“როგორ მესმის ზოგიერთი იმ ადამიანის, რომელიც ელოდა საქართველოში თვითმფრინავის ჩამოვარდნას, ისე როგორც სისტემის დანგრევას ელოდება დღეს რამდენიმე ადამიანი. მე მინდა ყველა მათგანს ვუთხრა, კოვზი ნაცარში ჩაუვარდებათ”, – განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ლადო კახაძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე და მადლობა გადაუხადა პილოტებს თემურ თოლომაშვილს და გიორგი გიუნაშვილს, რომლებმაც თვითმფრინავის აეროპორტში უსაფრთხოდ დასმა შეძლეს.
კახაძემ სიტყვით გამოსვლის დროს მოახლოებულ არჩვენებზეც ისაუბრა და თქვა, რომ ქართველი ხალხი იმ შედეგს მიიღებს, რომელსაც ის იმსახურებს:
“ვეებერთელა მადლობა მინდა ვუთხრა ხომალდის მეთაურს თემურ თოლომაშვილს და გიორგი გიუნაშვილს, რომელთაც თავისი უმაღლესი პროფესიონალიზმით გადაარჩინეს თვითმფრინავის ბინადრები და რწმენა დაუბრუნეს კაცობრიობის იმ ნაწილს, რომელიც ურწმუნოებით იყო პროფესიონალიზმის მიმართ გამსჭვალული, რომ მაღალპროფესიონალიზმის ხელში უსაფრთხოება გარანტირებული იქნება და როგორ მესმის ზოგიერთი იმ ადამიანის, რომელიც ელოდა საქართველოში თვითმფრინავის ჩამოვარდნას, ისე როგორც სისტემის დანგრევას ელოდება დღეს რამდენიმე ადამიანი. მე მინდა ყველა მათგანს ვუთხრა, კოვზი ნაცარში ჩაუვარდებათ.
სისტემა გაივლის სუფთა გარემოში და არჩევნებიც სუფთად ჩატარდება და იმ შედეგს მიიღებს ქართველი ხალხი, რომელსაც ის ნამდვილად იმსახურებს.” – თქვა კახაძემ.