ანუნა მდივნიშვილი და დუდა სანაძე მეორე შვილის მშობლები გახდნენ. პატარა ნინა სამყაროს ნინოობას მოევლინა. ანუნა ჟურნალ „თბილისელებს“ ესაუბრება.
ანუნა მდივნიშვილი:
საბედნიეროდ, ღმერთის წყალობით, ყველაფერმა მშვიდად და გეგმის მიხედვით ჩაიარა და ჩვენი გოგონა ნინოობას დაიბადა. ბავშვის სახელი – ნინა დიდი ხნით ადრე მოვიფიქრეთ, მაგრამ რადგან საკეისროს ვიკეთებდი და თარიღის შერჩევა შეგვეძლო, ამ დღეს დავამთხვიეთ. ძალიან მიხარია, რომ ყველაფერი ასე კარგად აეწყო.
– საქართველოში დიდი ხნით დარჩებით?
– ზაფხულს აქ გავატარებთ. ზუსტად არ ვიცი, სექტემბრიდან სად წავალთ, მაგრამ სადაც არ უნდა იყოს, ერთად წავალთ. თავიდან მარტივი არ იქნება. სანამ რუტინას შეეჩვევი, რთულია, მაგრამ ერთად დავლაგდებით. რაც პირველი შვილი შეგვეძინა, მას შემდეგ მე, ძირითადად, საქართველოში ვარ, დუდა დადის მარტო. მაგრამ, ახლა უკვე ერთად მოგვიწევს წასვლა.
ზოგი მეორე შვილის დაბადების შემდეგ უფრო ქაოსურ მდგომარეობაშია, მე – პირიქით, ძალიან მშვიდად ვარ, ალბათ, იმიტომ, რომ ბავშვიც ძალიან მშვიდია. ჭამს და სძინავს, მართლა ვერ გაიგებ, სახლში პატარა თუა. აქედან გამომდინარე, სტრესსა და დაძაბულობას საერთოდ არ განვიცდი. პირიქით, ვირგებ ამ ყველაფერს და თავს ძალიან კარგად ვგრძნობ. ამ პერიოდში უძილობა ყველას აქვს, ახალშობილს სჭირდება ხშირად გაღვიძება, მაგრამ რადგან არ ტირის, ესეც მშვიდად გადაგვაქვს. ამიტომ, როცა ყველას ერთად მოგვიწევს წასვლა, ვფიქრობ, რომ არ გაგვიჭირდება. დუდას დიდი იმედი მაქვს. ბავშვებთან მიმართებაში ძალიან აქტიურია. გიორგის საჭიროებები თავიდან ბოლომდე თავის თავზე აქვს აღებული, თან, ძალიან კარგად ართობს და როცა აქ არის, ძალიან მეიმედება. თუ დამატებით დამჭირდება დახმარება, თუნდაც სახლის საქმეში, ალბათ, ამასაც მოვაგვარებთ.
– დასვენებას როგორ გეგმავთ?
– დუდა რომ ჩამოდის, ყოველთვის ისეთი შეგრძნება მაქვს, რომ მალე სადღაც უნდა წავიდეს. ამჯერადაც ასეა და იმედია, გადამივლის ეს ფიქრები. ივლისის ბოლომდე არსად არ უწევს წასვლა და მინდა, მისი აქ ყოფნა შევირგო. ჯერ კონკრეტული არაფერი დაგვიგეგმავს, ალბათ, ნინა ერთი თვის რომ გახდება, მერე გავალთ ქალაქგარეთ. ოჯახთან ერთად, დუდასაც სჭირდება დასვენება. მართლა ძალიან რთულია ოჯახის გარეშე ყოფნა, არ ვიცი, როგორ გაძლო, ამისთვის ცალკე ჯილდო ეკუთვნის. როგორია მარტო ყოფნა, როცა სახლში ცოლი, შვილი, ოჯახი გეგულება და მეორე შვილს ელოდები. თქვა კიდეც, დამთავრდა, გამორიცხულია, მარტო აღარსად წავალო. აგვისტოში უკვე ევროპის ჩემპიონატი იწყება და ალბათ, ყველა ერთად წავალთ ბიჭების საგულშემატკივროდ.