რეგიონული განვითარებისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარის, სოზარ სუბარის განცხადებით, პრემიერ-მინისტრის დღევანდელ ანგარიშში ყველა აქტუალურ საკითხზე დეტალური პასუხია გაცემული.
მისი თქმით, სასამართლო რეფორმა არის უმთავრესი საკითხი და ხელისუფლების მთავარი მიზანია, ქვეყანაში იყოს სამართლიანი და დამოუკიდებელი სასამართლო.
„პრემიერ-მინისტრის მოხსენებაში 4 ძირითადი მიმართულება არის მიმოხილული, ეს არის ეკონომიკა, ჯანდაცვა, ადამიანის უფლებები, ქვეყნების დემოკრატიული განვითარება. მგონია, რომ ყველაფერზე ძალიან დეტალური პასუხია გაცემული, მათ შორის ოპოზიცია დიდი ხანია სვამს კითხვებს, რაში გაიხარჯა 3 მილიარდი, რომელიც ჩვენ ავიღეთ. ანგარიშში დეტალურად არის გაწერილი, თუ რაში დაიხარჯა. აქ არის ჯანდაცვის ხარჯებიც, სოციალური დახმარებები, რომელიც ჩვენმა მოქალაქეებმა მიიღეს და ეკონომიკის გაჯანსაღებისკენ მიმართული თანხა, რომელიც დეტალურად არის გაწერილი. მეორე, ძალიან მნიშვნელოვანი პასაჯი არის ეკონომიკის გაჯანსაღების ტენდენციები, მათ შორის ის 45%-იანი ზრდა, რომელიც აპრილში იყო“, – განაცხადა სუბარმა.
დღეს პარლამენტი პრემიერ-მინისტრის სამთავრობო პროგრამის შესრულების მიმდინარეობის შესახებ ღარიბაშვილის მოხსენებას მოუსმენს.
მთავრობის ხელმძღვანელს ოპოზიცია პანდემიის მართვის და ეკონომიკური მდგომარეობის შესახებ მოსთხოვს ახსნა-განამრტებებს. შეკითხვების ჩამონათვალშია ოკუპაცია და დეფაქტო რეჟიმის მიერ დაკავებული საქართველოს მოქლაქეების გათავისუფლების საკითხი.