გადაცემა „ვიზიტორის“ სტუმარი დიზაინერი ზალიკო ბერგერი იყო. საუბარი მისი საქმიანობისა და პირადი ცხოვრების გარშემო წარიმართა.
– ზალიკო, როგორია შენი განწყობა?
– არაჩვეულებრივი, როგორც ყოველთვის. ძალიან კარგი განწყობაა, რადიო განსაკუთრებულად მიყვარს. სანამ დიზაინერი გავხდებოდი, მე რადიოწამყვანი ვიყავი და „ბერგერი“ სწორედ იქიდან მომყვება. ეს იყო 1997 წელს და დღევანდელისგან სრულიად განსხვავებულ ვითარებაში მიმყავდა ეთერი. გაცილებით ცუდში. (იცინის)
– როგორ იწყება შენი დილა?
– ჩემი დილა ხანდახან საეროდ არ იწყება და ეს შეიძლება იყოს ღამის 2 საათი. 3-4 საათზე თუ გავიღვიძე ნიშნავს, რომ საქმე მაქვს, მანამდე ყველამ იცის, რომ არ უნდა შემაწუხოს.
– 90-იანი წლებიდან დაიწყე დიზაინერობა…
– ახლა რომ ვუყურებ ამ თაობას, რა საშუალებებით უწევთ თუნდაც რადიოს მოსმენა, უფრო ძალიან საშინლად მახსენდება ის დრო. ფანრიანი რადიომიმღების მსმენელი გვყავდა და დღეს ახალგაზრდები აზრზეც არ არიან, რა გადავიტანეთ 90-იანებში. დღევანდელი ფეშენ-ვიკების ფონზე მაშინდელი მოდა საშინელ დღეში იყო.
– გენატრება ის დრო?
– დღევანდელი დრო კომფორტით ჯობია, მაგრამ იმ პერიოდს თავისი ხიბლი ჰქონდა.
– რა რესურსები გქონდა მაშინ სამუშაოდ?
– მაგალითად, პირველ ჩვენებაზე „ავანგარდული მოდის ასამბლეაზე“, რასაც დღეს პრინტებს ვეძახით, მე ნახატები ამოვჭერი და ხელით ჩავსვი. სხვათაშორის ყველაფერმა ძალიან კარგად ჩაიარა და რუსეთიდანაც გვქონდა მაშინ მიწვევა.
მე ბევრი არაფერი გამიკეთებია პოპულარობისთვის, თავისით მოვიდა გარკვეული პერიოდის განმავლობაში. დაახლოებით 2003 წლიდან ვაკეთებ აქსესუარებს, რომლის პრეზენტაციასაც უახლოეს მომავალში ერთ-ერთ კლუბში ვგეგმავ.
– Fashion week-ში რატომ არ მიიღე მონაწილეობა?
– თავის დროზე ვმონაწილეობდი „თბილისის მოდის კვირეულში“. საქართველოში ისეთი გავლენის ქვეშ ვართ, რომ ზამთარში ზაფხულის კოლექცია უნდა შეკერო და პირიქით, ავდექი და მაისში ზამთრის კოლექცია წარმოვადგინე, რომელიც მთელი ზაფხული მედო და ნაწილი გავაჩუქე. ამის მერე მონაწილეობა მივიღე „აჭარა ფეშენ-ვიკში“, სადაც წელს ვეღარ გამოვჩნდი, რადგან მაგ პერიოდში მეგობრებთან ერთად იბიცაზე ვიყავი. თითქმის ყოველ წელს დავდივართ იქ და ნებისმიერ რამეს გავცვლიდი იბიცაზე, ისე მიყვარს.
– შემოსავლები საიდან გაქვს?
– მეგობრებს აქვთ შემოსავლები და მეპატიჟებიან. მადლობა მათ, რომ არ მაკლებენ ამ სიამოვნებას, დევიდ გეტას კონცერტით დაწყებული ბევრი სხვადასხვა ღონისძიებით გაგრძელებული.

– რომელი ცნობილი ადამიანი ატარებს შენს სამოსს?
– ძალიან დიდი ხანია აღარ შეგვიკერია ცნობილი ადამიანისთვის. შოუ-ბიზნესიც აღარ არის შესაბამის სიმაღლეზე და იმიტომ. ბოლო დროს დაიკარგა ეს კულტურა.
– როგორ მოგწონს თანამედროვე ქართველების ჩაცმის სტილი?
– ჩვენი გემოვნება ყოველთვის გამორჩეული იყო და ეს ახლაც ასეა. პერიოდულად ყოველდღიური სტილი ჭარბობს, ან კლასიკური. ია ფარულავას, ჩემი ძალიან კარგი მეგობრის კომენტარი რომ აიტაცა საზოგადოებამ ბოლო დროს, ჩაცმასთან დაკავშირებით, ასეა, ვისაც რისი საშუალება აქვს, ის უნდა ჩაიცვას, მთავარია გემოვნებით.
– თავად თუ მოგეწონა იას ჩაცმულობა მოდის კვირეულზე?
– რა ბრენდებიც მან ჩამოთვალა, რა თქმა უნდა. ყველა ძალიან ძვირიანი და პრესტიჟული მარკებია. ჟურნალისტის უბედურებაა თუ ვერ ხვდება, რა ბრენდის პიჯაკი აცვია რესპოდენტს. ამ თემაზე მხოლოდ იმას ვიტყვი, რომ მან იასთან უზრდელობით უბრალოდ თავი გაიპიარა, სხვა მიზანი მემგონი არც ჰქონია.
– ზალიკო, პირად ცხოვრებაზე არასოდეს არ საუბრობ…
– არაფერი არ ხდება და რა ვილაპარკო? ახლა იმ ეტაპზე ვარ, რომ ცოლის მოყვანას მთხოვენ, მაგრამ ჯერ არსად არ მეჩქარება. ოჯახისთვის მზად არ ვარ, ჯერ არ დავღვინებულვარ.
– ძალიან ბევრ მოდელთან მეგობრობ და ამბობენ, რომ ხარ სუტინიორი…
– ალბათ, როცა გხედავენ მუდმივად ლამაზი ქალებისა და მდიდარი მეგობრების გარემოცვაში, ვიღაცას ასეთი აზრიც უჩნდება. ეს ჭორია და მე არანაირი სუტინიორი არ ვარ. საქართველოში ეს საქმიანობა რამდენად არსებობს, ისიც არ ვიცი. საქართველო არ არის ასეთი გაქანების ქვეყანა. დიდი ხანია ამ თემაზე საუბარი აღარ ყოფილა და ძალიან კმაყოფილი ვარ, იმედია ახლაც არ განახლდება.
– პირადზე რამდენად ხშირად გეკითხებიან?
– მეკითხებიან, მაგრამ არაფერი არ ხდება და რა ვქნა? „ვეძებ მდიდარ საცოლეს“ – ხშირად ვასტატუსებ ამ წინადადებას და ასეც ვფიქრობ, ვეძებ მდიდარ ქალს, რომელიც ჩემს გულს მოინადირებს.
– როგორია ასეთი ქალი?
– კონკრეტული კრიტერიუმები არ მაქვს, უნდა ვუყვარდე, უნდა მომიაროს, დედისერთა ვარ და განსაკუთრებული ყურადღება მჭირდება. არ უნდა შემზღუდოს თავისუფლებაში, ქლაბინგში და ა.შ.
– როგორია შეყვარებული ზალიკო?
– ასეთი რამ იშვიათად და მოკლე დროით ხდება.
– რომელია ადგილი, სადაც ყველაზე კომფორტულად გრძნობ თავს?
– იბიცა, ოღონდ მეგობრებთან ერთად.
– როგორი იყო ეს ერთი საათი, რომელიც ჩვენს სტუდიაში გაატარე?
– არაჩვეულებრივი, გულახდილი. დიდი ხანია არ ვყოფილვარ რადიოეთერში და იმედია მსმენელიც კარგ განწყობაზე დავაყენეთ.
– წარმატებებს გისურვებ.