LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ყველა მსხვერპლს აქვს იმედი, რომ მოძალადე შეიცვლება, მაგრამ ილუზიაა”

1270
gambedaoba

ყველა მსხვერპლს აქვს იმედი, რომ მოძალადე გამოსწორდება, შეიცვლება, მაგრამ ეს ილუზიაა, ფანტაზიის ნაყოფი“– ამბობს 27 წლის კესანე, რომელიც 15 წლის ასაკში მოიტაცეს და ოჯახის შექმნიდან მალევე, ძალადობის მსხვერპლი ქალების არმიას შეემატა. ფიზიკური, ფსიქიკური, მორალური ძალადობის მსხვერპლი საკუთარი ცხოვრების მაგალითზე, სხვა ქალებს მოუწოდებს – თუ დააკაკუნებ, გაგიღებენ, თუ ილაპარაკებ, აუცილებლად დაგეხმარებიან!“

ქალებისა და გოგოების მიმართ ძალადობა მთელ მსოფლიოში მნიშვნელოვან გამოწვევად რჩება, მათ შორის საქართველოშიც, სადაც ყოველი მეშვიდე ქალი ამბობს, რომ  ძალადობა გამოუცდია, ხოლო, ბავშვობის ასაკში ქორწინება გვხვდება მთელი ქვეყნის მასშტაბით და იგი არ შემოიფარგლება მხოლოდ რომელიმე ეთნიკური ჯგუფით ან ტერიტორიით.

 

  • ბავშვობის ასაკში ქორწინება ყველა კონტინენტზე, ყველა კულტურასა და რელიგიაში გვხვდება.
  • UNFPA-ს მონაცემებით, მსოფლიოში ყოველი მეხუთე გოგო 18 წლამდე ასაკში ქორწინდება.
  • საქართველოში, UNICEF-ის თანახმად, ქალების 14% არის ბავშვობის ასაკში დაქორწინებული.

 

„ბავშვობის ასაკში ქორწინება და ქორწინების იძულება, სადაც არ უნდა ხდებოდეს იგი, ადამიანის უფლებათა დარღვევაა“ – ამბობს ფორტუნასთან საუბრისას უფლებადამცველი, ექსპერტი ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის საკითხებში – გოგა ხატიაშვილი და განმარტავს, რომ საქართველოს კანონმდებლობით, 18 წლამდე ასაკის პირთა ქორწინების რეგისტრაცია დაუშვებელია, ამიტომ ბავშვთან ქორწინება მათთან ფაქტობრივი თანაცხოვრების დაწყებით ხდება, რაც პირთა არარეგისტრირებულ კავშირზე მიუთითებს.

უფლებადამცველი ბავშვობის ასაკში ქორწინების ძირეულ მიზეზებზე ამახვილებს ყურადღებას და მთავარ ფაქტორებად გენდერულ უთანასწორობასა და პარტრიარქალურ ღირებულებებს მიიჩნევს, რასაც ხელს უწყობს გავრცელებული რწმენა იმის შესახებ, რომ გოგოებსა და ბიჭებს არ აქვთ თანაბარი შესაძლებლობები.

 

დაქორწინების შემდეგ, გოგოების და ქალების დიდი ნაწილი ფინანსურად დამოკიდებული ხდება ქმარზე. ამგვარი დამოკიდებულება კიდევ უფრო აადვილებს ქალზე ოჯახში ძალადობას. შესაბამისად, ბავშვობის ასაკში ქორწინება არის ქალებისა და გოგოების უფლებების დარღვევა.

 

– გვიყვება საკუთარ პრაქტიკაზე დაყრდნობით გოგა ხატიაშვილი, რომელმაც მრავალწლიანი გამოცდილება, კონკრეტული მაგალითები, Equality Now-სთან ერთად, სხვა მდუმარე ქალების გასაძლიერებლად ერთ სივრცეში გააერთიანა, „გამბედაობა“ უწოდა და 7 ახალგაზრდა ქალის ისტორია წარმოგვიდგინა. ისინი, დღეს, თავისუფლება მოპოვებული ქალები არიან, რომლებმაც რთული გზის მიუხედავად შეძლეს, თავი დააღწიეს ბავშვობის ასაკში ქორწინებას, ან ქორწინების იძულებას (მათ შორის, მოტაცების გზით) და ამ ფაქტორებით გამოწვეულ ნეგატიურ გავლენებს. ავტორი ამბობს, რომ  წიგნი ეძღვნება ყველას, ვინ გადაწყვეტს, ძალადობაზე ილაპარაკოს.

ყოველწლიურად ბავშვობის ასაკში ქორწინების ასზე მეტი შემთხვევის შესახებ ვიგებთ. საზოგადოებისთვის მათი ისტორიის სრული დეტალები უცნობია, რადგან შემთხვევის მხოლოდ იურიდიული ნიუანსები საჯაროვდება. გოგოებსა და ქალებს არ აქვთ შესაძლებლობა ისაუბრონ თავიანთ ბავშვობაზე, ემოციებზე, მათ ნაცვლად მიღებულ გადაწყვეტილებებსა და იმ სირთულეებზე, რასაც ისინი ძალადობისგან თავის დაღწევის პროცესში აწყდებიან.

 

ასეთ საქმეებზე მუშაობისას გავაცნობიერე, რომ მსხვერპლი ყოველდღე გადის რთულ და მძიმე გზას. შენც ვალდებული ხარ მასთან ერთად ეს გზა გაიარო. ყოველი ახალი საქმის დაწყებისას ან ახალი მსხვერპლის გამოჩენისას ამ გზის გავლას ხელახლა იწყებ.

-ამბობს ავტორი და განმარტავს, რომ წიგნში სხვადასხვა თაობის რამდენიმე ახალგაზრდა ქალის ისტორიას შეხვდებით, რომლებიც ბრძოლის, გამბედაობის, გადარჩენისა და სიმამაცის სიმბოლოდ იქცნენ. მათ გადაწყვიტეს, რომ აღარ იყვნენ უხილავი ქალები და თავიანთი ცხოვრების მოსაყოლად ალაპარაკდნენ. დიდი გამბედაობა და სიძლიერეა საჭირო, რომ საკუთარ თავში იპოვო ძალა, რომელიც ოჯახის წევრებთან, ახლობლებთან და თემთან დასაპირისპირებლად ბრძოლისუნარიანობას შეგმატებს.

 

ისტორიების შესაგროვებლად რამდენიმე დღე ძალადობის მსხვერპლთა თავშესაფარში გავატარე. წარმოსადგენად რთულია, თუ როგორი სახისა და ფორმის ძალადობა გამოსცადეს ამ ქალებმა, მაგრამ ისინი ერთ რამეს არასოდეს კარგავენ – ეს არის მომავლის იმედი და რწმენა.

 

გოგა ხატიაშვილის სიტყვებით: „ამ ისტორიების გამოქვეყნებით მინდა ხმა მივაწვდინო გოგოებსა და ქალებს მთელი საქართველოს მასშტაბით, რომლებიც შესაძლოა ბავშვობის ასაკში ქორწინებისა თუ ძალადობის პრობლემის წინაშე დგანან და გავაგებინო, რომ ისინი არ არიან მარტო და მათ აქვთ უფლებები, რომ ბავშვობის ასაკში ქორწინება იკრძალება კანონით, რაც ზოგჯერ უკავშირდება დანაშაულს და არსებობენ ადამიანები და დაწესებულებები, რომლებსაც მათი დაცვა შეუძლიათ.“

,,ყველა თავად არის თავისი სიცოცხლის მწერალი“ – ეს არის ფრაზა, რომელიც ყოველ ადამიანს დამოუკიდებლობასა და თავისუფლებას ანიჭებს და წიგნის ერთ-ერთი რეალური გმირის, კამელიას ცხოვრების მთავარ კრედოდ იქცა.

 

მოიკრიბე გამბედაობა!

ქალებისა და გოგოების მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ახალი პროექტი დაიწყო

 

magti 5g