LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ყოფილი ქართველი ექიმის რჩევები მომავალ ექიმებს – „წამხდარი ექიმი – საშინელებაა…“

964
ana-boqolishvili-news

ექიმის ფორმა ანა ბოქოლიშვილმა ერთი წლის წინ გაიხადა, მანამდე 18 წელი პაციენტებთან ურთიერთობდა, თუმცა ახლა ერთ-ერთი კლინიკის ხელმძღვანელ პოზიციაზე მუშაობს.

მან თავს უფლება მისცა და მომავალ ქართველ ექიმებს რამდენიმე რჩევა მისცა.

გთავაზობთ მის სტატუსს:

„არის ემოცია, რომელსაც მხოლოდ რეტროსპექტულად შევიგრძნობთ მთელი სიმძაფრით და ის არ არის “ცხელ გულზე” აღმოცენებული. ზუსტად 1 წლის წინ ამ დღეს გავიხადე ექიმის ფორმა და “სხვა” ცხოვრება დაიწყო. მხოლოდ ის მიხვდება, რას ვგრძნობ მთელი ეს პერიოდი, ვისაც ეს გავლილი აქვს. 18 წლის განმავლობაში კლინიკა იყო ჩემთვის სახლი, პაციენტები – ოჯახის წევრები და საერთოდაც, ეს იყო გარემო, სადაც თავს ვგრძნობდი “როგორც თევზი წყალში”, და, მიუხედავად სირათულეებისა, მე ვიყავი ნამდვილი მე, რეალიზებული მე და ბედნიერი მე.

ეს 18 წელი არასდროს იყო მარტივი, უდიდეს სტრესში მიწევდა ყოფნა, უამრავი ტრაგედიის თანამონაწილე ვყოფილვარ, თუმცა, ამ ყველაფერმა მხოლოდ ერთი შედეგი გამოიღო: ძალიან დიდი ძალა მომცა და ფასეულობები “დამილაგა”.

მიხარია, რომ ხმამაღლა შემიძლია ვთქვა: არასდროს(!) ვყოფილვარ არაკეთილსინდისიერი ექიმი და არ გადამიხვევია იმ ძირითადი პრინციპებისთვის, რაც თავიდანვე ჩემი იყო. დღეს, როდესაც სხვა კუთხიდან ვუყურებ ჩემი კოლეგების საქმიანობას (უმეტესად გულდაწყვეტილი, პაციენტს და მუშაობას მონატრებული), თავს უფლებას ვაძლევ და, განსაკუთრებით მომავალ ექიმებს, ამ პრინციპებს გეტყვით. დამიჯერეთ, ამართლებს)):

– პირველი ის, რომ არავისზე მაღლა დგახართ.

– დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის მოპოვება არ ნიშნავს, რომ ქვეყანა თქვენია, პირიქით – აი, მაქ იწყება მთავარი გზა თავის დამკვიდრებისთვის.

– ნუ იქნებით ერთპიროვნული სულ ოდნავ საეჭვო სიტუაციაშიც კი; მეორე აზრი ძალიან შეიძლება დაგეხმაროთ.

– თქვენ გქმნით ის გუნდი, რომლის რგოლიც ხართ; ერთსულოვნება უმთავრესია საქმეში.

– ხელს ნუ “შეაწმენდთ” სხვას და იქონიეთ იმდენი გამბედაობა, რომ შეცდომები აღიაროთ და თქვენვე გამოასწოროთ.

– ყოველთვის იყავით თქვენივე უმცროსი მედპერსონალის დამცველები და მათზე მზრუნველები; მათ გარეშე – უბრალოდ არავინ ხართ.

– ვერანაირი ფინანსური კეთილდღეობა შეედრება იმ გრძნობას, რომელსაც გადარჩენილი სიცოცხლე და გამოჯანმრთელებული პაციენტი ქვია.

– არასდროს დაივიწყოთ სუბორდინაცია, ეთიკა და ზრდილობა, ფორსმაჟორშიც კი.

– არასდროს არის გვიან ბოდიშის მოხდა კოლეგისთვის და თუნდაც პაციენტისთვის.

– არასდროს განასხვაოთ პაციენტები ერთმანეთისგან, მიუხედავად ასაკის, ხასიათის, სოციალური სტატუსისა და სხვა ფაქტორებისა.

– არასდროს დაგეზაროთ მუშაობა და ნუ “გაატარებთ” სულ მცირე ნიუანსსაც კი; გულგრილობა დაგღუპავთ.

– ყოველთვის სახლში დატოვეთ პრობლემები, ტემპერამენტი, ცუდი ხასიათი; პაციენტს თავისიც ეყოფა.

– კატეგორიულად გამიჯნეთ ერთმანეთისგან ოჯახი და სამსახური.

– სამსახურში პირადი ცხოვრება და ურთიერთობები – ეს ის დაუწერელი კანონია, რომლის მიხედვითაც ტაბუ უნდა დაადოთ ამ ყველაფერს; ნუ ამჩატდებით))

– ნურასდროს გაიკვლევთ კარიერულ გზას არასწორი გზებით და მეთოდებით. ნუ გაკიცხავთ მარტივად კოლეგას და ნუ შეგშურდებათ სხვისი წარმატება; დიახ – ყოველთვის არის სხვა, ხშირად თქვენზე უკეთესი და მიიღეთ ეს ისე, როგორც არის.

– ყოველთვის ეცადეთ განვითარდეთ.

– არასდროს შეგეშინდეთ სირთულეების, წამხდარი ექიმი – საშინელებაა; უნდა გქონდეთ ის გამბედაობა, თუნდაც პაციენტის სიკვდილი თქვენვე აცნობოთ მის მეურვეს და არ დაემალოთ ამ უმძიმეს ემოციას.

– და ბოლოს, მთავარი, უმთავრესი და ყველაზე მნიშვნელოვანი: პაციენტი გიყვარდეთ მთელი გულით – ოთხივე კამერით)) და მთელი ტვინით – ორივე ჰემისფეროთი)). უსმინეთ ისე, როგორც თქვენ გინდათ გისმენდნენ, მოექეცით ისე – როგორც თქვენ გინდათ გექცეოდნენ. პატივი ეცით მის უფლებებს და ნებას. მის უკან არსებული მდგომარეობაც (სოციალური, მატერიალური, სულიერი თუ ემოციური) უნდა დაინახოთ იმ მესამე თვალით, რომელიც ექიმისთვის აუცილებელია!

თუ ეს ყველაფერი არ შეგიძლიათ, დროზე გადაწყვიტეთ, გიღირთ საერთოდ ექიმობა?

დღემდე მეტირება შემოვლის დროს, განსაკუთრებით რეანიმაციაში შესვლისას.

ეს ფოტო, ბევრი წლის წინ, დეკრეტიდან გასვლის პირველივე მორიგეობაზეა გადაღებული, როდესაც მუშაობისგან ბედნიერი ვარ და იმ ადრენალინს ვგრძნობ, რომელიც მხოლოდ ჩვენ ვიცით და რომელსაც არაფერი შეედრება.

წარმატებებს გისურვებთ♡“.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები