LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ზურა ისეთ დეპრესიაში ჩამივარდა, რომ აქეთ ხათუნას ვუვლიდი, იქეთ ზურას ფეხზე დაყენებას ვცდილობდი“ – ნინი ქარსელაძე სტუმრად „ვიზიტორში“

13
niniqarseladzevizitori

გადაცემის ლაივი LIVE

რადიო „ფორტუნა პლუსის“ გადაცემა „ვიზიტორის“ სტუმარია მომღერალი ნინი ქარსელაძე, რომელმაც  დედის, ხათუნა ჟორდანიას ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ დაწვრილებით ისაუბრა და პანდემიის პირველი ტალღის პერიოდიც გაიხსენა.

როგორი იყო შენთვის პანდემიის პირველი პერიოდი?

პირველ რიგში, ყველას გამძლეობას და ჯანმრთელობას ვუსურვებ, მთავარია თითოეულმა მოქალაქემ საკუთარ თავზე აიღოს მისი წილი პასუხისმგებლობა, იმისთვის, რომ ჩვენ ყველამ ერთად დავამარცხოთ პანდემია. რაც შემეხება მე, მომიწია ერთი კვირით გაფრენა ქვეყნიდან და იქ ჩავრჩი. ძალიან დიდი წვალების შედეგად მოვხვდი ისევ ჩემს ქვეყანაში. გავიარე 16 დღიანი კარანტინი. მადლობა ყველა იმ ადამიანს, ვინც კოვიდ სასტუმროში იყო, ექიმები გადაგვყვნენ. შემდეგ იყო ჩაკეტვა, 24 დღე ხათუნასთან არ მივდიოდი. ახლაც ვცდილობ, რომ ხათუნასთან არ ვიყო, რადგან მაინც მიწევს გარეთ სიარული და ძალიან მეშინია, რადგან ხათუნა რისკ-ჯგუფშია. თუმცა მინდა გითხრათ, რომ არ ვარ პანიკაში, ბევრმა ჩემმა მეგობარმა გადაიტანა უკვე კორონავირუსი, სხვათა შორის უსიმპტომოდ. ვიცავ ყველაფერს, თუმცა პანიკაში არ ვარ და არ მეშინია.

მოგეხსენებათ, რომ ჩვენ, ხელოვან ადამიანებს განსაკუთრებულად შეგვეხო ეს პერიოდი. ალბათ ახალ წელსაც არ გვექნება კონცერტები. სხვა გზა არ გვქვს, მთელი მსოფლიო ებრძვის ამას და ჩვენც უნდა მოვითმინოთ და ავიტანოთ ეს ყველაფერი პროტესტების გარეშე. ჩვენთვის უნდა დავიტოვოთ უკმაყოფილება, მოგვწონს ეს თუ არა.

რითი იყავი დაკავებული პანდემიის პერიოდში და რაიმე ახალი ნიჭი ხომ  არ აღმოაჩინე საკუთარ თავში?

ბოლო პერიოდში ისე ვეღარ ვკითხულობდი წიგნებს, როგორც მინდოდა. და აი იმ პერიოდში წავიკითხე ყველა ის წიგნი, რისი წაკითხვაც მინდოდა. რაც შეეხება ახალი რამის აღმოჩენას, ამისთვის დრო არ მქონდა, სამზარეულოში ტრიალი ისედაც მიყვარს. სხვათა შორის სოციალურ ქსელში არ გავაქტიურებულვარ, რამდენიმე ლაივი გავაკეთე ინსტაგრამზე და ძალიან უჩვეულო იყო ჩემთვის, არ ვარ მოყვარული ასეთი რაღაცეების. ფოტოებიც აღარ მიდევს მგონი არსად.

ხათუნას ამბების შემდეგ სხვანაირი გავხდი, ვცდილობ ჩრდილში ვიყო მიმალულად. ძალიან დიდი მადლობა, ვინც ერთი ესემესი მაინც გამოგვიგზავნა, თქვენ ჩვენ ძალიან დაგვეხმარეთ. აი ცოტა დავაყენო ფეხზე ხათუნა და შემდეგ ჩავებმები ისევ აქტიურად ყველაფერში. ზურას უფრო მეტად აქვს ემოციური ფონი, მე უფრო ბევრ რამეში გამოვიწრთე. ხათუნას დიაგნოზი ყველამ სხვადასხვანაირად მიიღო. ისე ღრმად არავინ იცოდა ყველაფერი, როგორც მე. ონკოლოგიურ თემებში თავიდან ბოლომდე გავერკვიე, დისერტაციის დაცვაც კი შემიძლია უკვე ამ თემაზე.  ზურა ისეთ დეპრესიაში ჩამივარდა, რომ აქეთ ხათუნას ვუვლიდი, იქეთ ზურას ფეხზე დაყენებას ვცდილობდი. ყველაზე ძლიერი მე აღმოვჩნდი, არადა მთელი ცხოვრება იმას ვამბობდი, რომ სუსტი ფსიქიკა მქონდა. მე მგონი ჩემს ოჯახში ყველაზე მყარი ფსიქიკა მე აღმომაჩნდა. უცნაურად ჟღერს, ღმერთს მადლობა ამ განსაცდელისთვის, იმიტომ რომ ძალიან ბევრი რამ გადავაფასე. პირველი ის არის, რომ  მივედი ღმერთთან, ეკლესიაში მივედი და ამ ყველაფრის დამსახურებით გავიარე ეს განსაცდელი. სწორი გამონათქვამი ყოფილა, რაც არ გვკლავს გვაძლიერებს. იმაზე ძლიერი გავხდი, ვიდრე ოდესმე ვინატრებდი. ჯერ კიდევ დიდი პროცესი გვაქვს გასავლელი, რომ ეს დაავადება საბოლოოდ დავამარცხოთ, მაგრამ შედეგი ძალიან კარგი გვაქვს ამ ეტაპისთვის, მადლობა ღმერთს. ძალიან რთული პერიოდი იყო, მამაჩემის გასვენებიდან ზუსტად ერთ კვირაში გავიგე დედაჩემის დიაგნოზი. თქვენი ეთერის საშუალებით ყველა ონკოლოგიურ პაციენტს მინდა მივმართო, რომ რა დიაგნოზითაც არ უნდა წამოხვიდეთ ექიმისგან, იცოდეთ, რომ რწმენით ყველაფრის დამარცხება შეიძლება, ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი.

როგორ გაიგო ხათუნამ ეს ამბავი პირველად?

პირველად თავის ცხოვრებაში გულ-მკერდის ტომოგრაფიაზე მარტო წავიდა, მე ვერ წავყევი, შეუძლოდ ვიყავი და მას უთხრეს პირდაპირ. როდესაც ბიოფსია უხსენეს, მიხვდა, რომ არ იყო კარგად საქმე. თუმცა ყველაფერს ვუმალავდით, 6 ქიმია ისე გავუკეთეთ, რომ არაფერი იცოდა. ეგონა, რომ უბრალოდ საწყისი ეტაპი იყო ამ დაავადების.  ყველამ იცოდა ის, რაც ხათუნას უნდა სცოდნოდა.  როგორც კი დაიწყო ფეისბუქზე აქტიურობა ნინიმ მას ის გაუუქმა. ერთი თვეა მეუბნება, აღმიდგინე სოციალური ქსელიო. ცოტა ხანი მირჩევნია ასე იყოს. მისთვის უკეთესია. დღეს უკვე ნორმალურადაა, გადავედით არასტანდარტულ მედიცინაზე. კომპლექსურად ვმკურნალობთ. უკვე ვეღარ მიტანს მგონი. მთავარია, რომ ის სიცოცხლისუნარიანი გახდა. მაისის ჩათვლით სრულიად უკონტაქტოდ იყო. ზოგადად მას ძალიან ჯანმრთელი ორგანიზმი აქვს, ამ ამბამდე ექიმთან არასდროს ყოფილა. არ მეგონა რომ ზურას ასე გაუჭირდებოდა. ზურას ფსიქოლოგი ვიყავი პირადი. შემდგომ ხათუნას განწყობამ მასზეც იმოქმედა და დეპრესიაც დავამარცხეთ.

რას ეტყვი პირდაპირი ეთერიდან ხათუნას?

ყველაფერი უკვე ნათქვამი მაქვს, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი რაც მინდა ვუთხრა ისაა, რომ უფრო ძლიერი იყოს, ცოტა მოსუსტდა მისი სიძლიერე, რასაც მე მასწავლიდა. ზუსტად ვიცი, რომ დავამარცხებთ. მე ეს პირევლივე დღეს ვიცოდი და ასეც მოხდა, მთავარია რწმენა.

ცოტა ანასტაიაზეც გვესაუბრე…

ანასტასია ძალიან მაგარი გოგოა, წელს ჩააბარა ამერიკულ უნივერსიტეტში, აკადემიაში. 50 პროცენტიანი დაფინანსება მოიპოვა. მათემატიკური ტვინი აქვს და კარგი ქულებიც აიღო. ახლა ონლაინ ლექციები აქვს.  ღამეებს ათენებს, იმდენს მეცადინეობს. ანასტასია ზოგადად არაფერს გამოხატავს ხოლმე, მის გულში ძალიან რთული პროცესები იყო. ის კარგად წერს, სავარაუდოდ მის დღიურებში იქნება ბევრი რამ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები