ბათუმში ორდღიანი „ზაფხულის ფესტივალით“ ტურისტული სეზონი ოფიციალურად საზეიმოდ გაიხსნა.
ფესტივალზე, რომელიც დატვირთული იყო საზაფხულო დეკორაციებითა და აქტივობებით, მსმენელის წინაშე ბენდები „მგზავრები”, „სალიო”, „კახაბერი და ხანუმები”, „ურსა”, „სახე” და სხვა მოწვეული შემსრულებლები წარდგნენ.
საფესტივალო სივრცეში 15-მდე ლაუნჯი და კაფე-ბარი სტუმრებს საზაფხულო მენიუს სთავაზობდა. იქვე მოეწყო ხელნაკეთი ნივთების საგამოფენო კუთხეც, სადაც ვიზიტორებს ადგილობრივი წარმოების პროდუქციის შეძენა შეეძლოთ.
მომდევნო ფესტივალს ივლისში უკვე ქობულეთი უმასპინძლებს.
აჭარა ზაფხულის ტურისტულ სეზონს სიახლეებით ხვდება, როგორც ბათუმის, ისე მთიანი აჭარის მიმართულებით. 25-მდე მარკირებული ტურისტული ბილიკი და ახალი ტურისტული პროდუქტი მზადაა ტურისტების მისაღებად. მათ შორისაა ხიხანის განახლებული ტურისტული ბილიკი და ინფრასტრუქტურა, ჯვარიმინდორის ტურისტული თავშესაფრები, მირვეთის ბილიკი განახლებული ინფრატრუქტურით და საპიკნიკე სივრცეები ყველა მუნიციპალიტეტში. კვების და განთავსების ახალ ობიექტებთან ერთად, ბათუმში ვიზიტორებს განახლებული გმირთა ხეივანი დახვდებათ.