LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ყველა საქმე თქვენი ომია, რომელიც მხოლოდ თქვენ შეგიძლიათ მოიგოთ“ – ბიზნესმენის ისტორია

1621
alxanaidze2010

რუბრიკის „ბიზნესმენის ისტორიის“ სტუმარია „ლუდი ალხანაიძის“ დამფუძნებელი გია ალხანაიძე.

როგორ დაიწყო თქვენი ბიზნესი?

ჩემს საქმიანობას უფრო იმ საქმის სიყვარულს დავარქმევდი, რითაც თითქმის მთელი ჩემი შეგნებული ცხოვრება ვარ დაკავებული და დიდი ხალისით და ერთგულებით ვემსახურები.

ყველაფერი ძალიან პატარა ასაკიდან დაიწყო, საქართველოს ულამაზეს კუთხეში „ბუნების პატარძლად“ წოდებულ თუშეთში, კერძოდ, პირიქითის ხეობის ულამაზეს და მიუვალ სოფელ დანოში. იქ პირველად ვნახე, როგორ იხარშებოდა ლუდი, ვნახე – ვგულისხმობ არა მხოლოდ ტექნოლოგიურ პროცესს, არამედ ემოციურსაც.

მოგეხსენებათ, ლუდი ქართველ მთიელი ტომების საკულტო სარიტუალო სასმელია და მას სახატო დღეობებში დიდი მოწიწებით და პასუხისმგებლობით ხარშავენ (ასე იყო მაშინ). უკვე მოგვიანებით, 18-19 წლის ვიქნებოდი როცა კიდევ ერთხელ მხვდა წილად ამ პროცესზე არა მარტო დასწრება არამედ გარკვეულწილად პასუხისმგებლობის აღება ლუდის ხარშვაზე და ალბათ მაშინ „მოვიწამლე“.

იმ პერიოდში ქვეყანაში ძალიან რთული ეკონომიკური და სოციალური მდგომარეობა იყო, 90-იან წლებს ვგულისხმობ, პრაქტიკულად ჩამოშლილი იყო ქვეყნის საგანმანათლებლო სისტემა, არ იყო დენი, გაზი, აღარ არსებობდა წარმოება, სწორედ მაშინ გადავწვიტე ლუდის მოხარშვა.

ალბათ წარმოგიდგენიათ ჩემ გარშემო მყოფთა რეაქცია. ძირითადად სარკაზმის ობიექტი ვიყავი, რაც უფრო მოტივირებულს მხდიდა. მართლაც ბევრი დრო დამჭირდა პირველი პროდუქტის მისაღებად, დაახლოებით 18 წელი… რატომ ასე ბევრი? თუ იმ პერიოდს გავიხსენებთ, არ არსებობდა არანაირი სტაბილური ენერგო მატარებელი ამას დავამატოთ ინფორმაციისა და განათლების მიღების შეუძლბლობა, არც ინტერნეტი, არც სოცქსელები. ინფორმაციის ვაკუუმი. არც ნედლეული იყო ბაზარზე და ეხლა რომ ვუფიქრდები მაშინდელი ჩემი „აკვიატება“ მართლაც ფანტაზიის სფეროდან იყო, თანაც ფინანსები ნული.

დღესდღეობით როცა განვლილ გზას ვიხსენებ ხშირად მესმის, „შენც რამდენი იწვალე“, მაგრამ შემიძლია ხმამაღლა განვაცხადო: „შეიძლება გარედან მართლაც ასე ჩანდა და ჩანს, მაგრამ როდესაც საქმე გიყვარს, თუ ცოტაოდენი სურვილი გაქვს გამარჯვების, მაშინ საქმე „საწვალებელი“ არ იქნება.

ბიზნესი დღეს…

არასოდეს მქონია ბიზნეს გეგმა, არასოდეს მივსულვარ დღევანდელ პარტნიორებთან ჩემი პროდუქციის შესათავაზებლად. ზოგადად მარკეტინგული ნაბიჯები ჩემი არ არის, ალბათ უმარკეტინგობაა ჩემი მარკეტინგი.

მიუხედავად ყველაფრისა ყოველწლიურად იზრდება ჩვენი წარმოება, პროდუქციის „არსენალი“. ჩემი მიმართულება საინტერესო ლუდის შექმნაა და მისი მიწოდება საინტერესო მომხმარებელთან. რაც შეეხება შემოსავალს – ეს უფრო ჯილდოა ჩვენი შესრულებული სამუშაოსი.

დღეისათვის, შეიძლება ითქვას, რომ ნამდვილად კომპანიას წარმოვადგენთ რაც მოიცავს ლუდის საწარმოს „ალხანაიძე“, ლუდის საფირმო მაღაზიათა ქსელს, სადისტრიბუციო სისტემას, სარესტორნე ბიზნესს და ჩვენი ბოლო სიამაყე, დიდი ხნის ოცნება, ლუდის ბაღი „აფსაიტი“, სადაც ჩვენს სტუმრებს მრავალი სტილისა და სახეობის ლუდთან ერთად გასტრონომიულ პროდუქციასაც ვთავაზობთ.

იმედი გვაქვს მომავლის და არ გვეშინია არანაირი გამოწვევების, პირიქით ყოველი ახალი გამოწვევა რაც უფრო რთულია მით უფრო საინტერესოს ხდის ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებას.

რჩევები…

ხშირად მეკითხებიან ახალგაზრდები ღირს თუ არა ამა თუ იმ ბიზნესის წამოწყება, ან რა უფრო „ამართლებს“?

მინდა ყველას ვურჩიო, ასეთი მიდგომა ჩანასახშივე განწირულია დიდი წარმატებისათვის, ან უნდა შევეგუოთ, რომ წარმატება იქნება დროებითი. არ გეყოფათ „დენთი“ წარმოქმნილი სიძნელეების გადასალახად და დასაძლევად, ასეთები კი აჩრდილივით სულ თან დასდევს ბიზნესს. უნდა გახსოვდეთ, რომ სწორედ სირთულეების დაძლევას გაყავხარ წარმატების შემდეგ საფეხურზე, რომელიც გარკვეული დროის შემდეგ ისევ წინ გხვდებათ და სწორედ აქ იჩენს ხოლმე თავს  ის წარმატება თუ წარუმატებლობა, რომელსაც ზუსტად ის სიყვარული სჭირდება, რაზეც თავში ვსაუბრობდი. ყველა საქმე, დიდი თუ პატარა თქვენი ცხოვრების გამოწვევაა, თქვენი ომია, რომელიც მხოლოდ თქვენ შეგიძლიათ მოიგოთ. ბრძოლის იარაღებად კი საჭიროა სიყვარული, სიღრმისეული ცოდნა, შეუპოვრობა, გამარჯვების წყურვილი და იმედი. დაუთმეთ თქვენი დრო და ენერგია თქვენ საყვარელ საქმეს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები