საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი გუშინ წილკანში იმყოფებოდა, სადაც არჩილ ტატუნაშვილის ოჯახს მიუსამძიმრა. მისი თქმით, საქართველოს მთავრობა ყველაფერს აკეთებს, რომ ცხედარი უმოკლეს დროში გადმოასვენონ.
“სამძიმარი ვუთხარი ოჯახს. ჩამოვედი და ვუთხარი ინფორმაცია, რა ნაბიჯებს ვდგამთ. ერთი რამ მინდა იცოდეთ, რომ საქართველოს მთავრობა, ხელისუფლება ახორციელებს ყველაფერს, რაც ჩვენს ხელთ არის, ყველა ინსტრუმენტს ვიყენებთ იმისათვის, რომ უმოკლეს დროში იყოს ცხედარი გადმოსვენებული. ერთი რამ უნდა ითქვას, რომ რაც მოხდა, ეს არის უდიდესი ტრაგედია და ეს არის ძალიან ვერაგული ქმედება ქართველი, ოსი და აფხაზი ხალხის წინააღმდეგ.
ყველაფერი არის გამიზნული იმისათვის, რომ ის ნაბიჯები, რომლებსაც ჩვენ ვდგამდით, იყოს დისკრედიტებული. საქართველოს მთავრობა თანმიმდევრულად გააგრძელებს იმ პოლიტიკას, რასაც დღემდე ვახორციელებდით და რისი შედეგიც იქნება ჩვენი ქვეყნის გამთლიანება. ამას წინ ვერაფერი დაუდგება ნამდვილად და დამნაშავეები აუცილებლად დაისჯებიან. ეს არის ჩემი სიტყვა”, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
22 თებერვალს, საოკუპაციო რეჟიმმა საქართველოს 3 მოქალაქე – არჩილ ტატუნაშვილი, ლევან ქუტაშვილი და იოსებ პავლიაშვილი ახალგორში დააკავა. 23 თებერვალს კი გავრცელდა ინფორმაცია, რომ არჩილ ტატუნაშვილი გაურკვეველ ვითარებაში გარდაიცვალა. ოსური მედიის ინფორმაციით კი, არჩილ ტატუნაშვილი ცხინვალის საავადმყოფოში გარდაიცვალა.