ყველა წინაპირობა გვაქვს, რომ 2021 წელი ზრდის და აღდგენის წელი იყოს, – ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრი აცხადებს.
ნათია თურნავა, 2020 წელს საქართველოს ეკონომიკის 6.1%-იან შემცირებასაც ეხმაურება და ამბობს, რომ „ეს საკმაოდ მძიმე მაჩვენებელია, თუმცა ესაა მსოფლიო ტრენდის ნაწილი“. როგორც მინისტრმა განმარტა, გასულ წელს ქვეყნის ეკონომიკის პროგნოზირებულზე მეტად შემცირება ეპიდემიამ განაპირობა.
„ბოლო კვარტლის ვითარებამ, კერძოდ, მეორე ტალღამ, ისევე როგორც ჩვენს რეგიონს, ევროკავშირს, საქართველოს ეკონომიკასაც თავისი დაღი დაასვა და საბოლოო ჯამში, შედეგი იმაზე უფრო მძიმეა, ვიდრე თავიდან ვპროგნოზირებდით და ეს არის ეპიდემიის გავლენით. მთავრობის გეგმაზომიერი ნაბიჯები, საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებები იმასთან დაკავშირებით, რომ ნოემბრის ბოლოს მივიღეთ პრევენციული ზომები და წერტილოვანი შეზღუდვები დავაწესეთ, რომელთა ეტაპობრივი შემსუბუქება ახლა ხდება, იყო აბსოლუტურად ადეკვატური და ხედავთ, რომ ეკონომიკაში ვითარება პანდემიიდან გამომდინარე, არც თუ ისე სახარბიელო გვაქვს, თუმცა საერთაშორისო ტრენდიდან, საფინანსო ორგანიზაციების პროგნოზებიდან, ყველა წინაპირობა გვაქვს, რომ 2021 წელი ზრდის და აღდგენის წელი იყოს“, – აღნიშნა ნათია თურნავამ.