LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ყოველთვის, როდესაც დამცირებულია ქართული სახელმწიფო, გამარჯვებულია რუსეთი: სამადაშვილი

51
სალომე სამადაშვილი

ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, სალომე სამადაშვილის განცხადებით, ევროპარლამენტის პოლონელი დეპუტატი ანა ფოტიგა საქართველოში მისი ინიციატივით ჩამოვიდა.

სამადაშვილის თქმით, ვიზიტის მთავარი მიზანი მიხეილ სააკაშვილთან საპატიმროში შეხვედრაა.

მისივე თქმით, იუსტიციის სამინისტროსგან ჯერ არ მიუღიათ პასუხი დელეგაციის სააკაშვილთან შესვლის შესაძლებლობაზე:

“ჩემი ინიციატივით, ანა ფოტიგა და ლიეტუვის სეიმის ორი წევრი ჩამოვიდნენ საქართველოში, რათა მიხეილ სააკაშვილთან საპატიმროში შედგეს შეხვედრა. მთავარი თემა დღეს არის მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის უზრუნველყოფა, მისი უსაფრთხოების უზრუნველყოფა და იმ გამოსავლის მოძებნა, რომელიც არის მის გარშემო. მათ შორის, შიმშილობის პროცესი, რომელიც საფრთხეს უქმნის ორი ადამიანის, მიხეილ სააკაშვილისა და ელენე ხოშტარიას სიცოცხლეს.

ჩემთვის გაუგებარია, რატომ არ გვაქვს ამ წუთამდე მიღებული პასუხი ამ დელეგაციის სააკაშვილთან შესვლის შესაძლებლობის თაობაზე, შესაბამისი ნებართვის გაცემაზე იუსტიციის სამინისტროსგან. მიმაჩნია, რომ ჩვენი ქვეყნის ინტერესებშია, რომ ეს შეხვედრა შედგეს.” – თქვა სამადაშვილმა.

მისივე თქმით, ის მიესალმება სააკაშვილის გადაწყვეტილებას შიმშილობის შეწყვეტასთან დაკავშირებით:

“მივესალმები განცხადებას იმაზე, რომ შეწყვიტოს შიმშილობა. მე მას შევხვდები დღეს საპატიმროში. უბრალოდ, ჩემი სურვილი იყო, მივსულიყავი საპატიმროში ევროპულ დელეგაციასთან ერთად, მაგრამ მათ ჯერ არ აქვთ შესაბამისი ნებართვა და იმედი მაქვს, დღის ბოლოს შევძლებთ რაიმე კონკრეტული შედეგის დადებას იმ მიმართულებით, რომ სააკაშვილის ჯანმრთელობა და სიცოცხლე იყოს უზრუნველყოფილი.

მიუხედავად იმისა, ვის რა დამოკიდებულება აქვს სააკაშვილის მიმართ, ის, რაც ჩვენ გუშინ ვიხილეთ, არის ჩვენი სახელმწიფოს დაკნინება. ეს ყველაფერი, ერთადერთი, ვისაც უხარია, არის ვლადიმერ პუტინი და ვნახეთ, როგორი ჟივილ-ხივილი იყო რუსეთის პროპაგანდისტულ მედიაში. ყოველთვის, როდესაც დამცირებულია ქართული სახელმწიფო, გამარჯვებულია რუსეთი.” – განაცხადა სამადაშვილმა.

შეგახსენებთ, ევროპარლამენტის პოლონელი დეპუტატი ანა ფოტიგა საქართველოში ჩამოვიდა. როგორც ფოტიგა აცხადებს, მისი ჩამოსვლის ერთ-ერთი მიზეზი ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის საპატიმროში მონახულების საკითხია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g