LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ზედაზენი“ Heineken-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი და დისტრიბუტორი გახდა საქართველოში

745
კახაბერ კოტრიკაძე

„ქართული ლუდის კომპანიისთვის“ 2025 წლის პირველი ნახევარი წარმატებული აღმოჩნდა. იმ სიახლეებს შორის, რომლებმაც სწორედ აღნიშნულ პერიოდში მისცეს კომპანიას ბაზარზე კიდევ უფრო წარმატებულად პოზიციონირების საშუალება, განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია „დეილი ჯგუფსა“ და „ტემპო ჯგუფს“ შორის მიღწეული შეთანხმება, რომლის საფუძველზეც „ტემპო ჯგუფი“ „ზედაზენის“ საკონტროლო პაკეტის 60%-ის მფლობელი გახდა. სასმელების ქართული ინდუსტრია კი განვითარების ახალ ეტაპზე გადავიდა 1 ივლისიდან, როდესაც „ზედაზენი” მსოფლიოში ყველაზე ცნობილი ბრენდის, Heineken-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი და დისტრიბუტორი გახდა საქართველოში.

კახაბერ კოტრიკაძე, „ქართული ლუდის კომპანიის“ დირექტორი:

– „ტემპო ჯგუფთან“ მოლაპარაკებები დასრულდა და გარიგებას ხელი მიმდინარე წლის 21 მაისს მოეწერა. ეს მოვლენა მნიშვნელოვანი იყო არა მხოლოდ „ზედაზენისთვის“, არამედ ქვეყნისთვისაც, რადგან საქართველომ ამ თანამშრომლობის საფუძველზე უცხოელი ინვესტორი მიიღო. „ტემპო ჯგუფმა“ უკვე განახორციელა 60 მლნ დოლარამდე ინვესტიცია და ცხადია, ეს ტრანზაქცია არ არის ერთადერთი და უკანასკნელი.

„ტემპო ჯგუფი“ წარმოადგენს სასმელების ერთ-ერთ უმსხვილეს მწარმოებელ და დისტრიბუტორ კომპანიას, რომელიც 1954 წლიდან საქმიანობს ისრაელსა და მის ფარგლებს გარეთ. მისი პორტფელი აერთიანებს ისეთ მსოფლიო ბრენდებს, როგორებიცაა Heineken, Pepsi, XL, Chivas Regal და სხვა. აღსანიშნავია, რომ ლუდის ინდუსტრიის გლობალური ლიდერი Heineken, თავის მხრივ, „ტემპო ჯგუფის“ 40%-იან წილს ფლობს.

ის, რომ „ტემპო ჯგუფმა“ არა მხოლოდ ჩვენი ქვეყნისთვის, ზოგადად, რეგიონისთვის და მსოფლიოსთვის ამ რთულ პერიოდში, როდესაც ჭირს ნებისმიერი სახის პროგნოზების კეთება, ნდობა გამოგვიცხადა, არის გამოხატულება იმისა, რომ მას სჯერა საქართველოს მომავლის, ქართული პროფესიონალიზმის და ამ არეულ პერიოდში ეს ცალსახად დადებითი მოვლენაა. საქართველოს ბაზარზე „ტემპო ჯგუფის“ შემოსვლა ახალ შესაძლებლობას გახსნის ქართული ეკონომიკისთვის და ადგილობრივი ბიზნესების განვითარებას შეუწყობს ხელს.

„ტემპო ჯგუფთან“ გარიგების დასრულება სტრატეგიული თანამშრომლობის პირველი ნაბიჯია. იგეგმება ინვესტიციების ახალი ტალღა, რომელიც მოიცავს პროდუქციის განვითარებას, საწარმოო სიმძლავრეების გაზრდასა და ინოვაციური სტრატეგიების დანერგვას, რაც მაქსიმალურად იქნება მორგებული ადგილობრივი ბაზრის საჭიროებებზე.

რაც შეეხება „ქართული ლუდის კომპანიის“, როგორც „ჰაინეკენის“ ექსკლუზიურ წარმომადგენლად და დისტრიბუტორად პოზიციონირებას საქართველოს ბაზარზე, ეს არა მხოლოდ ჩვენი კომპანიის აღიარებაა, არამედ მნიშვნელოვანი ნაბიჯია „ზედაზენის“ იმიჯისა და ბიზნესის ქვეყნის გარეთ ზრდაში.

მოგეხსენებათ, „ჰაინეკენი“, რომელიც 1864 წელს დაარსებული კომპანიაა, აღიარებულია არა მხოლოდ პრემიუმ ბრენდად, არამედ ლუდის კატეგორიის ეტალონადაც, რომელიც ხარისხის, სტანდარტებისა და გემოვნური მახასიათებლების განმსაზღვრელია. მისი დამატება „ზედაზენის“ პორტფელში, ერთი მხრივ, მნიშვნელოვნად გაზრდის ბრენდის ხელმისაწვდომობას მომხმარებლისთვის, მეორე მხრივ კი, გააძლიერებს „ზედაზენის“ პოზიციებს პრემიუმ სეგმენტში.

„ჰაინეკენი“, რომლის პროდუქციაც 190-ზე მეტ ქვეყანაშია ხელმისაწვდომი, განსაკუთრებულად ერთგულებს ისეთ ღირებულებებს, როგორებიცაა ხარისხი, მომხმარებლის ნდობა, პასუხისმგებლობა გარემოსადმი, პასუხისმგებლობა თანამშრომლებისადმი. შესაბამისად, ლუდის ბაზარზე ნომერ პირველი მოთამაშის შენს პარტნიორად და მეწილედ ყოფნა არის გარანტი იმისა, რომ ეს ღირებულებები შენს ქვეყანაშიც უფრო მეტად განვითარდება.

„ზედაზენი“, შეთანხმების საფუძველზე, ადგილობრივ ბაზარზე წარმოადგენს „ჰაინეკენის“ ფართო პორტფელს, რომელშიც შედის ისეთი საერთაშორისო ბრენდები, როგორებიცაა Heineken, Amstel, Krusovice და სხვა.

აუცილებლად უნდა აღვნიშნოთ ისიც, რომ „ტემპო ჯგუფი“ და „ჰაინეკენი“ მსოფლიოში ინოვაციებისა და ტექნოლოგიების გამავრცელებლებიც არიან. „ტემპო ჯგუფი“ ლიდერია, მაგალითად, ლოგისტიკური გადაწყვეტილებების მიმართულებით. ცხადია, მისი გამოცდილება საქართველოში ლოგისტიკის მიმართულების განვითარებაში დაგვეხმარება. ერთი სიტყვით, „ტემპო ჯგუფთან“ და „ჰაინეკენთან“ პარტნიორობით, ჩვენ ვიწყებთ ახალ ეტაპს, რომელიც ტექნოლოგიური განვითარებისა და ინოვაციური მიდგომების ახალ შესაძლებლობებს გვიხსნის, რაც ხელს შეუწყობს როგორც ადგილობრივ განვითარებას, ისე ქვეყნის პოზიციონირებას რეგიონული სასმელების ჰაბად.

magti 5g