“ძალის არგამოყენების ვალდებულება, რუსეთის მიერ აღებული ვალდებულებაა. კეთილი უნდა ინებოს, რაც აქვს საერთაშორისოდ ნაკისრი ვალდებულება, ის უნდა შეასრულოს, ისევე როგორც, ხელი შეუწყოს იძულებით გადაადგილებულ პირთა დაბრუნებას,”- რუსეთის პოლიტიკაზე საგარეო საქმეთა მინისტრობის კანდიდატმა ევროპასთან ინტეგრაციის, დიაპორისა და კავკასიის საკითხთა და საგარეო ურთიერთობათა კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე ისაუბრა.
დავით ზალკალიანის განცხადებით, რუსეთის ფედერაცია, ცდილობს, ახალი ტაქტიკური მეთოდით, წინა პლანზე წამოწიოს აფხაზეთის და ცხინვალის დე-ფაქტო წარმომადგენლები და დიალოგი მათთან შედგეს ძალის არგამოყენებაზე.
“ეს არის ერთგვარი ხრიკი, ნარატივი, რომლის დამკვიდრებასაც ცდილობენ. ჩვენ ჩვენს აფხაზ და ოს ძმებთან პირდაპირი დიალოგის წინააღმდეგები არ ვართ. ჩართულობის პოლიტიკა და იგივე მთავრობის მიერ წარმოდგენილი “ნაბიჯი უკეთესი მომავლისთვის”, ეხმიანება იმას, რომ ჩვენ გვინდა იმ სიკეთეების გაზიარება ჩვენი აფხაზი და ოსი მეგობრებისთვის, რომლებიც მოდის საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციით. რა სიკეთეებიც მოაქვს ღრმა და ყოვლისმომცველ თავისუფალ ვაჭრობას, გადაადგილებას, უვიზო მიმოსვლას, ასევე ევროპის საუკეთესო უნივერსიტეტებში განათლების მიღებას. ეს არის ის, რასაც მათ ვთავაზობთ, რაც შესაძლებლობას აჩენს. ამაზე გვინდა საუბარი.” – თქვა ზალკალიანმა.
მისივე თქმით, რუსეთი აქტიურად ცდილობს ისეთი შთაბეჭდილების შექმნას, თითქოს სიტუაცია საქართველოში არის განსხვავებული, ვიდრე უკრანიაში:
“მათი ნარატივია, რომ საქართველო უნდა შეეგუოს ახალ რეალობას და დაიწყოს იმ ვალდებულებებზე საუბარი, რაც რუსეთს ეკისრება 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით და ამის გადატანა ჩვენს ოკუპირებულ ტერიტორიებთან ურთიერთობაში. ესაა მათი ნარატივი და საერთაშორისო თანამეგობრობას ეუბნებიან: უთხარი საქართველოს, დაივიწყოს ამ უსაფრთხოების საკითხის მუდმივი წინ წამოწევა საერთაშორისო თანამეგობრობის დღის წესრიგში და შეეგუოს ამას, რომ არის ორი დამოუკიდებელი სახელმწიფო, აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი. ამ სირთულეებთან გვაქვს საქმე. მიუხედავად ამისა, საერთაშორისო თანამეგობრობის კონსოლიდაცია და მათი მხარდაჭერის მობილიზაცია არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი და ყველაზე ეფექტიანი ბერკეტი, რაც გვაქვს და ჩვენი საქმიანობა უნდა შეფასდეს იმ შედეგებიდან გამომდინარე, რაც წელს ამ მიმართულებით დაიდო.” – განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრობის კანდიდატმა.
