უკრაინა არ დათანხმდება რუსეთთან გაყინულ კონფლიქტს, – ამის შესახებ ვოლოდიმირ ზელენსკიმ Wall Street Journal-ის კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მისი თქმით, რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო, რადგან იმედოვნებდა, რომ დემოკრატიული მსოფლიო ვერ გაბედავდა კონსოლიდირებულ რეაგირებას, თუმცა რუსეთის ხელისუფლება შეცდა.
ამასთან, როგორც ზელენსკიმ აღნიშნა, რუსეთის აგრესიაზე მსოფლიოს ეფექტიანი რეაქცია არის ყველაზე რეალური პრევენცია სხვა მომავალი ომებისგან.
„ჩვენ არ წავალთ გაყინულ კონფლიქტზე. მე პრეზიდენტი გავხდი, როდესაც იყო მინსკის პირველი და მეორე შეთანხმებები. იყო შესაბამისი დოკუმენტები, რომლებიც დაირღვა, ასე რომ შემიძლია ვთქვა, რომ ეს დოკუმენტები არ იყო სერიოზული. იყო შეთანხმებები ქაღალდზე, ეს იყო გაყინული კონფლიქტი.
მე ამის წინააღმდეგი ვარ. ჩვენ ნამდვილად არ გვექნება მსგავსი დოკუმენტი“, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.
ზელენსკის თქმით, უკრაინა არ გასულა მინსკის შეთანხმებებიდან, რუსეთისგან განსხვავებით, რომელმაც ეს გააკეთა პუტინის მიერ ფართომასშტაბიანი ინტერვენციის გამოცხადების შემდეგ.
„უკრაინა ასეთ დიპლომატიურ ჭაობში ნამდვილად აღარ შევა“, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.