6 დეკემბერს რადიო “ფორტუნას” და გვანცა ლაღიძის გადაცემას “წარმატების ფორმულა” გაეროს განვითარების პროგრამის ადამიანის უფლებების გენდერული თანასწორობის და სოციალური ინკლუზიის მიმართულების ხელმძღვანელი ლელა აქიაშვილი სტუმრობდა, რომელმაც საკუთარ საქმიანობაზე ისაუბრა და წარმატების ფორმულა გაუმხილა მსმენელს.
– ლელა, როდის გაგიჩნდათ ინტერესი ადამიანის უფლებების დაცვის მიმართ?
– ალბათ ბავშვობაში, რადგან უმცროსი და-ძმის პატრონი ვარ, ამიტომ ადრეული ასაკიდანვე მიწევდა სხვაზე ზრუნვა, სკოლაში კი, სამართლიანობის დაცვის მოთხოვნილება გამიჩნდა.
– ძალიან ინტენსიურად თანამშრომლობთ ახალგაზრდებთან. საინტერესოა, რამდენად ემთხვევა დღევანდელი შეხედულებები და ფასეულობები ძველ ფასეულობებს?
– მართლაც ძალიან აქტიურად ვმუშაობ ახალგაზრდებთან და თამამად შემიძლია ვთქვა, რომ მათ ბევრად მეტი ცოდნა, ინფორმაცია აქვთ და ბევრად გაცნობიერებული არიან ადამიანთა უფლებების სფეროში. ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ბევრად სწრაფად მოახერხეს საკუთარი თავის პოვნა, ვიდრე ჩვენ მათ ასაკში.
– რა აინტერესებთ ახალგაზრდებს ყველაზე მეტად?
– დღევანდელ ახალგაზრდობას მუდმივად აქტიურობის და ახალი შესაძლებლობების მოსინჯვის მოთხოვნილება აქვს. ვფიქრობ, სწორედ ჩვენი მოვალეობაა ვაჩვენოთ სწორი გზა, დანარჩენს კი, თვითონ მოახერხებენ, რადგან მათი პოტენციალი მართლაც შეუზღუდავია.
– რამდენიმე დღეში ადამიანთა უფლებების კვირეული აიღებს სტარტს. კონკრეტულად რა ღონისძიებების გამართვას გეგმავთ?
– 10 დეკემბერს მართლაც ადამიანის უფლებათა საერთაშორისო დღე აღინიშნება და სწორედ მას ეძღვნება კვირეული, რომელიც UNDP-ის ინიციატივით იმართება ყოველ წელს. რა თქმა უნდა, ტრადიციას არც წელს ვუღალატებთ და ისევ უამრავ საინტერესო ღონისძიებას შევთავაზებთ საზოგადოებას ევროკავშირის, შვედეთის საელჩოს და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციების მონაწილეობით.
– რას თვლით გაეროს განვითარების ფონდის მთავარი გამოწვევად დღეს?
– მართალია, ძალიან ბევრი მიმართულებით ვმუშაობთ, მაგრამ არსებული რეალობიდან გამომდინარე მთავარ გამოწვევად მაინც კოვიდი მიგვაჩნია, რადგან პანდემიამ რადიკალურად შეცვალა ყველას ცხოვრების წესი. დღეს ჩვენი მთავარი ამოცანა სწორედ იმ გავლენის კვლევაა, რომელიც სხვადასხვა სოციალურმა ჯგუფმა განიცადა.
– როგორ აისახა პანდემია პირადად თქვენს ცხოვრებაზე?
– საბედნიეროდ, არ მომიწია სახლში ყოფნა და დისტანციური მუშაობა, რადგან ჯერ პრემიერის მრჩეველი ვიყავი ადამიანების უფლებების დაცვის სფეროში და 24-საათიან მუშაობაში ვიყავი ჩაბმული, მერე, UNDP-ის დავუბრუნდი, სადაც ისეთივე აქტიური რეჟიმი დამხვდა.
– რა ტიპის საზოგადოების შექმნაა საჭირო მშვიდი და დაბალანსებული ცხოვრების მისაღწევად?
– ვფიქრობ, მთავარი თანასწორობაზე დაფუძნებული საზოგადოების შექმნაა საჭირო, როცა ყველა ადამიანს ერთნაირად ექნება იმ სარგებლის მიღების საშუალება, რომელსაც ქვეყანა სთავაზობს. არანაკლებ მნიშვნელოვანია პერსონალური ტოლერანტობის და ემპათიის შეგრძნება, რადგან სწორედ ის საზოგადოება შეიძლება ჩაითვალოს სრულყოფილად, რომლის წევრების არასდროს განსჯიან, ყოველთვის მხარს უჭერენ და თანაუგრძნობენ ერთმანეთს.
– რა გამოცდილება შეიძინეთ ამერიკაში სწავლისას და რატომ გადაწყვიტეთ საზღვარგარეთ შეძენილი ცოდნის საქართველოში ინვესტირება?
– საზღვარგარეთ ცხოვრება მეტწილად სტერეოტიპების დამსხვრევაში, თვალსაწიერის გაფართოებასა და იმ საზღვრების დაძლევაში დამეხმარა, რომლებითაც მანამდე ვიყავი შეზღუდული. თავიდანვე დარწმუნებული ვიყავი, რომ სწავლის დასრულების შემდეგ საქართველოში დავბრუნდებოდი, რადგან სამშობლოში ადამიანი ყოველთვის ბევრად ძლიერად გრძნობს თავს და ბევრად მეტის გაკეთების მოტივაცია აქვს.
– ხშირად მოგზაურობთ საზღვარგარეთ და ურთიერთობთ უცხოელ პარტნიორებთან. რამდენად მნიშვნელოვანია ეტიკეტის დაცვა?
– ყველა ქვეყანას თავის ტრადიციები, შესაბამისად ეტიკეტი აქვს, თუმცა ღიმილი უნივერსალური მეთოდია ადამიანების კეთილგანწყობის მოსაპოვებლად. სხვათა შორის, ზოგჯერ ეტიკეტის დარღვევაც სასარგებლოა. ძალიან მინდოდა ამერიკის ყოფილი პრეზიდენტის – უფროსი ჯორჯ ბუშის მეუღლესთან გასაუბრება, რომელიც ჩვენი უნივერსიტეტის ტერიტორიაზე სეირნობდა, ამიტომ ყველა წესზე უარი ვთქვი და ძალიან კმაყოფილი დავრჩი, რადგან დიდხანს ვისაუბრეთ და აღმოვაჩინე, რომ ქალბატონი ბარბარა საკმაოდ კარგად იცნობდა საქართველოს.
– რა მთავარი თვისებით ირჩევთ პარტნიორს?
– ჩემთვის მთავარი ადამიანის გულახდილობა, საქმესა და შედეგზე ორიენტირებაა.
– რამდენად მნიშვნელოვანია საქმის წარმატებისთვის ერთიან გუნდად მუშაობა?
– რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია. პირადად მე ძალიან ვაფასებ ადამიანებს, რომლებიც ენთუზიაზმით და ყოველთვის მონდომებით მუშაობენ.
– რამდენად სწრაფად იღებთ გადაწყვეტილებას?
– გადაწყვეტილებას ყოველთვის მარტივად და სწრაფად ვიღებ.
ბლიცკითხვები –
– გაქვთ თუ არა ჰობი?
– ძალიან მიყვარს სირბილი.
– ვის თვლით საუკეთესო მრჩევლად?
– მეუღლეს.
– ფრაზა, რომელსაც ხშირად მიმართავთ დღის მანძილზე?
– “არა უშავს, მოვაგვარებთ!”
– ფრაზა, რომლითაც საკუთარ თავს ამხნევებთ?
– “შენ ეს შეგიძლია!”
– კერძი, რომელსაც ყველაზე გემრიელად აკეთებთ?
– ვეგეტარიანელი ვარ, ამიტომ ყველაზე კარგად სალათების კეთება გამომდის.
– დღესასწაული, რომელიც ყველაზე მეტად გიყვართ?
– ახალი წელი.
– პროექტი, რომლითაც ყველაზე მეტად ამაყობთ?
– ძალიან ვამაყობ ჩემი მეუღლით.
– რას თვლით თქვენს მთავარ მიზნად?
– თანასწორი საზოგადოების შექმნა ჯერ ჩემს ქვეყანაში, მერე მთელ მსოფლიოში.
– რაზე ფიქრობთ ახლა?
– თქვენთან შემდეგ შეხვედრაზე.
– როგორია თქვენი წარმატების ფორმულა?
– სწორედ ამ თემაზე ვსაუბრობდი ახალგაზრდებთან ცოტა ხნის წინ და ზუსტად მათთან ვთქვი, რომ დროებითი წარუმატებლობა არასდროს არ უნდა ვაქციოთ ტრაგედიად, რადგან მარცხიც წარმატების ნაწილია.