„ომეგა ჯგუფის“ დამფუძნებელი მზად არის გამოძიებას დისტანციურად მისცეს ჩვენება და ითანამშრომლოს მასთან, თუმცა ფიზიკურად ის საგამოძიებო უწყებაში არ მივა. განცხადება ამის შესახებ ტელეკომპანია იბერიას დამფუძნებელმა გააკეთა. ნატო ჩხეიძე აცხადებს, რომ ზაზა ოქუაშვილის უსაფრთხოება დაცული არ არის, რის გამოც ის ამ დრომდე ლონდონში რჩება.
„ზაზა ოქუაშვილი აპირებს, რომ საგამოძიებო უწყებასთან ითანამშრომლოს და მისცეს ჩვენება. გამოძიებისთვის, ვფიქრობ მნიშვნელოვანია ზაზა ოქუაშვილის პასუხები და არა მისი ფიგურა. მან გააკეთა განცხადება და მეც ვეთანხმები, რომ დაცული არ არის მისი უსაფრთხოება, მით უმეტეს იმ ფონზე, როდესაც საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, რომელსაც წესით, სრულიად არ ეხება ეს საკითხი, პროკურატურას ტელეეკრანიდან პირდაპირი მესიჯი მისცა, თუ როგორ უნდა მოქცეულიყო.
ვერანაირ ვარაუდს ვერ გამოვთქვამ ვის უნდა გაევრცელებინა ან ჩაეწერა ეს ჩანაწერები, თუმცა უტყუარად ვამბობ, რომ ზაზა ოქუაშვილს ამასთან კავშირი არ აქვს. ოქუაშვილის ინტერესებში შედის, რომ ამხილოს დღევანდელი ჩრდილოვანი მმართველობა და ეს ინტერესები, ალბათ საქართველოში ნაკლებად, მაგრამ ლონდონში ბოლომდე იქნება დაცული“, – განაცხადა ნატო ჩხეიძემ.
რაც შეეხება ომეგა ჯგუფის“ საქმეზე მის დღევანდელ გამოკითხვას, დეპუტატი ამბობს, რომ გამოძიებას მიაწოდა მნიშვნელოვანი ინფორმაცია საქმის ერთ-ერთ ეპიზოდთან დაკავშირებით, რომელიც TBC ბანკიდან ბიძინა ივანიშვილისთვის განკუთვნილი თანხის გატანას ეხება.
„მივაწოდე ძალიან მნიშვნელოვანი ინფორმაცია ამ დიდ საქმეში ერთ-ერთ ეპიზოდთან დაკავშირებით და მნიშვნელოვანია სწორედ იმ მანქანის მარკა და ნომერი მანქანის. TBC ბანკიდან თანხის გატანის ეპიზოდთან დაკავშირებით,“-განაცხადა ნატო ჩხეიძემ.