LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ყველა მწვავე კითხვას ადეკვატური, დასაბუთებული პასუხი უნდა გაეცეს – პრემიერი “ნამახვანჰესის” ირგვლივ შექმნილ პროტესტს ეხმაურება

66
ირაკლი ღარიბაშვილი

პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი “ნამახვანჰესის” ირგვლივ შექმნილ პროტესტს გამოეხმაურა და შესაბამისი დარგის მინისტრებს რიონის ხეობაში ჩასვლა და მოსახლეობასთან უშუალო კომუნიკაცია დაავალა. მისი თქმით, ასევე მნიშვნელოვანია აღნიშნულ თემაზე საპარლამენტო მოსმენები გაიმართოს, სადაც ყველა დაინტერესებული პირი იქნება ჩართული და მწვავე კითხვებს პასუხები გაეცემა.

“მინდა გამოვეხმაურო “ნამახვანჰესის” მიმართ მოსახლეობის წუხილს. წუხილს, რომელიც ჩვენს საზოგადოებაში გაჩნდა. ბუნებრივია, კითხვები არსებობს და  რა თქმა უნდა, ყველა კითხვას დასაბუთებული, პროფესიონალური პასუხი უნდა გაეცეს. ვფიქრობ აუცილებელია, მოსახლეობაში გაჩენილ ამ კითხვებს პასუხი, უშუალოდ მინისტრების მხრიდანაც გაეცეს, ამიტომ მინდა ვთხოვო ქალბატონ თურნავასა და ბატონ დავითაშვილს – პირადად ჩახვიდეთ ადგილზე, მაგალითად ხვალ. ჩახვიდეთ და მოსახლეობასთან უშუალო კომუნიკაცია დაიწყოთ. პირადად გაესაუბრეთ და აუხსენით თუ რასთან დაკავშირებით აქვთ წუხილი.

“ასევე, მინდა ვთხოვო ჩვენს მინისტრებს, რომ შესაბამისი საკომიტეტეო მოსმენები გამართონ. პარლამენტშიც შეიძლება, ამ საკითხის ირგვლივ დაინტერსებული პირების მონაწილეობით გაიმართოს აღნიშნული მოსმენები, რომ ყველა ცხარე კითხვას პასუხი გაეცეს. ყველას კარგად მოგვეხსენება, რომ ჩვენი ქვეყნისთვის ენერგოეფექტურობა და დამოუკიდებლობა ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია და რა თქმა უნდა, ამ გამოწვევას ადეკვატურად უნდა ვუპასუხოთ, “- განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

 

<
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები