საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, დავით ჭიჭინაძის, განცხადებით, „ზრდასრული ადამიანების ურთიერთობის დალაგებაში ბიძინა ივანიშვილის ჩარევა საჭირო არ არის“. ამის შესახებ ჭიჭინაძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, სადაც მმართველ გუნდში მიმდინარე პროცესებზე ისაუბრა.
რაც შეეხება პარტიულ დისციპლინას, ჭიჭინაძის თქმით, ეს არასწორი გამოთქმაა.
„არავის უნდა ეგონოს, რომ „ქართული ოცნება“ ვინმეს კერძო საკუთრებაა, ესაა ქართველი ხალხის არჩევანის შედეგად მოსული პარტია. პარტიის ყოველ წევრს, არამარტო დეპუტატს, თავისი წვლილი აქვს შეტანილი. რას ნიშნავს დისციპლინის დამყარება, მგონი ეს არასწორი გამოთქმაა,“ – განაცხადა დავით ჭიჭინაძემ.
ამ პროცესში ბიძინა ივანიშვილის ჩარევასთან დაკავშირებით უმრავლესობის დეპუტატმა აღნიშნა, რომ ამის საჭიროებას ვერ ხედავს. კითხვაზე, უნდა ჩანაცვლდეს თუ არა პარტიის აღმასრულებელი მენეჯმენტი, მაგალითად გიორგი კვირიკაშვილი ან ირაკლი კობახიძე, ჭიჭინაძემ აღნიშნა, რომ ეს ადამიანები დაკისრებულ მოვალეობას მეტ-ნაკლებად წარმატებით ართმევენ თავს.
.
