„ზესტაფონი ყოველთვის იყო ინდუსტრიული ცენტრი, დღეს მისი მნიშვნელობა კიდევ უფრო გაიზარდა. ვაშენებთ აღმოსავლეთ-დასავლეთის დერეფანს, სადაც ერთ-ერთი გადამწყვეტი სწორედ შორაპანი-არგვეთას მონაკვეთია, მეოთხე მონაკვეთს აქვს უკიდურესად დიდი მნიშვნელობა იმისთვის, რომ ზესტაფონი განიტვირთოს მოძრაობისგან. ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ, რომ ეს მონაკვეთიც ეტაპობრივად დავაჩქაროთ და უფრო ადრე შევიდეს ექსპლუატაციაში”, – განაცხადა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ირაკლი ქარსელაძემ ზესტაფონში ,,ქართული ოცნების“ კანდიდატის წარდგენაზე.
მინისტრმა ისაუბრა ზესტაფონში აღმაშენებლის გამზირის რეაბილიტაციაზე და ახსნა მისი გაჭიანურებული სამუშაოების მიზეზები – შეიცვალა მიწისქვეშა ინფრასტრუქტურა, რომელიც წლების განმავლობაში არ შეცვლილა.
“2025 წლის ბოლოსთვის, ჩვენი შესაბამისი გეგმის და სტრატეგიის მიხედვით, ზესტაფონს 24 საათიანი წყალმომარაგება ექნება. რა თქმა უნდა გამოწვევად რჩება ზესტაფონის მიმდებარე სოფლები, ესეც გათვალისწინებული გავქვს, ჩვენი სტრატეგიის მიხედვით, 2030 წლისთვის საქართველოს ყველა სოფელს და ქალაქს ექნება სტანდარტის შესაბამისი წყალმომარაგება. ამბიციური გეგმაა, 9 მილიარდი ლარი არის ჩვენი წინასწარი შეფასებით, რაც დასჭირდება წყალმომარაგებას და წყალარინებას, მაგრამ ამაზე უკვე გაგვაჩნია კონკრეტული სამოქმედო გეგმა”, – განაცხადა ირაკლი ქარსელაძემ.