LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ყველაფერი სოფი ლორენის თბილისური ვიზიტის შესახებ

105

ნინო სურგულაძის საქველმოქმედო ფონდი „ნატვრის ხე“ თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში გრანდიოზულ ღონისძიებას წარმოადგენს. 15, 17 და 18 ივნისს შედგება ახალი სპექტაკლის პრემიერა, რომელსაც მთლიანად იტალიური სადადგმო ჯგუფი განახორციელებს ნინო სურგულაძის, ნინო ანანიაშვილისა და თბილისის ოპერის საბალეტო დასის მონაწილეობით. 15 ივნისის პრემიერას იტალიელი კინოვარსკვლავი სოფი ლორენი დაესწრება, სპექტაკლს კი მისი ვაჟი, კარლო პონტი უმცროსი უდირიჟორებს.

ცნობილი მეცო-სოპრანო და ფონდის დამფუძნებელი, ნინო სურგულაძე დაგეგმილი ღონისძიების დეტალებზე რადიო „ფორტუნას“ საიტს ექსკლუზიურად ესაუბრა.

ნინო:

დირიჟორი კარლო პონტი უმცროსი იანვარში, ჩვენი ფონდის მიერ ჩატარებული ღონისძიების მონაწილე გახლდათ. სწორედ აქ ყოფნისას გაუჩნდა იდეა, რომ კიდევ უფრო მასშტაბური ღონისძიება გაგვეკეთებინა ბავშვების დასახმარებლად. გადაწყდა, რომ ჟან კოქტოს ნაწარმოების, „ადამიანის ხმა“ მიხედვით დადგმული ოპერა და ფელინის „სტრადა“ გაგვეერთიანებინა ერთ სპექტაკლში, რომლის პრემიერაც 15, 17 და 18 ივნისს თბილისის ოპერისა და და ბალეტის თეატრში შედგება. 15 ივნისის პრემიერას იტალიელი კინოვარსკვლავი სოფი ლორენი დაესწრება.

მე მას 2007 წელს შევხვდი იტალიაში, ერთ-ერთი ფესტივალზე. პირველ რიგში იჯდა და ჩემს გამოსვლას უსმენდა. კარლო პონტი დირიჟორი გახლდათ. მოგვიანებით დედა გამაცნო. სხვათა შორის, მისგან რჩევები მივიღე, მითხრა, ლამაზი ხარ და ნიჭიერი და ძალიან რთული გზა გექნებაო… ასეთი გამოცდილი ადამიანისგან ნათქვამი სიტყვები განსაკუთრებულად დამამახსოვრდა.

სულ მინდოდა მისი საქართველოში ჩამოყვანა, მაგრამ აქამდე ვერ ხერხდებოდა. იანვარში თბილისიდან იტალიაში დაბრუნებულმა კარლომ დედას დაურეკა და ჩვენი იდეა გააცნო. მოუყვა მას საქართველოს, თბილი დახვედრის, სავსე დარბაზის შესახებ… სოფიას ამ მონათხრობზე გული აუჩუყდა და სიამოვნებით დათანხმდა საქველმოქმედო მიზნით თბილისში ვიზიტს.

მიხარია, რომ მას ექნება საშუალება, გაიცნოს საქართველო, ქართველი ხალხი და მიიღოს მონაწილეობა იმ პროექტში, რომელიც ჩვენი პატარა ბენეფიციარების მკურნალობისთვის საჭირო თანხის შეგროვებას ისახავს მიზნად. მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენი ფონდი სოციალურად დაუცველ პატარებს ეხმარება, რომელთაც გადაუდებელი ოპერაციები სჭირდებათ. ჩვენ მუდმივი შემოსავალი არ გვაქვს და სწორედ ასეთ ღონისძიებებზე ვართ დამოკიდებული. მაქვს საზოგადოების იმედი, რომ შეიძენენ ბილეთებს და დაესწრებიან იმ წარმოდგენას, რომელიც თავისი არსით უპრეცედენტო იქნება… გარდა ამისა, კიდევ ერთხელ შეგახსენებთ „ნატვრის ხის“ ნომერს, სადაც ნებისმიერ დროს შეგიძლიათ დარეკვა: 09 01 900 999.

აქვე მინდა, დიდი მადლობა გადავუხადო ჩვენს გენერალურ პარტნიორს, კომპანია „სოკარს“, რომელიც მუდმივად უდგას გვერდში ფონდს.

ნინო, ცნობილია, რომ იტალიური სადადგმო ჯგუფი ჩამოგყავს…

დიახ, ისინი 30 მაისს თბილისში იქნებიან. რეჟისორი იქნება მარკო განდინი, რომელიც ხშირად თანამშრომლობდა ფრანკო ძეფირელისთან. ქორეოგრაფი – ლუკა სტიალონი, „სტრადასთვის“ ის ახლებურ ქორეოგრაფიას შექმნის და ვფიქრობ, მაყურებლისთვის ძალიან საინტერესო იქნება… სიმონა მორეზი კოსტიუმების მხატვარია და ის ასევე შედის სასადგმო ჯგუფში. რეჟისორი უკვე სტუმრობდა თბილისს და 30-ში უკვე ორი კვირით ჩამოვა.

ვფიქრობ, საგულისხმოა, რომ სპექტაკლის პრემიერას სოფი ლორენი დაესწრება. ის არა მხოლოდ ძალიან დიდი არტისტი და მსოფლიოში ცნობილი ფიგურაა, არამედ ძლიერი ქალი. სპექტაკლი ხომ ორი ქალის ბედს აერთიანებს…

ნინო მურღულია

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები