LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ზუგდიდის ტექნოლოგიური პარკი ოფიციალურად გაიხსნა

93

პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა ზუგდიდში ტექნოლოგიური პარკი ოფიციალურად გახსნა.

თბილისის შემდეგ ზუგდიდის ტექნოპარკი მეორეა, რომელიც საქართველოში ამოქმედდა. ის პრეზიდენტის ზუგდიდის რეზიდენციის შენობაში განთავსდა.

დიმიტრი ქუმსიშვილთან ერთად ტექნოპარკის გახსნის ღონისძიებაში ასევე მონაწილეობა მიიღეს სამეგრელო-ზემო სვანეთში სახელმწიფო რწმუნებულმა ლევან შონიამ და ეკონომიკის სამინისტროს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს დირექტორმა ირაკლი ქაშიბაძემ.

„ზუგდიდში ტექნოპარკის გახსნის მიზანია, დავეხმაროთ ადგილობრივ მოსახლეობას, კერძო კომპანიებსა თუ ადგილობრივ მთავრობას, გამოიყენონ აქამდე ძნელად ხელმისაწვდომი ტექნოლოგიები საკუთარი საქმიანობის განვითარებისთვის და მიიღონ ცოდნა როგორც ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სფეროში, ისე მეწარმეობის მიმართულებით,“ – განაცხადა პირველმა ვიცე-პრემიერმა დიმიტრი ქუმსიშვილმა ტექნოპარკის პრეზენტაციისას.

დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, ტექნოლოგიური პარკი მნიშვნელოვანია რეგიონის განვითარებისთვის. მისი თქმით, ეს არის უნიკალური შესაძლებლობების სივრცე, პროგრესული წინსვლის საშუალება, მომავლის პროფესიების ფორმირების ადგილი და ინოვაციური ბაზრის გაფართოების პლატფორმა.

„ეს არის მეორე ტექნოპარკი საქართველოში, რომელიც აღჭურვილია უახლესი ტექნიკით და ტექნოლოგიებით, იმაზე უფრო უახლესით, ვიდრე თბილისის ტექნოპარკში გვაქვს. 700კვ.მ. ფართის შენობა ნაგებობები დღეს მთლიანად არის გახსნილი სივრცე, გახსნილი ცოდნისთვის, სიახლეებისთვის, ინოვაციებისთვის, ჩვენი ბავშვებისთვის და ახალგაზრდებისთვის. მე ძალიან მოხარული ვარ, რომ დღეიდან ზუგდიდელებს და ყველას დასავლეთ საქართველოში აქვს შესაძლებლობა მიიღოს ყველა ის სერვისი და მომსახურება, რომელიც თბილისის ტექნოპარკში გვაქვს. სივრცე არის გახსნილი, მომსახურებები არის აბსოლიტურად უფასო, შესაბამისად, მე მინდა, რომ მოვიდეს ყველა და ნახოს, თუ რამხელა სიკეთეა აქ დღეს და რა ცოდნის კარი გაიხსნა“, – განაცხადა პირველმა ვიცე-პრემიერმა.

დიმიტრი ქუმსიშვილმა ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს გუნდს ნაყოფიერი შრომისთვის მადლობა გადაუხადა.

„ჩვენი პრემიერ მინისტრის, გიორგი კვირიკაშვილის ინიციატივა –  „სტარტაპები“ პროექტი არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი რეფორმა, რომელიც დავიწყეთ და სწორედ მას  ვუყრით საფუძველს  დღეს ზუგდიდში“, – აღნიშნა დიმიტრი ქუმსიშვილმა.

ზუგდიდის ტექნოპარკში წარმოდგენილი იქნება როგორც სამრეწველო ინოვაციების უნივერსალური ლაბორატორია (ფაბლაბი), ისე სასწავლო ცენტრი, co-working ცენტრი, საკონფერენციო დარბაზი, კომპანიებისთვის ერთობლივი სამუშაო ადგილები, რეკრეაციული სივრცე და სხვა სერვისები,  რომლებიც ქმნიან ერთიან ეკოსისტემას ინოვაციებისა და ტექნოლოგიების მიმართულებით და ხელს უწყობენ ინოვაციური იდეების განვითარებას რეგიონში.

ზუგდიდის ტექნოლოგიური პარკი დამწყებ და პატარა კომპანიებს შესთავაზებს ისეთ რესურსებს, რომლებიც მათთვის აქამდე ძნელად ხელმისაწვდომი იყო.

იგი განსაკუთრებულ როლს ითამაშებს რეგიონში ახალი ბიზნესისა და ახალი კომპანიები სდაარსებაში, არსებული ბიზნესის განვითარებაში, ინოვაციების კომერციალიზაციასა და მაღალანაზღაურებადი სამუშაო ადგილების შექმნაში.

ზუგდიდის ტექნოპარკი მოიცავს ისეთი ნოვაციურ სერვისებსა და სივრცეებს, როგორებიცაა FabLab-სერვისები: მოდელირება, მატერიალიზაცია, ტრენინგები, კონსულტაციები, სტადიტური,  საერთო სამუშაო სივრცე ძლიერი კომპიუტერული ტექნიკით და ა.შ.

ზუგდიდის ტექნოპარკისთვის სამუშაო კადრები ადგილობრივად, კონკურსის წესით შეირჩა, მენეჯერები და ტექნიკური სპეციალისტები გადამზადნენ თბილისის ტექნოპარკსა და ტრენინგები გაიარეს სხვადასხვა ლაბებში.

ზუგდიდში ტექნოპარკის გახსნის მიზანია, კერძო კომპანიებმა თუ ადგილობრივმა მთავრობამ გამოიყენოს აქამდე ძნელად ხელმისაწვდომი ტექნოლოგიები საკუთარი საქმიანობის განვითარებისთვის და მიიღონ ცოდნა როგორც ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სფეროში, ისე მეწარმეობის მიმართულებით.

მნიშვნელოვანია ადგილობრივმა დამწყებმა ბიზნესმენებმა იცოდნენ, თუ როგორ უნდა შექმნან სტარტაპები, რა ეტაპები უნდა გაიარონ იმისთვის, რომ კომპანიად ჩამოყალიბდნენ და წარმატებას მიაღწიონ.

ტექნოლოგიური პარკი მნიშვნელოვანია რეგიონის განვითარებისა და საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლებისთვის. წვდომა ტექნოლოგიებზე ნიშნავს პროგრესზე ფეხის აწყობას, რაც საბოლოო ჯამში, ქვეყნის განვითარებაში უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებს.

 

პოპულალურები