ზემო ფონიჭალაში დღეს მომხდარი ტრაგიკული შემთხვევა მაღალი ალბათობით არ უკავშირდება ყაჩაღობას, რადგან სამართალდამცველების მიერ შემთხვევის ადგილზე ნაპოვნია ფული და ძვირფასი ნივთები, ამის შესახებ შსს-ში აცხადებენ.
უწყების ინფორმაციით, ამ ეტაპზე მიმდინარეობს ინტენსიური ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებები.
„ინტერპრესნიუსის“ ცნობით კი მოკლული ქალის მეუღლე ოთარ მამფორია და მეზობლები ამ დროისთვის დაკითხვაზე იმყოფებიან. ოჯახის ახლობლის თქმით, ადგილი ჰქონდა ყაჩაღობას, რის შედეგადაც სახლიდან 7 000 ამერიკული დოლარი და დიდი ოდენობით ოქროა წაღებული. ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები ამ დრომდე მუშაობენ.
ადგილობრივების განცხადებით, გარდაცვლილები არიან 35 წლის ნინა რომანაძე და მისი 3 წლის გოგონა. ნინა რომანაძე საცხოვრებელი ბინის მისაღებ ოთახში იპოვეს, ხოლო 3 წლის გოგონა საძინებელში დამწვარი ნახეს. 35 წლის ქალს ცივი იარაღით ყელის არეში ჭრილობები აქვს მიყენებული. მეზობლების ინფორმაციით, მათ ცხედრები დაახლოებით 13:00 საათზე მას შემდეგ აღმოაჩინეს, რაც ბინიდან გამომავალი კვამლი შენიშნეს.