“ამ ქვეყნის ყველა სფეროს სჭირდება ახალი ელიტები, ყველგან, კულტურაში, ეკონომიკაში, განათლებაში, სპორტში და ეს ხართ თქვენ”, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ეროვნულ მუზეუმში განაცხადა, სადაც მთავრობის მეთაური და საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი კორონავირუსის პანდემიის პერიოდში სახელმწიფოს ორგანიზებით საქართველოში დაბრუნებულ მოქალაქეებს ხვდებიან.
„ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ მოზრდილი თაობა შევინარჩუნოთ აქ, რომ რა გამოცდილებაც მიიღეს იქ, მოახმარონ ქვეყანას და ახალგაზრდები გაგიშვათ იქ, რომ მიიღოთ კარგი განათლება და დაგვიბრუნდეთ, რაც შეიძლება სწრაფად. ეს არის ჩვენი ძირითადი ამოცანა“, – აღნიშნა გახარიამ.
პრემიერი აცხადებს, რომ კორონავირუსის გამოწვევა ყველასთვის მოულოდნელი, ზოგ შემთხვევაში კი შოკისმომგვრელიც იყო.
„ხშირ შემთხვევაში ეს ყველაფერი იმართებოდა მანუალურად. არანაირი გამოცდილება, არანაირი მაგალითის ძალა და ამას, რა თქმა უნდა, ყველაფერთან ერთად დიდი პასუხისმგებლობა მოყვებოდა, მით უმეტეს, როდესაც პატარა ქვეყანა ხარ, როდესაც რესურსები შეზღუდული გაქვს, თითოეულ ლარს ითვლი, რა თქმა უნდა, აქ გადაწყვეტილების მიღება საკმაოდ რთული იყო. ბატონი დავით ზალკალიანი მუდმივად აყენებდა ამ საკითხს, რომ ჩვემ მაქსიმალურად სწრაფად უნდა მოვახერხოთ ჩვენი მოქალაქეების გამოყვანა“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.
გახარიას თქმით, შექმნილ ვითარებაში, უცხოეთიდან საკუთარი ქვეყნის მოქალაქეების ჩამოყვანა, ყველა ნორმალური სახელმწიფოს ვალდებულებაა.
„ამაში არ არის ახლა რაღაც გმირობის ტოლფასი საქციელი, ეს არის ყველა ნორმალური სახელმწიფოს ვალდებულება, დამოკიდებულება თავისი მოქალაქეებისადმი. ჩვენ რაც შევძელით, ის გავაკეთეთ. ვცდილობდით, მაქსიმალურად მივსულიყავით თითოეულ კონკრეტულ შემთხვევამდე, რასაც, რა თქმა უნდა, აკეთებდა პირველ როგში საგარეო საქმეთა სამინისტრო, მთლიანად დიპლომატიურ კორპუსს მინდა მადლობა ვუთხრა, რადგან მე ნანახი მაქვს ჩანაწერები, რა ხდებოდა ზოგიერთი ქვეყნის საელჩოსთან. უბრალოდ ეს უკიდურესად ემოციური იყო, ეს ყველაფერი მძიმე იყო“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.
გახარიას თქმით, ჯერ კიდევ ბევრი ქართველია საზღვარგარეთ, რომელსაც დახმარება სჭირდება.
„არ უნდა გვქონდეს იმის შეგრძნება, რომ ეს ყველაფერი დასრულდა. ჯერ კიდევ ბევრი ქართველია საზღვარგარეთ, რომელსაც უჭირს. რა თქმა უნდა, ნაბიჯ-ნაბიჯ, ნელ-ნელა ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რათა ეს ხალხი, ვისაც სურვილი აქვს, ჩვენ დავაბრუნოთ სამშობლოში. თუმცა ყველაზე დიდი ამოცანაა, რომ ამ ხალხს სამშობლოში ღირსეული შრომისა და არსებობის პირობები შევუქმნათ. კიდევ ერთხელ ვამბობ, არაფერს ვამბობ ახალგაზრდებზე. ახალგაზრდებმა უნდა იარონ, ისწავლონ, უნდა ნახონ, ჩამოიტანონ გამოცდილება. თუმცა, ალბათ უკეთესი იქნება, რომ ჩვენს ქვეყანას ვემსახურებოდეთ აქ. ამიტომ, ეს ჩვენი, ყველას საერთო ამოცანაა. ეს ეპიდემიაც უნდა გადავლახოთ, აქაც უნდა გავიმარჯვოთ და ყველაზე დიდ გამარჯვებას უნდა მივაღწიოთ, რა თქმა უნდა, ეკონომიკურ ფრონტზე. აქ ერთობლივად უნდა ვიშრომოთ“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.