ცოტა ხნის წინ, ფრანგულ მუსიკალურ პროექტ „ვოისში“ გამოჩენით, ერთ-ერთმა მონაწილემ, ვლადიმირ კორნეევმა ნამდვილი ფურორი მოახდინა – ვლადიმირმა, რომელიც გერმანიაში ცნობილი პიანისტი, მომღერალი და მსახიობია, ოთხივე მწვრთნელი შემოატრიალა და ამავე სცენაზე ლეგენდარულ ლარა ფაბიანთან ერთად ექსპრომტად შესრულებული დუეტით, მსმენელის გული დაიპყრო.
აუდიტორიისთვის მალევე გახდა ცნობილი, რომ ვლადიმირი 1987 წელს საქართველოში, მანგლისში, რუსულ-ქართულ ოჯახში დაიბადა. ვლადიმირი 6 წლის იყო, როდესაც მისი ოჯახი საცხოვრებლად გერმანიაში გაემგზავრა.
„მე ვიხილე ომი, ამიტომ ენის ბორძიკი მქონდა. დედას ძალიან ეშინოდა და ეს ნანახი მაქვს… მამა ორი წელი ავღანეთში მსახურობდა, ოფიცერი იყო, აღარ უნდოდა ომი… ძალიან კარგი ადამიანია…“ – გაიხსენა მომღერალმა.
ახლახან, ვლადიმირ კორნეევთან ინტერვიუ ჩაწერა საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტმა – სიუჟეტი გავიდა გადაცემაში „დღე პირველ არხზე“.
როგორც ვლადიმირი აღნიშნავს, ის ცხოვრებაში ყველაზე მეტად ნანობს, რომ ქართულად ვერ საუბრობს.
„საქართველოსთან ემოციური კავშირი არასდროს გამიწყვეტია. ცხოვრებაში ყველაზე მეტად ვნანობ, რომ ქართულად ვერ ვსაუბრობ. ძალიან პატარა ვიყავი, როდესაც ემიგრაციაში წავედით, თუმცა მამამ სუფთად იცოდა ქართული, ისევე როგორც საქართველოში ჩვენმა ოჯახმა. ამ დანაკლისის შევსებას ქართული სიმღერით ვცდილობ.
ქართული სამზარეულო ჩემი ცხოვრებაა, დედა ძალიან გემრიელად ამზადებს ხინკალს, ხაჭაპურს, ფხალს, ჩახოხბილს. მე თვითონაც ხშირად ვამზადებ ხინკალს მეგობრებისთვის, შრომატევადია, მაგრამ მაინც. აქ ბევრი ქართული რესტორანია, მაგრამ როცა მეკითხებიან, რომელია საუკეთესო, ყოველთვის ვპასუხობ: ჩემი სამზარეულო-მეთქი“, – აღნიშნავს ვლადიმირ კორნეევი.
ამავე ინტერვიუში მუსიკოსი საუბრობს პროექტზე, რომელზეც ბერლინში მუშაობს:
„ძალიან ბევრი ისტორიაა საქართველოზეც. ისტორია მანგლისიდან იწყება, სადაც მე დავიბადე. იქაური ფიჭვების საოცარი სურნელი მახსოვს. მახსოვს ჩემი დიდი ბებია, რომელიც მედდა იყო, სწორედ მელო ბებომ მომავლინა ამ ქვეყანას.
საღამოს პირველი ნაწილი მთლიანად საქართველოზეა, ჩემს ბავშვობაზე, სანამ ომის გამო ემიგრაციაში წავიდოდით. შემდეგ იმ რთულ წლებზე, რომელიც უცხო ქვეყანაში გავატარე. „საქართველო ლამაზო“ ჩემი უსაყვარლესი სიმღერაა და სპეციალურად ამ შოუსთვის მისი ახალი ვერსია შევქმენი რახმანინოვისეული ჟღერადობით. მე ფორტეპიანოზე ვუკრავ, ჩემი ბენდის ყველა წევრი კი ჩემთან ერთად, ქართულად მღერის… პრემიერა 8 მაისს არის, ჩემი ქართველი ოჯახიც ჩამოვა და ყველა ერთად შევიკრიბებით“, – ამბობს ვლადიმირ კორნეევი და მრავალი წლის შემდეგ, საქართველოში დაბრუნების ემოციებზე ჰყვება.
საქართველოში დაბრუნება ჩემთვის დაუვიწყარი გამოცდილება იყო, განსაკუთრებით, ჩემი ოჯახის წევრების გაცნობა. ქართული მთები და ეკლესიები შემიყვარდა. ძველი ეკლესია მახსოვს მცხეთაში, იქ ერთი ქალი საქართველოს ისტორიას სამ ენაზე გვიყვებოდა. ყველაზე მეტად ადამიანების სითბომ იმოქმედა, მოსიყვარულე, კეთილი და სტუმართმოყვარე ბუნებამ.
გერმანიაში მარტო გავიზარდე – დედმამიშვილების გარეშე და საქართველოში პირველად ვიგრძენი დიდი ოჯახის ძალა, ეს ერთიანობა, თითქოს ფესვებს დავუბრუნდი და ვგრძნობ, რომ მას შემდეგ ჩემი ხმაც კი შეიცვალა. საქართველოში ჩამოსვლის შემდეგ, ჩემი ნამღერი თუ მოგისმენიათ, შეიძლება შეამჩნიოთ, რომ თითოეული ბგერა, რომელსაც ვმღერი, უფრო თბილი გახდა. თითქოს ჩემი ფესვები ვიპოვე და მიწაზეც უფრო მყარად დავდექი“, – აღნიშნავს სიუჟეტში ვლადიმირ კორნეევი.
