ფინანსთა სამინისტრო ბიზნესისთვის დღგ-ს ზედმეტობის დაბრუნების გამარტივებული სისტემის დანერგვას იწყებს, – ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა მამუკა ბახტაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მისი თქმით, სპეციალურად შექმნილი პროგრამული უზრუნველყოფა და ინფრასტრუქტურა ავტომატურ რეჟიმში დააბრუნებს დღგ-ს ზედმეტობას.
”საქართველოს ფინანსთა სამინისტრო იწყებს მეწარმეებისთვის იმ მასშტაბური რეფორმის აღსრულებას, რომელიც ჩვენ დავაანონსეთ გასულ წელს ბიზნეს ასოციაციებთან შეხვედრის დროს. ამავე დროს, ეს რეფორმა განვიხილეთ 2018 წლის ბიუჯეტის დამტკიცების დროს საქართველოს პარლამენტში და ეხება დამატებითი ღირებულების გადასახადის ზედმეტობის დაბრუნების ავტომატური სისტემის დანერგვას, რაც წარმოადგენს ჩვენი ბიზნესისთვის ერთ-ერთ ყველაზე აქტუალურ ამოცანას. გამომდინარე იქიდან, რომ რეფორმისთვის შესაბამისი პროგრამული უზრუნველყოფის სისტემის შექმნას სჭირდება ორი კვარტალი, ამის შემდგომ აუცილებელია პერიოდი მისი დანერგვისთვის, ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ამ აუცილებელი ინფრასტრუქტურის შექმნის პარალელურად მომდევნო კვირის ორშაბათიდან დავიწყოთ დღგ-ს ზედმეტობის გამარტივებულ და ლიბერალურ რეჟიმში დაბრუნება ქართველი მეწარმეებისთვის. ამ გადაწყვეტილების მთავარი მიზანია, რომ ბიზნესმა მყისიერად იგრძნოს აღნიშნული რეფორმით გამოწვეული უპირატესობები და დადებითი შედეგები. ის სექტორები და ბიზნეს ორგანიზაციები, რომლებიც წარმოადგენენ დღგ-ს ზედმეტობის მქონე კომპანიების აბსოლუტურ უმრავლესობას და აკმაყოფილებენ ყველა ძირითად კრიტერიუმს, საქართველოს ფინანსთა სამინისტრო სთავაზობს 5 დღიან ვადაში დღგ-ს ზედმეტობის დაბრუნებას, ხოლო ის კომპანიები, რომლებსაც ობიექტური მიზეზების გამო დრო სჭირდებათ, რომ აღნიშნული კრიტერიუმები დააკმაყოფილონ, ფინანსთა სამინისტრო გამოთქვამს მზადყოფნას, რომ 14-დღიან ვადაში დაუბრუნოს დღგ-ს ზედმეტობის ის ოდენობა, რაც მათ ობიექტურად ეკუთვნით. კიდევ ერთხელ განვმარტავთ, რომ დამატებული ღირებულების გადასახადის ზედმეტობის დაბრუნების ავტომატური სისტემის სრულფასოვანი ამოქმედების შემდეგ ბიზნესს დამატებით არ ექნება შეხება ბიუროკრატიასთან. სპეციალურად შექმნილი პროგრამული უზრუნველყოფა და ინფრასტრუქტურა ავტომატურ რეჟიმში დააბრუნებს დღგ-ს ზედმეტობას. უკვე მზადდება შესაბამისი კანონქვემდებარე აქტები, რომელიც უახლოეს პერიოდში ამოქმედდება. ასე, რომ მსურს კიდევ ერთხელ დავუდასტურო ქართველ მეწარმეებს და მივულოცო აღნიშნული რეფორმის დაწყება და მოვუწოდო მათ, რომ მაქსიმალურად ჩაერთონ აღნიშნული რეფორმის ამოქმედების პროცესში მომავალი კვირიდან”, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.