ექიმი ნუტრიციოლოგი მარი მალაზონია, გადაცემაში“პირადი ექიმი მარი მალაზონია” ახალი კვლევის შესახებ საუბრობს, რომლის თანახმადაც, ორსულობა, განსაკუთრებით კი მეორე ორსულობა, ქალის თავის ტვინს მკვეთრად ცვლის.
„მეცნიერები მივიდნენ დასკვნამდე, რომ ყოველი ორსულობა უნიკალურ კვალს ტოვებს ქალის თავის ტვინზე. ამასთან, განსაკუთრებით საყურადღებოა მეორე ორსულობის დროს ცვლილებები, რადგან, როგორც ირკვევა, თავის ტვინის ის უბნები განსაკუთრებით რეაგირებს, რომლებიც პასუხისმგებელია ვიზუალურ ანუ მხედველობით და სმენით სტიმულებზე. აგრეთვე, პასუხისმგებელია ყურადღებაზე.
მეცნიერებმა ამგვარი ცვლილებები ქალის ახალ როლსა და პასუხისმგებლობას დაუკავშირეს – არა უბრალოდ ერთი ბავშვი აღზარდოს, არამედ კიდევ უფრო მეტი პასუხისმგებლობისთვის მოემზადოს. მდგომარეობისთვის, როდესაც მას ორი და მეტი შვილის აღზრდა დაევალება…
მეცნიერებმა ამ ცვლილებებით კიდევ ერთი მდგომარეობა ახსნეს, რომელსაც ჰქვია დეპრესია ორსულებსა და ახალნამშობიარევ ქალებში. ისინი თვლიან, რომ თავის ტვინის ეს ცვლილებები, ეს მნიშვნელოვანი ძვრები შეიძლება, დეპრესიის ასახსნელად მარტივი გასაღები იყოს.
რაც მთავარია, მიუხედავად იმისა, რომ ეს კვლევა მასშტაბური არ იყო, მეცნიერები თვლიან, რომ ყველაზე მნიშვნელოვანი რამ მოხდა. მათ დაინახეს და გაიაზრეს, რომ ქალი უბრალოდ ბავშვს კი არ აჩენს, იგი იცვლება. განსაკუთრებით, მისი ტვინი იცვლება, ეგუება დედობას და ამ პროცესში მას ყველას მხარდაჭერა ძალიან სჭირდება“, – განმარტავს მარი მალაზონია.
