„მზე რომ დაიწყებს ამოსვლას, პატარაზე რომ ამოვა, მერე მოიმატებს, მოიმატებს და რომ დამრგვალდება დიდ სფეროდ, მე უკვე დაღლილი ვარ მუშაობით.. რა საყვარელი სანახავია, მზე რომ ამოდის და ვიტყვი ხოლმე: ვაი, ვაი, რა ცუდია, ვისაც ახლა სძინავს და ამ სილამაზეს არ ხედავს-მეთქი.

ჩემი განვლილი გზით უკმაყოფილო ნამდვილად არ ვარ. ადამიანი კარგს რომ ნახავს, ცუდიც უნდა იცოდეს რაბ არის, ცუდის შემდეგ გაიგებ კარგის მნიშვნელობას.

მე იქით რომ მივდივარ და აქეთ ვიღაც მოდის, აქედან ამიწევენ ხოლმე ხელს, თუ ახლოს გაიარეს, თინა მასწავლებელოო ( დამიძახებენ).

მასწავლებლობა კარგი პროფესიაა, ცოცხალ არსებასთან გაქვს საქმე, კლასს რომ გადახედავ და ცქრიალა თვალებით რომ შემოგჩერებია, რას ეტყვი, ძალიან სასიამოვნო განცდაა.

პირველად მუშაობა ძალიან რთულ ადგილას, ბოგდანოვკაში დავიწყე, იქ ქართველები არ არიან, რუსული და სომხური სკოლა იყო ერთად. იქიდან წამოვედი, ბორჯომში ვიშოვე სამსახური..

სანამ მკლავში რაღაცნაირად ღონე გაქვს, ადამიანმა უნდა იმუშაო. იმ კაცის სიტყვები არ დამავიწყდება, ასე თქვა: „ჩემი ცხოვრება შრომაში გავატარე და ისე მინდა ამ ქვეყნიდან წავიდე, როგორც გამოწურული ლიმონიო, ასე ვფიქრობდი მეც..

ჩემს ეზოს ვუვლიდი ხოლმე, თურმე ჩემი ბრიგადირი ამას დაინახავდა და შემომთავაზა – თინა დეიდა, ხომ არ იმუშავებდი ქუჩაშიო, მე საღამოს სკოლაში ვმუშაობდი, დღე სახლში ვიყავი და რატომაც არა-მეთქი, კარგი-მეთქი და დავთანხმდი.

ახლა საქმე ბევრი მაქვს – ნათესაობას მოვინახულებ, ეზოში ბავშვებს პატარა კონცერტებს მოვუწყობ და ამით დავამთავრებ ჩემს აქაურ ყოფას და მარადიულში ვალმოხდილი წავალ.

თუკი ჩემს საფლავზე ოდესმე ვინმე მოხვალთ, არ გინდათ მიხაკები და ძვირფასი ვარდები, მინდვრის ყვავილებიც მეყოფა სიხარულად, ოღონდაც თქვენს ხსოვნაში ნუ დავიკარგები“, – ამბობს თინა ბებო.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები