დაჭრილი პატიმრის ოჯახის წევრები ისრაელში სამკურნალოდ მის გადაყვანას ითხოვენ. როგორც პატიმრის დედამ განაცხადა, დაჭრილის მდგომარეობა მძიმეა.
„არაფერი შეცვლილა ზუსტად იგივე მდგომარეობაა. გვაქვს ინფორმაცია, რომ შეიძლება მისი გადარჩენა, არის შანსი, რომ ისრაელში გადავიყვანო ბავშვი.
ყველას ვთხოვ, ვისი ბრალიც არის, ვისიც არ არის, ვისაც ეხება სასჯელაღსრულება, ვთხოვ მომეხმარონ და გადამაყვანინო, გადამარჩენინონ ბავშვი.გვინდა მისი ისრაელში გადაყვანა“, – განაცხადა დაჭრილი პატიმრის დედამ.
პატიმრის ჯანმრთელობის დაზიანების ფაქტთან დაკავშირებით საქმის გამოძიება დაიწყო სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა. პირველადი მოკვლევით უწყება ამბობს, რომ ახალგაზრდა კაცმა თვითდაზიანება მიიყენა.
როგორც უწყებაში განმარტავენ, სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მიერ დათვალიერდა შემთხვევის ადგილი, აღებული იქნა შემდგომი კვლევისათვის საჭირო ნიმუშები, მიმდინარეობს სამართალდამცველების გამოკითხვა, ასევე მოპოვებული იქნა გამოძიების მიერ ინციდენტის ამსახველი ვიდეო ჩანაწერები.