საქართველოს მეოთხე პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა, BBC-ის რუსულენოვან ბიუროსთან ინტერვიუში, განაცხადა, რომ რუსეთისგან ყველა გაქცევას ცდილობს. რუსეთის შესახებ ინტერვიუს რამდენიმე ქვეთავი აქვს დათმობილი.
“ჩვენ აქ ვართ და გვაქვს ძალა”.
მარგველაშვილი ამბობს, რომ დიპლომატიურ ფრონტზე რუსეთი დღეს სერიოზულ პრობლემებს ქმნის.
„მსოფლიო რუკა, რომელიც რუსეთში იბეჭდება, რადიკალურად განსხვავდება იმათგან, რომელიც გამოიცემა აქ თბილისში, ვაშინგტონსა თუ ბრიუსელში. ჩვენ რეგიონის გეოპოლიტიკას სხვადასხვა ფერში ვხედავთ,“ – აცხადებს მარგველაშვილი.
მარგველაშვილის თქმით, საქართველო ამ ასპექტში იმარჯვებს და რუსეთს ფაქტობრივად არ ჰყავს მოკავშირეები, რომლებიც ოკუპირებულ ცხინვალის და აფხაზეთის რეგიონებს აღიარებენ. თუმცა, ის ასევე დასძენს, რომ რუსეთის “რთულ დიპლომატიურ პოლიტიკას” რამდენიმე გამარჯვებაც აქვს.
“რუსეთი მეგობრულ ქვეყნებს ოკუპაციაში ამყოფებს”
საქართველოს მეოთხე პრეზიდენტის თქმით, რუსეთთან დიალოგის დაწყება 2013-2014 წლებში იგეგმებოდა და ეს იყო რეალური შანსი, მაგრამ შემდეგ რუსეთმა შექმნა პრობლემა უკრაინაში და ხელი მოაწერა ე.წ. სტრატეგიულ შეთანხმებებს მის მიერვე ოკუპირებულ რეგიონებთან. ამან ყოველგვარ მოლოდინებს გადააჭარბა.
“ჩვენ ვერ დავიწყეთ საუბარი მთავარ პოლიტიკურ პრობლემებზე, მაგრამ დაიწყო მოლაპარაკებები ისეთ საკითხებზე, როგორიცაა ვაჭრობა, კულტურა და ხალხთა ურთიერთობები.
რუსეთი მეგობრული ქვეყნების ნაწილს ოკუპირებას უკეთებს, ყოველგვარი ლოგიკის გარეშე – ამას არცერთი რუსისთვის კარგი არ მოაქვს, ეკონომიკურ ასპექტშიც კი, ოკუპირებულ რეგიონებში არ არის, არც ნავთობი, არც ბრილიანტები. რა, რუსეთს საკმარისი ტერიტორია არ აქვს? ეს ყველაზე დიდი ქვეყანაა მსოფლიოში. ასე რომ, არ არის არანაირი ლოგიკა. რუსეთი ყოველთვის გამოდის და საუბრობს ძალაუფლების პოზიციიდან. ძალაუფლება კი მისთვის აგრესია და ოკუპაციაა,” – განაცხადა მარგველაშვილმა.
“არავის უნდა რუსეთთან ყოფნა”
მარგველაშვილის განცხადებით, რუსეთი უბრალოდ სჯის თავის მეზობლებს. მისივე თქმით, ამ პოლიტიკამ, რუსეთი იმ წერტილს მიუახლოვა, როდესაც მასთან ყოფნა არავის სურს და ყველა ცდილობს მოსკოვს გაექცეს.
„ჩვენ უნდა ვიყოთ პრინციპულები და რუსეთის აგრესიას ყოველთვის სათანადოდ ვუპასუხოთ. ეს ეხება არა მხოლოდ ქართველებს, არამედ უკრაინელებს და მოლდოველებს, ასევე იმ ქვეყნებსაც, რომელთა ტერიტორიებზე დღეს კონფლიქტი არ არის. აი, არ იყო ადეკვატური რეაქცია 2008 წელს და მივიღეთ უკრაინა. თუ პრინციპულობას არ შევინარჩუნებთ, მაშინ სხვა ცხელ წერტილებს მივიღებთ,“ – აცხადებს მარგველაშვილი ინტერვიუში.
ამავე ინტერვიუში მარგველაშვილი, საქართველოში ჩატარებულ არჩევნებს და ოპოზიციის აქციებს აფასებს. მისი თქმით, საარჩევნო პროცესი საუკეთესო ნამდვილად არ ყოფილა, რადგან იყო დარღვევები, რაც შეეხება მიტინგს, საქართველოს მეოთხე პრეზიდენტი ამბობს, რომ მოთხოვნების მიუხედავად, სიტუაციის გამწვავებას არ ელოდება.
შეგახსენებთ, ამ ინტერვიუმდე, BBC-ის რუსული სამსახურისთვის მიცემულ ინტერვიუში სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ რუსეთთან ასეთ ვითარებაში თანამშრომლობა შეუძლებელია.