ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამის, ზაზა სარალიძის ინფორმაციით, პრემიერმინისტრთან შეხვედრის მოთხოვნაზე მთავრობის ადმინისტრაციისგან პასუხი ამ დრომდე არ მიუღია.
“პრემიერმინისტრთან შეხვედრასთან დაკავშირებით ჯერჯერობით არავინ არ შეგვხმიანებია, ისევ ველოდები. არც ჩვენ მიერ შეტანილ 30 საქმესთან დაკავშირებით გამოგვხმაურებიან. არ ვიცი, ალბათ არ სცალია, მაგრამ ყველაზე დიდი უბედურება ის არის, რომ თუ ხალხისთვის არ სცალია, აბა ვისთვის სცალია?” – აღნიშნა ზაზა სარალიძემ.
მისივე ინფორმაციით, 5 აგვისტოს სტრასბურგში მიემგზავრება, სადაც არასამთავრობო ორგანიზაციებთან და ევროპელ იურისტებთან ერთად ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე შეხვედრებს გამართავს. შესაბამისად, მას იმედი ჰქონდა, რომ პრემიერმინისტრს აღნიშნულ თარიღამდე შეხვდებოდა.
ზაზა სარალიძემ პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიასთან დაკავშირებითაც ისაუბრა. მისი თქმით, შესაძლოა, საგამოძიებო კომისიამ ზუსტად ის ფაქტები გამოკვეთოს, რაზეც ის აქამდე საუბრობდა, თუმცა მთავარია, პროკურატურა რა გადაწყვეტილებას მიიღებს. მისივე თქმით, შესაძლოა, მოზარდებს შორის მომხდარი კონფლიქტის ერთ-ერთი მონაწილის, მიხეილ კალანდიას ძმამ ლუკა კალანდიამ პარლამენტის საგამოძიებო კომისიას არასწორი ინფორმაცია მიაწოდა.
“გააჩნია, ბატონი ლუკა კალანდია რას გულისხმობს და რამდენად სწორად ისაუბრა. შესაძლოა, თავისივე შეთხზული რაღაც ისაუბრა, რაც აქამდე სჭირდებოდა, ის ტყუილი და ის ფარსი. ფაქტია, რომ დღეს ჩემი შვილის მკვლელი არ არსებობს, მაშინ ვინ მოკლა ჩემი შვილი? მაშინ ეთქვა ლუკა კალანდიას, რა და როგორ მოხდა. ვნახოთ, კომისიას ვინ ესაუბრნენ და რას გადაწყვეტს საგამოძიებო კომისია,” – აღნიშნა მან.
ხორავას ქუჩაზე მოზარდებს შორის მომხდარი კონფლიქტის ერთ-ერთი მონაწილის, მიხეილ კალანდიას ძმამ, ლუკა კალანდიამ ჟურნალისტებს გუშინ განუცხადა, რომ იცის რა მოხდა, მაგრამ მისი ძმისგან თუ სხვა წყაროსგან, ამას ვერ იტყვის.