რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა საქართველოს 3 მოქალაქე უკანონოდ დააკავეს. როგორც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, დაკავება გუშინ, 18 იანვარს, დაახლოებით 20:30 საათზე, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფ. ხურჩას მიმდებარედ, საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების კონტროლირებად ტერიტორიაზე მოხდა.
სუს-ის განცხადებით, აღნიშნულთან დაკავშირებით საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ დაუყოვნებლივ გააქტიურდა ცხელი ხაზი. მათივე ინფორმაციით, სუს-მა უკანონოდ დაკავებული პირების დაუყოვნებლივ გათავისუფლება მოითხოვა და პროცესში ჟენევის დისკუსიების თანათავმჯდომარეების მყისიერად ჩართო.
„ოკუპირებული აფხაზეთის წარმომადგენელმა ცხელი ხაზით დაადასტურა ოკუპირებული აფხაზეთში მცხოვრები 3 პირის უკანონო დაკავების ფაქტი, ასევე ცხელი ხაზით საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ აღნიშული პირები უკანონო პატიმრობაში აღარ იმყოფებიან.
საოკუპაციო რეჟიმის მიერ განხორციელებული აღნიშნული ფაქტი მიზანმიმართულ პროვოკაციას წარმოადგენს, რომელიც მნიშვნელოვნად აზიანებს ადგილზე არსებულ უსაფრთხოების გარემოს და საფრთხეს უქმნის, როგორც ადგილობრივი მოსახლეობას ისე რეგიონში არსებულ სტაბილურობას“ ,- ნათქვამია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადებაში.