„მაუწყებლობის შესახებ“ კანონში ცვლილებებს, რომლის მიხედვით, სიძულვილის ენისა და ტერორიზმისკენ მოწოდების შემცველი პროგრამებისა და რეკლამის გავრცელება იკრძალება, რამდენიმე კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე დეპუტატებს დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ეკა სეფაშვილი აცნობს.
კანონპროექტს, რომლის ინიციატორები „ქართული ოცნების“ დეპუტატები არიან, დღეს შეფასებები მოჰყვა ოპოზიციურ სპექტრში.
„ლელოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა ანა ნაცვლიშვილმა განაცხადა, რომ “ცინიკურია საუბარი ზიზღის და სიძულვილის წაქეზებაზე და ამ კონტექსტით მედიისთვის ახალი რეგულაციების დაწესებაზე, როცა, ამ შენობიდან 20 ნაბიჯის მანძილზე თქვენს მიერ წარმოებული სიძულვილის პოლიტიკის გამო ადამიანია მოკლული”.
როგორც ნაცვლიშვილმა აღნიშნა, რაც პოზიტიურია ამ კანონპროექტში, მხარს უჭერს, თუმცა, საკითხები, რომელიც სამოქალაქო საზოგადოების, ოპოზიციის, მედიაექსპერტების საერთო შეშფოთებას იწვევს, ფარო კონსენსუსის მიღწევამდე ამ კანონპროექტიდან უნდა გამოიყოს.
“ბატონი არჩილ თალაკვაძე ამბობდა, ვერ დაველოდები სასამართლოს და სასწრაფოდ მინდა პასუხის უფლება მომცენო. არსებული მექანიზმი ითვალისწინებს სასამართლოში წასვლას, მაგრამ რადგან იგონებთ ახალს, ე.ი. არსებული არ მოგწონთ. მიხარია, რომ თქვენს მიერ რეფორმირებული სასამართლო არ ვარგა. ძალიან, ძალიან, ძალიან ცინიკურია საუბარი ზიზღის და სიძულვილის წაქეზებაზე და ამ კონტექსტით მედიისთვის ახალი რეგულაციების დაწესებაზე, როდესაც, ამ შენობიდან 20 ნაბიჯის მანძილზე თქვენს მიერ წარმოებული სიძულვილის პოლიტიკის გამო ადამიანი არის მოკლული. ეს არ დაგავიწყდეთ! ყოველ ჯერზე შეგახსენებთ ამას ვინც არ უნდა იდგეს ამ ტრიბუნასთან და ვინც არ უნდა იჯდეს ამ დარბაზში. მე აღარაფერს ვამბობ იმ ძალიან სამარცხვინო მოქმედებებზე, როდესაც ეთნიკური, რელიგიური და სხვა განსხვავებულობის ნიშნით საქართველოს მოქალაქეებს ძალიან შეურაცხმყოფელი შემთხვევები დაატყდათ თავს საქართველოს რეგიონებში – ღორის თავის დაკიდებით დაწყებული და ა.შ. რომელზედაც სამართლებრივი რეაგირება კი არა, პოლიტიკური განცხადებებიც ჭირს რომ გაკეთდეს“, – განაცხადა ნაცვლიშვილმა.
მისივე თქმით, ძალიან დამაზიანებელია, რომ ევროკავშირში ინტეგრაციის და ევროდირექტივის შესრულების საფარქვეშ უნდა შემოვიდეს რამდენიმე მუხლი, რომელიც ძალიან დამაზიანებელია არა მარტო მედიისთვის, საზოგადოების აღქმისთვისაც.
ევროპასთან ინტეგრაციის, ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის და საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე „გირჩის“ ერთ-ერთი ლიდერი ალექსანდრე რაქვიაშვილი დაინტერესდა, რას ემსახურება კანონში ცვლილებები და როგორ, რა სისტემით უნდა გაიზომოს ზიზღის წაქეზება.
„აქ არის ერთი ჩანაწერი და შინაარსი მაინტერესებს: რას ნიშნავს, „იკრძალება ისეთი პროგრამის ან რეკლამის გავრცელებს, რომელიც პირის ან ჯგუფის მიმართ შეზღუდული შესაძლებლობების, ეთნიკური ან სოციალური წარმომავლობის, გენდერის, სქესის, გენდერული მიკუთვნების, ეროვნების, რასის, რელიგიის ან რწმენის, სექსუალური ორიენტაციის, კანის ფერის, გენეტიკური მახასიათებლების, ენის, პოლიტიკური ან სხვა შეხედულების, ეროვნული უმცირესობის წევრობის, ქონების, დაბადების, ან ასაკის ნიშნით ძალადობის ან ზიზღის წაქეზება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ეს აუცილებელია პროგრამის შინაარსიდან გამომდინარე“. შეგიძლიათ მომიყვანოთ მაგალითი, როგორ შეიძლება რაიმე მნიშვნელოვანზე იმსჯელოთ, რაიმე პრობლემაზე ისე, რომ ეს პუნქტი არ დაირღვეს? აქ ასევე წერია, რომ ასე სიტყვის თავისუფლებას ვიცავთ.
რომ ვთქვა – თეთრკანიანი, მელოტი მამაკაცი ეკონომისტების დედაც ვატირე, ეს აკრძალული იქნება? და რატომ არ მაქვს ამის უფლება ბოლოს და ბოლოს? კიდევ იცით, რა არ მესმის – ზიზღი რას ნიშნავს? ანუ ვიღაც ადამიანებმა, ბიუროკრატებმა, რომლებიც დაინიშნნენ, მათ უნდა გადაწყვიტონ ამ ჩემი გამონათქვამით ზიზღის წაქეზება მოხდა თუ არა? ანუ ზიზღი რა არის? განმარტება ხომ უნდა იყოს კანონში? როგორ იზომება ეს წაქეზება? ათქულიანი სისტემა გვექნება? გამოდის, ვისაც ადამიანებს ვაძლევ უფლებას ჩემი გამონათქვამი იყო თუ არა ზიზღის შემცველი და მოხდა თუ არა წაქეზება.
ეს ხომ აბსურდია და ვერ შეიძლება იყოს სიტყვის თავისუფლების დაცვისთვის?! თუ თქვენ ეს მოგწონთ, მაშინ პირდაპირ ჩავწეროთ, რომ ვზღუდავთ სიტყვის თავისუფლებას იმისთვის, რომ რაღაცები ვაკეთოთ. უბრალოდ დაუშვებელია სიტყვების მიმართ ასეთი უპატივცემულობა. წერია, რომ ვიცავთ სიტყვის თავისუფლებას და მერე ეს [რაც წავიკითხე], როგორ არის ეს ერთმანეთთან თავსებადი, თუ შეიძლება განმიმარტეთ. მაგალითად, შეგიძლიათ შეაფასოთ რამდენად კონსტრუქციულად იქცევა „ნაციონალური მოძრაობა“ ზოგადად? მაინტერესებს, ეს თქვენი შეფასება იქნება ამ პუნქტთან თანხვედრაში თუ არა?!“ – განაცხადა რაქვიაშვილმა.
პარლამენტში საკომიტეტო მოსმენაზე ტელეკომპანია „კავკასიის“ გენერალურმა დირექტორმა, ნინო ჯანგირაშვილმა აღნიშნა, ცვლილებების ნაწილი სწორედ მედიის ფინანსური დასუსტებისკენაა მიმართული, შესაბამისად, ჯანგირაშვილი მიიჩნევს, რომ რომ პარლამენტმა არ უნდა მიიღოს ის ცვლილებები, რაც მედიის მდგომარეობას გააუარესებს.
„ჩვენ ვწუხვართ იმაზე, რომ 300 000 ლარი რომ აქვს ერთ ტელევიზიას ჯარიმები ერთბაშად და ამ თანხის გადახდა ტელევიზიის ფუნქციონირების შეჩერებას გამოიწვევს. ამიტომ [დაჯარიმებაზე გადაწყვეტილების] აღსრულება სასამართლოს გადაწყვეტილებამდე არ შეიძლება ხდებოდეს..
ვერავინ დამარწმუნებს, რომ ევროდირექტივის სულისკვეთება ეს არის, რომ ტელევიზიები დაიხურონ ფინანსური სანქციების გამო“, – განაცხადა მან.
ჯანგირაშვილმა მიმართა პარლამენტარ არჩილ თალაკვაძეს და უთხრა, რომ „უმრავლესობას რომ მოენდომებინა მედიასთან მუშაობა, დავსხდებოდით, – არა კომიტეტის სხდომაზე, – ვიმსჯელებდით და შუალედურ გადაწყვეტილებამდე მივიდოდით“, რაც „ოცნებამ“ არ გააკეთა.
პარლამენტის ვიცე – სპიკერმა არჩილ თალაკვაძემ „მაუწყებლობის შესახებ კანონში“ ცვლილებების კომენტირებისას განაცხადა, რომ დემოკრატიულ საზოგადოებაში და თავისუფალი მედიის პირობებში, არანაირი პრობლემა არ არის იმაში, თუ ადამიანს ექნება კანონით დაცული საშუალება, წარმოადგინოს პოზიცია იმ საკითხებზე, რასაც მედია აშუქებს.
“თქვენ ჟურნალისტები, მაინტერესებს, როცა სიუჟეტს აკეთებთ, გაქვთ, თუ არა პოზიტიური ვალდებულება, ინფორმაცია გადაამოწმოთ და მეორე მხარესაც მისცეთ პასუხის და პოზიციის გამოხატვის საშუალება? თქვენ თვითონ ამბობთ, რომ ამის პოზიტიური ვალდებულება გაქვთ. მიმდინარეობს არაერთი სასამართლო დავა ცილისმწამებლურ განცხადებებთან, ყალბ ნიუსებთან, დეზინფორმაციასთან დაკავშირებით.
მხოლოდ ის, რასაც თქვენ საჯაროდ აღიარებთ, რომ თქვენი პოზიტიური ვალდებულებაა, აისახება კანონმდებლობაში და ვფიქრობ, არანაირი პრობლემა დემოკრატიულ საზოგადოებაში, თავისუფალი მედიის პირობებში, არ არის იმაში, თუ ადამიანს ექნება კანონით დაცული საშუალება, პასუხი გასცეს კითხვებს და წარმოადგინოს საკუთარი პოზიცია იმ საკითხებზე, რასაც მედია აშუქებს და მაღალი საჯარო ინტერესის საგანი ხდება ხოლმე. რაც შეეხება სასამართლო დავებს, თუ დავების რაოდენობამ მოიმატა, ეს ახლა გახლავთ მომატებული იმის გამო, რომ ხშირად პოლიტიკურად ანგაჟირებული მედიასაშუალებები და ჟურნალისტები არ აძლევენ კონკრეტულ ადამიანებს საშუალებას, საკუთარი პოზიცია დააფიქსიროს,”- განაცხადა თალაკვაძემ.
“მაუწყებლობის შესახებ კანონს “პასუხის უფლების” შესახებ სპეციალური მუხლი ემატება.
კანონპროექტით პასუხის უფლება იმ პირს ენიჭება, ვისი კანონიერი უფლებაც მაუწყებლის პროგრამაში არასწორი ფაქტების გადაცემით შეილახა. პროექტის გათვალისწინებით, დაინტერესებული პირი უფლებამოსილია მოსთხოვოს შესაბამის მაუწყებელს საწყის განცხადებაში მოცემული მცდარი ფაქტის თანაზომადი საშუალებებითა და ფორმით შესწორება ან უარყოფა.
მცდარი ფაქტის თანაზომადი საშუალებებითა და ფორმით შესწორებაზე ან უარყოფაზე მაუწყებლის უარი შეიძლება კომისიაში ან სასამართლოში გასაჩივრდეს.
ცნობისთვის, „ფორტუნას“ ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის აღმასრულებელმა დირექტორმა მარიამ გოგოსაშვილმა განუცხადა, რომ აღნიშნული ცვლილება საფრთხის შემცველია.
„ცვლილება საფრთხის შემცველია. გამოიწვევს მაუწყებლების მხრიდან არაერთგვაროვან დამოკიდებულებას. შედეგად კი შესაძლებელია მოხდეს სანქციების გამოყენება, რაც ბოლო დროს როგორც ვნახეთ, ძალიან მაღალია და შესაძლოა, მაუწყებელს მისი გადახდა ძალიან გაუჭირდეს“. – აღნიშნა მარიამ გოგოსაშვილმა „ფორტუნასთან“ საუბარში.
მედიაექსპერტის, ლაშა ტუღუშის განცხადებით, „მაუწყებლობის შესახებ“ კანონში ცვლილებების პროექტი თუ იმ ფორმით დარჩება, რა ფორმითაცაა შემუშავებული, „ეს იქნება პოლიტიკური იარაღი, რომელიც რაღაც მომენტში აუცილებლად გაისვრის მედიის წინააღმდეგ“.
პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური კომიტეტმა პირველი მოსმენით მიიღო ცვლილებები მაუწყებლობის შესახებ კანონში. კანონპროექტი დაჩქარებული წესით წარადგინეს პარლამენტში, თუმცა როგორც ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მაკა ბოჭორიშვილმა განაცხადა, მისი განხილვა სტანდარტული პროცედურით გაგრძელდება.
ჯერჯერობით უცნობია, როდის გაიმართება პირველი პლენარული მოსმენა.