21 სექტემბერს რადიო „ფორტუნას“ და გვანცა ლაღიძის გადაცემას „წარმატების ფორმულა“ „ინნ ჯგუფის“ და ,,ალუტეკის” დამფუძნებელი პაატა კოკაია სტუმრობდა, რომელმაც კარიერაზე, საკუთარი კომპანიების განვითარების გზებზე და წარმატების ფორმულაზე ისაუბრა.
– ბატონო პაატა, პირველ რიგში დიდი მადლობა გადაცემაში მობრძანების და დროის დათმობისთვის. პირველ რიგში, მინდა გკითხოთ როგორ დაიწყო ყველაფერი. საიდან იწყება ბიზნესის კეთების სურვილი თქვენს ცხოვრებაში? პროფესიით ფიზიკოსი ბრძანდებით. როგორ გადახვედით ბიზნესის კეთებაზე?
– პირიქით, მადლობას გიხდით მოწვევისთვის. მგონი დღესდღეობით ყველას უნდა ბიზნესის კეთება და ყველაში დევს ეს სურვილი. რაც შემეხება პირადად მე, როცა 22 წლის ვიყავი, დოლიძის ბაღში მეგობრებმა პირველი სანაყინე გავხსენით და ეს იყო პირველი ნაბიჯი. ეს მოხდა 1989 წელს. ერთ-ერთი პირველები ჩვენ ვიყავით, ვინც ნაყინის ჩამოსასხმელი აპარატების გამოყენება დაიწყო. შემდეგ მალევე გავაკეთეთ სამშენებლო ბლოკის საამქრო. ამის შემდეგ აზერბაიჯანში წავედით და იქიდან პოლიეთილენი ჩამოვიტანეთ. მახსოვს პირველი საერთო მოგება 100 000 მანეთი იყო, რაც ოთხმა პატარა ბიჭმა ვიშოვეთ. ეს იყო ჩემი პირველი ნაბიჯები ბიზნესში.
– საინტერესოა როგორ განვითარდა მოვლენები შემდეგ. როგორი იყო შემდეგი ნაბიჯები და ბარიერების გადალახვის რა პრინციპით ხელმძღვანელობთ? ბიზნესის კეთება ხომ ბევრ წინაღობასთანაა დაკავშირებული. რა არის თქვენი ბარიერების გადალახვის თქვენეული გამოცდილი მეთოდი?
– ვიტყოდი, რომ არსებობს ორი ტიპის ბარიერი. ერთია როდესაც რაღაცაში შეცდომას უშვებ და ბარიერი გხვდება და მეორეა, როცა შენ არაფრის შეცვლა არ შეგიძლია. მეორე სახის ბარიერი იყო თუნდაც თბილისის ომი, სამოქალაქო ომი, რომელიც ძალიან რთული გადასალახი იყო. დღესდღეობით ასეთი ბარიერი პანდემიაა. პირველი ტიპის ბარიერი კი არის არასწორად დაგეგმილი ბიზნესი. არასწორად დაგეგმვაა მაგალითად რაიმე საქმის დაწყვება მაშინ, როცა ჯერ არ გყავს კარგად შეკრული და მოტივირებული გუნდი. ეს არის გადაულახავი ბარიერი.
– რა ზიანი მოუტანა პანდემიამ თქვენს ბიზნესს და როგორ გადალახეთ მისით გამოწვეული დაბრკოლებები? საიდუმლოს არავისთვის წარმოადგენს, რომ ტურისტული სექტორი ერთ-ერთი ყველაზე დაზარალებული სფეროა პანდემიისგან.
– სამწუხაროდ, ჩვენი სფერო მართლა ყველაზე მეტად დაზარალდა. თუმცა ამ დროის განმავლობაში ჩვენ დავინახეთ, რომ შესაძლებელია ადაპტირება და სხვებსაც მივეცით მაგალითი. ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანია, მქონდეს საშუალება ხელფასი გადავუხადო დასაქმებულებს. სწორედ ამიტომ „ბაკურიანი ინნში“, რომელიც ზაფხულში ჩვეულებრივ მუშაობდა, სამჯერადი კვებით ერთი პიროვნების განთავსება 59 ლარი ღირს, აქედან 9 ლარი დღგ გახლავთ. მიუხედავად იმისა, რომ მოგება არ რჩება, დასაქმებულებს მაინც ვუხდით ხელფასს, ეს კი ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის.
– ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ასეთ რთულ დროს თანამშრომლები შეინარჩუნეთ. რამდენ თანამშრომელს აერთიანებს დღეს თქვენი კომპანია?
– ჩვენ დაახლოებით 500 თანამშრომელი გვყავდა და სამწუხაროდ, გარკვეულწილად მაინც მოგვიწია პერსონალის შემცირება. ამ ეტაპზე 25%-ით ვართ შემცირებულები.
– ბატონო პაატა, პირადად თქვენ რა გასწავლათ მსოფლიო პანდემიამ? ჩემი ბევრი რესპონდენტი ამბობს, რომ ახალი შესაძლებლობები აღმოაჩინა საკუთარ თავში.
– რასაკვირველია, ბევრი რამ ვისწავლე და ბევრ რამეს მივხვდი. მაგალითად იმას, რომ საქართველო ტურიზმზე ასეთი დოზით დამოკიდებული არ უნდა იყოს. ჩვენს ქვეყანას სხვა არაერთი კუთხით აქვს პოტენციალი, რომელიც გამოსაყენებელია, თუნდაც სოფლის მეურნეობის მხრივ, ეს ნიშა ასათვისებელია.
– დღევანდელი გადმოსახედიდან შეგვიძლია ვთქვათ, რომ „ალუტეკი“ მომგებიანი ბიზნესია?
– რასაკვირველია, ცალსახად. „ალუტეკის“ ისტორია 3 წლის წინ დაიწყო, როდესაც ჩვენ თურქული ალუმინის და გერმანული საკეტების, „სიგენია აუბის“ დისტრიბუტორები გავხდით. ამას შემდეგ დაემატა კომპოზიტური პანელის საწარმო, შემდეგ მეტალოპლასტმასის და მასში ჩასამონტაჟებელი რკინის საწარმო. ძალიან მალე გვექნება მინა-პაკეტის სააქმროც. დღეისათვის მხოლოდ თბილისის „ალუტეკში“ დასაქმებულია ას კაცზე მეტი, გასულ წელს ბიუჯეტში შეტანილმა თანხამ 2 მილიონ ლარზე მეტი, ხოლო გაცემულმა ხელფასებმა 2,5 მილიონი ლარი შეადგინა. ამ ეტაპზე გვაქვს ფილიალი ქუთაისშიც, სავარაუდოდ მომავალ წელს უკვე ბათუმშიც ვიქნებით წარმოდგენილი.
-თქვენი აზრით, ზოგადად საქართველოში მომგებიანი ბიზნეს-გარემოა?
-ყოველ შემთხვევაში ცხადია, რომ ბიზნესზე არანაირი ზეწოლა არ არის. რასაკვირველია ძალიან ბევრი ხელისშემშლელი ფაქტორია, მაგალითად ნებართვების გაცემა, მშენებლობა და ა.შ თუმცა ბიზნესზე ზეწოლა დღეს არ არის ქვეყანაში.
– მოდით, მიმდინარე პროექტებსა და სამომავლო გეგმებზე ვისაუბროთ..
– პირველ რიგში დავიწყებთ „ქუთაისი ინნის“ მშენებლობას , რისი ნებართვაც უკვე ავიღეთ. ეს იქნება 125 ნომრიანი სასტუმრო ქუთაისის ცენტრში, ბალახვანზე. ეს იქნება ძალიან ლამაზი და თანამედროვე სასტომრო, „თი ბი სი“ ბანკთან უკვე დავასრულეთ მოლაპარაკება ფინანსური დეტალების შესახებ. მომავალ წელს ეს სასტუმრო უკვე მიიღებს სტუმრებს. გარდა ამისა, ვგეგმავთ 200 ნომრიანი სასტუმროს აშენებას ბათუმში და ძალიან კარგი სასტუმროს აშენებას აღმოსავლეთ საქართველოში, ზუსტ ლოკაციას ჯერჯერობით არ დავასახელებ.
– რა არის თქვენი მთავარი კრედო ბიზნესსაქმიანობაში? საკუთარი თავის და გუნდის წევრების მიმართ მკაცრი ხართ? გადაწყვეტილებებს ერთპიროვნულად იღებთ?
– მე სხვადასხვა საქმეში 25- 30 პარტნიორი მყავს და ბუნებრივია რომც მინდოდეს, ერთპიროვნულ გადაწყვეტილებას ვერ მივიღებ. თანაც ჩემი გამოცდილება მიჩვენებს, რომ მასა ყოველთვის სწორად წყვეტს საკითხს, რაც უფრო მეტ ადამიანთან განიხილავ საკითხს, მით უკეთესი. რასაკვირველია, ყოველთვის არიან საწინააღმდეგო აზრის მქონე ადამიანები, მაგრამ მათი არსებობაც საჭიროა კამათისას.
– რას მოითხოვთ თანამშრომლისგან პირველ რიგში? როგორია თქვენთვის სამაგალითო თანამშრომელი?
– მოტივირებული. მთავარია ადამიანი იყოს მოტივირებული. მე არ შემიძლია საკუთარი თავი ძალიან მკაცრ ან უხეშ უფროსად წარმოვიდგინო. ვერაფრით ვერ იქნება მოტივირებული თანამშრომელი, თუ მან ვერ იგრძნო, რომ მის პიროვნებას სამსახურში პატივს სცემენ.
– საუბრისას თქვენ სოფლის მეურნეობის განვითარება ახსენეთ, გაქვთ გეგმები ამ მიმართულებით?
– დიახ, შემიძლია გითხრათ კონკრეტულად რა მიმართულებაზე ვფიქრობთ. პირველ რიგში ეს იქნება წვენების და ჯემების წარმოება. შემდეგ კი რასაკვირველია რთული იქნება, მაგრამ გადავალთ უკვე რძის და კვერცხის წარმოებაზეც.
ბლიცკითხვები:
– აქსესუარი, რომლის გარეშეც სახლიდან არ გამოდიხართ.
– პირველ რიგში ჯვარი. ასევე საათი და ტელეფონი.
– უკვე ბრძანეთ, რომ გადაწყვეტილებების გუნდურად მიღებას ემხრობით, თუმცა იღებთ თუ არა ერთპიროვნულ გადაწყეტილებებსაც?
– გააჩნია საკითხს. თუ ერთპიროვნული გადაწყვეტილების მიღებას საწარმოს და პარტნიორის ინტერესებისთვის ზიანის მიყენება არ შეუძლია, შეიძლება მივიღო ერთპიროვნული გადაწყვეტილება. თუმცა თუკი რისკები არსებობს, გადაწყვეტილება გუნდურად უნდა იქნეს მიღებული.
– გადაწყვეტილებას სწრაფად იღებთ თუ დინჯად, ფიქრის შემდეგ?
– იგივე პასუხს გაგცემთ. გააჩნია რამდენად სერიოზული საკითხია გადასაწყვეტი. ზოგადად, ჩემი აზრით, დინჯი და გააზრებული გადაწყვეტილებები ჯობს.
– თვისება, რომლითაც ამაყობთ.
-შრომისმოყვარეობა და პასუხისმგებლობის გრძნობის ქონა. ჩემი აზრით ორივე თვისება მოჭარბებულად მაქვს.
-კომპანიის სლოგანი…
-„ინნ გრუპის“ სლოგანია „ყველგან და ყველასთვის“. ყველგან იმიტომ, რომ ჩვენ მთელ საქართველოში ვიქნებით წარმოდგენილი როგორც სასტუმროებით, ასევე საწარმოებით. ყველასთვის იმიტომ, რომ ყველამ იცის, ჩვენი ფასი ყველაზე მისაღებია სხვებთან შედარებით.
-თქვენი განტვირთვის ადგილი…
– ზღვა.
– ფრაზა, რომელსაც ყველაზე ხშირად ამბობთ დღის განმავლობაში…
-„უფლის წყალობით“…
– საუკეთესო მრჩეველი წინაღობების დროს თქვენთვის არის…
– ლოგიკა.
– სამაგიდო წიგნი თუ გაქვთ და რომელი?
– მაქვს, ჩემი თაობის წარმომადგენელთა უმეტესობის მსგავსად ასეთი ჩემთვისაც „დათა თუთაშხიაა“.
– თვისება, რომელიც ადამიანში ყველაზე მეტად მოგწონთ და არ მოგწონთ.
– მომწონს პასუხისმგებლობის გრძნობა, არ მომწონს უპასუხისმგებლობა.
– სპორტული აქტივობა, რომელსაც მიმართავთ.
– ფეხით სიარული, ველოსიპედი და ჰანტელები, კვირაში ოთხჯერ მაინც. ეს ჩემთვის რელიგიური რიტუალივითაა.
– თქვენი აზრით, დღეს საქართველოში რომელ ეტაპზეა სტუმარ-მასპინძლობის სფერო? სუსტი და დასახვეწი, განვითარებადი და დამაკმაყოფილებელი თუ მსოფლიო სტანდარტების შესაბამისი?
– განვითარებადი. ეს სფერო ჩვენთან ახლა იდგამს ფეხს.
– კოლექციონერი ხართ?
– არა.
– აზრი, რომელიც ახლა გებადებათ?
– კარგია, რომ მოვედი.
– გურმანი ხართ?
– კარგი საჭმელი ყველას უყვარს, მაგრამ საჭმელს დიდ მნიშვნელობას არ ვანიჭებ, რადგან ვცდილობ, ბევრი არ ვჭამო.
– რა არის თქვენთვის საქმის კეთების უმთავრესი მოტივაცია?
– გამარჯვება. ჩემი ბიზნესის მთავარი მოტივაცია ფული არასდროს ყოფილა, ჯერ არის გამარჯვება და საქმის ბოლომდე მიყვანა.
– გადაცემის სახელი რომელსაც სტუმრობთ?
– „წარმატების ფორმულა“.
– როგორია თქვენი წარმატების ფორმულა? რა თვისებები უნდა გამოიმუშაოს ნებისმიერმა ადამიანმა წარმატების მისაღწევად?
– ყველაზე მთავარია არ შევეგუოთ სიღარიბეს, არ შევეგუოთ მიღწეულ გამარჯვებებს. ვიფიქროთ იმაზე, რომ მეტის მიღწევა შეიძლება. დღესდღეობით ამის სასუალება ნამდვილად არის, უამრავი ონლაინ-სემინარი ტარდება ამ თემებზე და მე თვითონაც ხშირად ვუსმენ მსგავს სემინარებს. განსაკუთრებით ბრაიან ტრეისის ლექციების მოსმენა მიყვარს. ყველა ადამიანმა უნდა იზრუნოს საკუთარი ოჯახის წარმატებაზე მაინც, ხოლო თუ ყველა ოჯახი იქნება წარმატებული, საქართველოც იქნება წარმატებული.
გადაცემის აუდიოჩანაწერი