ზაზა ფაჩულიას ყოველთვის შეეძლო პრინციპული მატჩების მაღალ დონეზე თამაში. მსოფლიოს უძლიერესი საკალათბურთო ლიგის ერთ-ერთ ფავორიტ გუნდში მას პრინციპული მატჩი ჰქონდა და ფაჩულიამ არც ამჯერად უღალატა საკუთარ ტრადიციას.
ერთი შეხედვით, რეგულარული ჩემპიონატის ერთ-ერთი რიგითი მატჩი გახლდთ, რომელსაც „გოლდენ სტეიტი“ სამეზობლოში, „საკრამენტო კინგზთან“ ატარებდა, თუმცა ქართველი ცენტრისთვის ამ შეხვედრად პრინციპული მნიშვნელობა ჰქონდა. რამდენიმე დღის წინ, როცა ნბა-ს ოლ სტარის გამოკითხვის პირველი შუალედური შედეგები გამოქვეყნდა, სადაც ფაჩულია დასავლელ წინახაზელებს შორის მეორე გახლდათ, ხოლო საკრამენტოელი დემარკუს კაზენსი მე-6.
Youtube-ზე და სოციალურ ქსელებში გამოქვეყნდა ვიდეო, სადაც კაზენსმა აღშფოთება გამოთქვა – აქაოდა, ზაზა რატომაა მეორეზე და მე სადღაც ქვემოთო. ამ ვიდეორგოლის ავთენტურობა საეჭვოა და არავინ იცის, კაზენსი ნამდვილად გულისხმობდა თუ არა კონკრეტულად ოლ სტარტის გამოკითხვას, როცა ამბობდა, სასაცილოაო.
https://www.youtube.com/watch?time_continue=4&v=Am20kPHXq_k
ასე თუ ისე, რამდენიმე დღეში ფაჩულიას (და კაზენსსაც) შესანიშნავი შანსი გაუჩნდათ საიმისოდ, რომ საკუთარი შესაძლებლობები მოედანზე, პირად დაპირისპირებაში დაემტკიცებინათ. კაზენსი ძალიან მაგარი ცენტრია და მიმდინარე სეზონში მატჩში საშუალოდ მითვლილი მისი 28,5 ქულა და 10 მოხსნაც ნებისმიერ მეფარეს მოსჭრის თვალს.
ხასიათის სიმტკიცისა და არაპროფესიონალიზმის გამო დათმო კაზენსმა ფაჩულიასთან დუელი, ხოლო მისმა გუნდმა „გოლდენ სტეიტთან“ წაგო. ქართველ ცენტრთან ორთაბრძოლაში თამაში ისე დალაგებულად, რომ არ მისდიოდა, როგორც ზოგადად სჩვევია, ქაზენსი განრისხდა, ტექნიკური ჯარიმა მიიღო, ხოლო მოედნიდან გასულმა სათადარიგოთა სკამს დასცხო ჯერ წიხლი, შემდეგ კი მუშტებიც მიაყოლა. ზაზა კი ამ დროს აუღელვებლად, უსიტყვოდ და რაც თავარია შედეგიანად თამაშობდა.
https://www.youtube.com/watch?time_continue=13&v=NU36Qhsnwko
იმ მომენტისთვის კაზენსი წყობილებიდან გამოვიდა, რიტმიდან ამოვარდა და ეს უპირველესაც ფაჩულიას დამსახურება გახლდათ, რომელმაც ბურთი რამდენჯერმე ჩაუჭრა კაზენსს და კარგი დაცვით მას მაქსიმალურად შეუზღუდა ქულების და მოხსნების მოპოვების შესაძლებლობა. მართალია, საბოლოოდ საკრამენტოელმა გოლიათმა ზაზაზე სამით მეტი მოხსნა მიითვალა, მაგრამ ფაჩულიას დომინაცია ამ კომპონენტში თვალსაჩინო იყო: ერთი, რომ საკრამენტოელმა ზაზაზე 5 წუთით მეტი ითამაშა, თუმცა ქართველმა ცენტრმა მეტოქის ფარზე 5 ბურთი მოხსნა, დემარკუს ქაზენსმა კი – ვერც ერთი.
„საკრამენტოს“ მთავარმა ლიდერმა შეხვედრა 17 ქულით დაასრულა, რაც მის საშუალო მონაგარზე ბარე 12 ქულით ნაკლებია. მან ქართველ ვიზავიზე გაცილებით ცუდი შედეგიანობით ესროლა. ზაზამ თამაშიდან შესრულებული 5 სროლიდან 4 ჩააგდო, კაზენსმა კი 11-დან 4.
კიდევ არაერთი მაგალითის მოყვანა შეიძლება, რითაც ფაჩულიას უპირატესობას დავინახავთ, თუმცა მთავარი ისაა, რომ ზაზას გუნდმა მოიგო, ხოლო ქართველი ცენტრი მატჩის საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა. ამერიკელებს, რომელთაც მსოფლიოში ყველაზე კარგად ესმით კალათბურთი, საუკეთესოდ არა 30 ქულის მიმთვლელი სტეფ კარი, ანაც 28 ქულის მომგროვებელი კევინ დიურანტი დაასახელეს, არამედ საუკეთესოობა 10 ქულისა და 7 მოხსნის გამჩარხველ ფაჩულიას არგუნეს, რომელმაც მეტოქის მთავარი ლიდერი გააჩერა და წყობილებიდან გამოიყვანა, რის შემდეგაც მასპინძელთა გუნდის დამრცხება სირთულეს აღარ წარმოადგენდა და ასეც მოხდა: „გოლდენ სტეიტმა“ 117:106 მოიგო და ლიგაში ლიდერობა 38-დან მოგებული 32 მატჩით განიმტკიცა.
რაც შეეხება ფაჩულიას სრულ სტატისტიკას, ის შემდეგნაირად გამოიყურება: 22 წუთი, 10 ქულა, 7 მოხსნა (5 შეტევაში), 3 ჩაჭრა, 2 პასი. ზაზამ 5-დან 4 ორქულიანი და 2-დან 2 საჯარიმო ჩააგდო. 2017 წელს ზაზამ 4 მატჩი ჩაატარა და ოთხივეში უწი 10-ქულიან ზღვარს. ფაჩულია დღეს ისეთივე პოპულარულია ნბა-ში, როგორც ლებრონი, დიურანტი, კარი ან ნებისმიერი სხვა სუპერვარსკვლავი. ამხელა ყურადღების ცენტრში მყოფი ქართველი ცენტრი ყოველ შეხვედრაში ამტკიცებს საკუთარ ძალას.
მორიგი გამოცდა ფაჩულიას და მის „გოლდენ სტეიტს“ 11 იანვარს, შინ „მაიამისთან“ ელის.