ზუგდიდის ყოფილი რაიონული საავადმყოფოს ეზოში აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული პირები შიმშილობენ,ზოგიერთმა პროტესტის ნიშნად პირი ამოიკერა.
ადგილობრივი გამოცემა – „ლაივპრესის“ ცნობით, დევნილები მე-12 დღეა შიმშილობენ. პროტესტის მონაწილეების განცხადებით, სამინისტრო ახალი საცხოვრებელი ბინები უსამართლოდ გადაანაწილა.
როგორც დევნილები ამბობენ, 30 წელია ახალი ბინის მოლოდინში ნგრევად და სიცოცხლისთვის საშიშ პირობებში, ყოფილი რაიონული საავადმყოფოს ეზოში უწევთ ცხოვრება.
დევნილები აპირებენ პროტესტი მანამ არ შეწყვიტონ, სანამ მათი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება.
ცნობისთვის, რამდენიმე დღის წინ ზუგდიდში, ბარამიას ქუჩაზე 600 დევნილ ოჯახს ახალაშენებულ კორპუსებში ბინები გადაეცა.
დევნილთა სააგენტო აცხადებს, რომ დევნილთა საკითხების შემსწავლელმა კომისიამ თითოეული ოჯახის საკითხი ღიად და გამჭვირვალედ, გრძელვადიანი განსახლების კრიტერიუმების შესაბამისად განიხილა.
„ზუგდიდში, გასაჩივრების კომისია რამდენიმე დღის განმავლობაში მუშაობდა. კომისიის წევრები ინდივიდუალურად შეხვდნენ ყველა იმ დევნილ ოჯახს, რომელთაც ბინების განაწილების პროცესთან დაკავშირებით შეკითხვები გააჩნდათ.
კომისიამ იხელმძღვანელა არსებული კანონმდებლობით, თითოეულ დევნილ ოჯახს განემარტა, თუ რატომ ვერ მოხდა ამ ეტაპზე მათი ახალი საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილება და შესაბამისად, მათთვის ეს მიზეზები ცნობილია. ამ ეტაპისთვის, ზუგდიდში,დევნილთა საცხოვრებელი , კიდევ ორი ნგრევადი შენობა დაიხურა“, – აღნიშნულია განცხადებაში.
