რევმატული დაავადებები პაციენტების ცხოვრების ხარისხს მნიშვნელოვნად აუარესებენ. მათთვის დამახასიათებელი ნიშნები, მათ შორის, სახსრების ტკივილი და დეფორმაცია, შებოჭილობა, გადაადგილების შეზღუდვა, უყურადღებობის შემთხვევაში სულ უფრო მწვავდება და საბოლოოდ, შეიძლება ინვალიდობაც კი გამოიწვიოს.
რომლებია ყველაზე გავრცელებული რევმატული დაავადებები და მათი კლინიკური ნიშნები და როგორ უნდა მოვიქცეთ იმისათვის, რომ მათმა მიმდინარეობამ შეუქცევადი ხასიათი არ მიიღოს – ამ და სხვა საკითხებზე თოდუას კლინიკის რევმატოლოგ თამთა კობახიძეს ვესაუბრეთ.
რომლებია ყველაზე გავრცელებული რევმატული დაავადებები და ჯანმრთელობის რა პრობლემებს იწვევენ ისინი?
სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, ყველაზე გავრცელებული რევმატული დაავადება ოსტეოართროზია. მას შეუძლია დააზიანოს, როგორც ძვლოვანი სტრუქტურა, ისე მის ირგვლივ მდებარე ქსოვილები – ხრტილოვანი მასა, კუნთები და სხვა. ამ დაავადების განვითარების რისკი 40 წლის ზემოთ ქალბატონებსა და 50 წლის ზემოთ მამაკაცებში უფრო დიდია. ასევე, საკმაოდ გავრცელებულია რევმატოიდული ართრიტები, რომლებიც სახსრებში ანთებით ვლინდება, იწვევს სახსრების დეფორმაციას და საყრდენ-მამოძრავებელი აპარატის მოშლას. დაავადებას შეუძლია შინაგანი ორგანოებიც დააზიანოს.
თუ ამ და სხვა რევმატულ პათოლოგიებს დროულად არ მივაქცევთ ყურადღებას, პროცესი სულ უფრო გამწვავდება, გაიზრდება ტკივილის ინტენსივობა, სულ უფრო შეეზღუდება პაციენტს მოძრაობა და შეიძლება ის ინვალიდობის საფრთხის წინაშეც დადგეს.
რა არის ამ დაავადებების გამომწვევი მიზეზები, რა ფაქტორები ახდენენ მათ პროვოცირებას?
რევმატული დაავადებების მთავარი მიზეზი გენეტიკური წინასწარგანწყობაა. მათ გამოვლენას კი ხელს მთელი რიგი ფაქტორები უწყობენ, მათ შორის, ჭარბი წონა და ტრავმა, რომლებმაც, შესაძლოა, საყრდენ-მამოძრავებელი სისტემა დააზიანოს და გარკვეული სახის ცვლილებები გამოიწვიოს. ქალებში ოსტეოართროზის განვითარების მიზეზი ხშირად ნაადრევი მენოპაუზაა ხოლმე. არის ასეთი რევმატული დაავადება – პოდაგრული ართრიტი, რომელსაც პურინული ცვლის დარღვევა იწვევს. ამ პროცესს კი, ალკოჰოლის ჭარბი მოხმარება მნიშვნელოვნად აჩქარებს. შესაბამისად, ჯანსაღი ცხოვრების წესი, ნორმალური წონის შენარჩუნება, ვარჯიში, ალკოჰოლსა და მავნე ჩვევებზე უარის თქმა, აუცილებელია, იმისათვის, რომ რევმატული დაავადებების განვითარების რისკები შემცირდეს.
რა სიმპტომებით ვლინდება რევმატული დაავადებები, რა ნიშნებზე უნდა გავამახვილოთ ყურადღება?
ოსტეოართროზის დროს წამყვანი სიმპტომი არის ტკივილი მსხვილ სახსრებში, როგორებიცაა მუხლის, მენჯ-ბარძაყის, კოჭ-ძვლის, მხრის სახსრები და ა.შ. ასევე, პაციენტს ეზღუდება მოძრაობა, აქვს სიმძიმის შეგრძნება. ტკივილი რევმატოიდული ართრიტისთვისაცაა დამახასიათებელი, თუმცა, ის ანთებითი ხასიათისაა. ამ დროს ხშირია სახსრების შეშუპებაც და მათი სიმეტრიის დარღვევა. ერთ-ერთი რევმატული პათოლოგია – ბეხტერეევის დაავადებ, რომელიც საყრდენ მამოძრავებელი სისტემის დარღვევას იწვევს, კლინიკური გამოვლნებით ისახება ტკივილი და მოძრაობის შეზღუდვა ხერხემლის სვეტის წელის მალების საპროექციო არეში.
როგორი ხდება რევმატული დაავადებების დიაგნოსტირება და რა სადიაგნოსტიკო საშუალებებია თოდუას კლინიკაში?
რევმატული დაავადებების დიფერენცირებისთვის, მათი განვითარების ეტაპებისა და მიმდინარეობის თავისებურებების დასადგენად კომპლექსური კვლევაა საჭირო. დიაგნოსტიკა უნდა მოიცავდეს, როგორც ლაბორატორიულ, ისე ინსტრუმენტულ კვლევებს. „თოდუას კლინიკა ვერაზე“ სრულადაა აღჭურვილი იმისათვის, რომ ჩივილებით მოსულ პაციენტს ნებისმიერი ტიპის კვლევა ჩაუტარდეს და ზუსტად დადგინდეს რა რევმატული დაავადება აქვს და განვითარების რა ეტაპზეა ის. რევმატული დაავადებების დიაგნოსტიკაში წამყვანი ადგილი უჭირავს რენტგენოლოგიურ გამოკვლევებს. ვატარებთ კომპიუტერულ და მაგნიტორეზონანსულ ტომოგრაფიებს. ამასთან ერთად, თოდუას კლინიკაში, გვაქვს დენსიტომეტრიული კვლევის ჩატარების შესაძლებლობაც, რომელიც ოსტეოპოროზის სადიაგნოსტიკო თანამედროვე და უახლესი მეთოდია.
მკურნალობის რა მეთოდები გამოიყენება რევმატული დაავადებების დროს?
პირველ რიგში, რევმატული პათოლოგიების მკურნალობისას მედიკამენტოზურ თერაპიას ვეყრდნობით. ასევე, ვატარებთ სახსარშიდა ინექციებს, რომლებიც ანთებითი პროცესების სახსარში კუპირებას ახდენს და პაციენტის მდგომარეობას მნიშვნელოვნად აუმჯობესებს. როდესაც დაავადება უკვე შორს წასულია და სახსრის მესამე-მეოთხე ხარისხის დაზიანებაა, მკურნალობაში ტრავმატოლოგიც ერთვება. ასეთ დროს ქირურგიული გადაწყვეტაა საჭირო და შესაძლოა, პაციენტს ენდოპროთეზირებაც დასჭირდეს. უნდა გავითვალისწინოთ, რომ რევმატული დაავადებები ქრონიკულია და მკურნალობის მიზანი მაქსიმალურად ხანგრძლივი რემისიის მიღწევაა. ეს ნიშნავს, რომ პაციენტს, რაც შეიძლება დიდი ხნით უნდა მოვუხსნათ ტკივილი, მოძრაობის შეზღუდვა და სხვა ნებისმიერი ჩივილი, რათა მან სრულფასოვნად გააგრძელოს ცხოვრება. ეს კი ნამდვილადაა შესაძლებელი, თუ დროულად და მაღალი სიზუსტით დავსვამთ დიაგნოზს და დაავადების მართვაში კვალიფიციური სპეციალისტი ჩაერთვება.
R