LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ყველა სფეროში ხანძარია – სიღარიბე, პანდემია, კარსმომდგარი ზამთარი, უიმედობა და ნიჰილიზმი – მართლა ლინჩიანური რეალობაა : სალომე ასათიანი

234
სალომე ასათიანი

ჟურნალისტი სალომე ასათიანი ქვეყენაში არსებულ ვითარებას სოციალურ ქსელში ეხმიანება და წერს,რომ „ყველა სფეროში ხანძარია“. მისივე თქმით, ის, რასაც პოლიტიკას ვუწოდებთ, რეალურად რამდენიმე ჯგუფის ერთმანეთში ძალაუფლებისთვის ბრძოლაა და არაფერი აქვს საერთო რეალურ პოლიტიკასთან.

მისივე განმარტებით, „ფანტომების“ სამყაროში ვიმყოფებით, რადგან „მთავრობა არ გვყავს, ვისაც ეკრანებზე ვხედავთ მოჩვენებები/ლანდები არიან, რომლებიც, ძალაუფლების რეალური „ღერძი“ თუ გადაწყვეტს, უცებ გაქრებიან.

„წეღან ვფიქრობდი, ასე მკაფიოდ და თან ასე შემაშინებლად, აი მართლა დამზაფვრელად მგონი არასოდეს გამოჩენილა ჩვენი პოლიტიკის პოლიტიკისგან სრული დაცლილობა და გამოშიგნულობა. ის, რომ რასაც პოლიტიკას ვუწოდებთ რეალურად რამდენიმე ჯგუფის ერთმანეთში ძალაუფლებისთვის ბრძოლაა და არაფერი აქვს საერთო რეალურ პოლიტიკასთან. თან რაღაც ფანტომების სამყაროში ვართ, ხელისუფლება – უფრო სწორად “მთავრობა” – არ გვყავს, ვისაც ეკრანებზე ვხედავთ მოჩვენებები არიან თუ რაღაც ლანდები, რომლებიც, ძალაუფლების რეალური “ღერძი” თუ გადაწყვეტს, უცებ ისე გაქრებიან, თითქოს არც ყოფილან რეალურად, თავის პრემიერიანად. მეორე მხარეს ხომ საერთოდ ფანტასმაგორიული სამყაროა, თითქმის ოცი წლის წინანდელი რეალობა, რომელიც დიდი ხანია აღარ არსებობს მაგრამ ეს ხალხი მაინც ვერა და ვერ გამოდის ამ რაღაც სხვა განზომილებიდან, რევოლუციური რეალობიდან, რომელშიც მასები უნდა აიზვირთნონ და “დიდი მოდერნიზატორი” სააკაშვილი უნდა გამოიხსნან ტყვეობიდან. დანარჩენები – “პატარა” ძალები და პარტიები – ამ ორ განზომილებას შორის არიან გაჩხერილები და პოლიტიკური თემების ნაცვლად დიდი-დიდი ის გვითხრან, რომ ეს გაჩხერილობა ცუდია. არადა ხანძარია უკვე, ყველა სფეროში. სიღარიბე, პანდემია, კარსმომდგარი ზამთარი, უიმედობა და ნიჰილიზმი. მართლა ლინჩიანური რეალობაა და ბოლოც არ უჩანს. განზომილებების, რეალობების, ფანტომების აღრევა, სადღაც ბინდბუნდში მოქმედი ძალაუფლების მქონე კაცები და ამ ყველაფრის უკან დიდი დახშულობა და გამოუვალი ვითარების განცდა“, – წერს სალომე ასათიანი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები