LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ზრუნვა არის არა საკუთარი, არამედ მეორე ადამიანის საჭიროებების დანახვა“ – 7 რჩევა ფსიქოლოგისგან

13
nino-nibladze

გადაცემის ლაივი LIVE

რას ნიშნავს მოძრაობა სხვისკენ, როგორ აისახა მოზარდებზე პანდემიის პროცესი – ამ თემაზე გადაცემაში „7 რჩევა ფსიქოლოგისგან“ ფსიქოლოგმა ნინო ნიბლაძემ ისაუბრა.

რას ნიშნავს მოძრაობა სხვისკენ?

ახალშობილი დაბადებიდან იწყებს მოძრაობას სხვისკენ და ეს გამოიხატება მისი ტუჩების მოძრაობით, როდესაც ეძებს ძუძუს, შემდეგ იწყებს ხელებით, თვალებით შემხვედრი მიმართულებით მოძრაობას. მოძრაობა სხვისკენ გრძელდება მთელი ცხოვრება და თუ ეს აღარ ხდება, ადამიანი ვარდება დეპრესიაში. რა ხდება დღეს? პანდემიით მოხდა სხვისკენ მოძრაობის შეფერხება, შეჩერება, რაც ეწინააღმდეგება ბუნებრივ პროცესს.

როგორ აისახა ეს მოზარდებზე?

მათ ძალზე რთული პერიოდი აქვთ, რადგან ახლა იწყებდნენ სამყაროსთან ,,გახსნას” და ამის სანაცვლოდ მოხდა ,,ჩაკეტვა”ან ამ მოძრაობის მინიმუმამდე დაყვანა. ისინი შემოიფარგლნენ ძირითადად ეკრანთან ურთიერთობით და რეალური სამყარო ჩაანაცვლა ვირტუალურმა. შეეჩვივნენ, რომ თავად ნაბიჯის გადადგმა არ უწევთ, სამყარო თავად მოდის მათთან.

რა როლი აქვთ ამ პროცესში მშობლებს?

ისინი უნებურად ხდებიან ამ პროცესის ხელისშემწყობნი და გამაძლიერებელნი მათი სტატიურობის, რადგან ბევრი მათგანი თვლის, რომ ისედაც დაძაბულ, სტრესულ გარემოში აღმოჩნდნენ ბავშვები და მოზარდები, ამიტომ შემამსუბუქებელ გარემოებად მიიჩნევენ ზრუნვის ,,გაძლიერებას”. ეს ძირითადად გამოიხატება მუდმივად მათკენ ,,მოძრაობაში” მაშინაც კი, როდესაც ამის მოთხოვნილება ბავშვებს არ გააჩნიათ და მშობელი თავად გრძნობს ამის საჭიროებას, რომელიც შვილის საჭიროებადაც მიაჩნია. ეს მუდმივი ,,მათკენ მოძრაობა” კი მოზარდებს კიდევ უფრო აჩერებს ადგილზე, ხდის უუნაროს, სტატიურს, უფუნქციოს, ართმევს მოტივს, იმოძრაოს ვიღაცის ან რაღაცისკენ. სამაგიეროდ ენერგია, რომელიც მათში გროვდება, თუ ვერ განიმუხტება, შესაძლოა გახდეს ფსიქო-სომატური დაავადებების ხელშემწყობი ან დაცვითი მექანიზმების წყალობით ბავშვი ,,სწავლობს” როგორ მოერგოს სამყაროს, რომ მისთვის ნაკლებად დისკომფორტული იყოს და ბლოკავს შეგრძნებებს, ემოციებს. მათი მიმიკა, ჟესტები თანდათან მწირი ხდება. საუბრისას უჭირთ თვალებით კონტაქტი. აგზნება,რომელიც მათში გროვდება, განმუხტვას მოითხოვს, თუმცა არ გადადის ქმედებაში. ბავშვი თუ აგზნებულია,მშობელსაც უქმნის დისკომფორტს. ის თავადვე აძლევს პატარას სმარტფონს, რომ ,,დააწყნაროს” და რა ხდება? აგზნება არ სრულდება სხეულებრივი განმუხტვით, ამიტომ ბავშვი აგრძელებს იგივეს კეთებას ეკრანთან განმუხტვის მოლოდინში და ხდება დამოკიდებული მასზე მიჯაჭვული. ის იწყებს ამ მოჯადოებულ წრეზე ტრიალს, საიდანაც მშობელს პრაქტიკულად ვეღარ გამოყავს. დაბლოკილი ემოციებით, შეგრძნებებით, ვიღებთ ნაკლებად ჩართულ მოზარდებს რეალურ ცხოვრებაში და უფრო და უფრო გაზრდილ სტატისტიკას მათთან ფსიქოლოგიური პრობლემების, დეპრესიების. ხშირად ხდება, რომ ეძახით და არ რეაგირებენ, რადგან დაბლოკილი აქვთ შეგრძნებები. ამიტომ ხელი რომ შევუწყოთ მათ გახსნილობას, პირველ რიგში უნდა მივცეთ საშუალება იმოძრაონ ჩვენსკენ, დაველოდოთ მათგან გადმოდგმულ ნაბიჯებს, ნუ გავიქცევით მაშინვე მათკენ თუ შეფერხდებიან. მივცეთ საშუალება იგრძნონ თავიანთი საჭიროებები თავად, შეძლონ გარემოში მოიძიონ დაკმაყოფილების გზები, დაე აღმოჩნდნენ ,,ჩიხში”, რომ იპოვონ გამოსავალი. ჩვენ კი ვაგრძნობინოთ, რომ მათ ზურგს ვუმაგრებთ და ვამხნევებთ ჩვენი ყოფნით.

მშობელს უნდა ახსოვდეს, რომ შვილების და მათი საჭიროებები არ ნიშნავს ერთი და იგივეს და ზრუნვა არის არა საკუთარი, არამედ მეორე ადამიანის საჭიროებების დანახვა. სწორედ ასე ვასწავლით სხვის დანახვას და მოძრაობას სხვისკენ!

 

 

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები