საფეხბურთო კლუბ “ზესტაფონის” პრეზიდენტმა ილია კოკაიამ მეგობარ ალპინისტთა ჯგუფთან ერთად საქართველოს ერთ-ერთი უდიდესი მწვერვალი – თეთნულდი (4 869 მეტრი) დალაშქრა.
ამის შესახებ ინფორმაცია და ფოტოები სოციალურ ქსელში კლუბის პრეზიდენტის გვერდით ვრცელდება.
თეთნულდზე ილია კოკაიამ საქართველოს სახელმწიფო და საფეხბურთო კლუბ “ზესტაფონის” დროშები აიტანა.
მწვერვალი თეთნულდი სვანეთის კავკასიონის მთავარ წყალგამყოფ ქედზე, მდინარე ენგურის სათავეებში მდებარეობს. აგებულია ძირითადად ძველი კრისტალური ქანებისაგან. თეთნულდი 3000 მ-ს ზემოთ დაფარულია მუდმივი თოვლით. ეს მწვერვალი გამყინვარების დიდი ცენტრია.
თეთნულდზე მთასვლელები პირველად 1930 წელს ავიდნენ.

