28 ნოემბრიდან ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებს, მოქალაქეების უწყვეტ პროტესტსა და საპროტესტო აქციების დროს, საპოლიციო ძალების მიერ გამოყენებულ დარბევის მეთოდებს თეატრისა და კინოს მსახიობი ზურა ყიფშიძე „კვირის პალიტრასთან“ ინტერვიუში კიდევ ერთხელ ეხმაურება.
როგორც მსახიობი მედიასაშუალებასთან საუბრის დროს აღნიშნავს, „ის ცემა-ტყეპა, რაც პარლამენტის წინ ნახა, საშინელება იყო“.
„ჩემს ასაკში ძალიან რთულია ამ ყველაფერს აუღელვებლად უყურო. დღეს ძალიანაც რომ მოინდომო, აპოლიტიკური ვერ იქნები. მე ვერაფერს ვიტყვი ვერც გამოსავალზე და ვერც იმაზე, სად დავუშვით ყველაზე დიდი შეცდომა, მაგრამ რაღაც ისე რომ არ არის, როგორც უნდა იყოს, ყველა ვხვდებით. ვიღაცამ უნდა მოინდომოს და შეცვალოს უკეთესობისკენ ეს ქვეყანა.ჩვენ უსიყვარულობა გვჭირს – ეს არის ერთ-ერთი სვლა იმისთვის, რომ ზოგიერთმა ეგო დაიკმაყოფილოს, ძალაუფლება მოიპოვოს, მოიპარონ, მერე შური იძიონ და ა.შ. ქართველებს არ შეგვიძლია, რომ არ დავეტაკოთ ერთმანეთს, შარი არ მოვდოთ და გული არ ვატკინოთ… დედამიწა გაგიჟდა. ჩვენ ზედაპირულად ვიცით რაღაცები, ნეტავ სინამდვილეში როგორაა საქმე. ჩვენ კი არ ვცხოვრობთ, პოლიტიკით ვართ შეპყრობილი. ვერ დავალაგეთ ქვეყანა და გაუთავებელ მოლოდინსა და გარდამავალ პერიოდში ვართ. საშინელება იყო, რაც პარლამენტის წინ ვნახე! ეს ცემა-ტყეპა ისეთი საშინელება იყო, არ ვიცი, რა ვთქვა! ტელევიზორი შემზიზღდა, ხანდაზმული კაცი ვარ და რომ ვუყურებ, სულ მეცრემლება.
ეს ცემა-ტყეპა არაფერია იმასთან შედარებით, ისეთი ცემა იციან და იცოდნენ ყოველთვის პოლიციაში. კომუნისტების დროსაც, მერეც, სააკაშვილმა ხომ „ხელოვნებად“ აქცია. რა უნდა გითხრათ, მრცხვენია, ამ ყველაფრის გამო! სამწუხაროდ, ძალადობა ყოველთვის იყო.
დრამატურგია, ლიტერატურა სულ მაგას გვიყვება, რომ ადამიანები არ არიან მთლად კარგები. ცუდები არიან და ზოგჯერ, ცხოველებიც! ეს არა და არ მოიშალა და არც მოიშლება. კი ბატონო, დაიჭირე, პასუხი მოსთხოვე, მაგრამ ასე მოექცე?! რომ ვუყურებდი, გეფიცებით, ვღრიალებდი…
გული ერთ რამეზე მწყდება – იმხელა რესურსი და სიმდიდრე გვაქვს, რომლის აზრიანად გამოყენებაც შეიძლება და ჩვენ მაინცდამაინც ბრძოლის წინა ხაზზე უნდა ვიყოთ, უნდა მოვკლათ, თავი უნდა მოვჭრათ და ა.შ. ცოტა ხანს ისე რომ ვიყოთ, რომ არც არავინ მოვკლათ და არც არავინ მოგვჭრას თავი, არ შეიძლება?“, – ამბობს მსახიობი „კვირის პალიტრასთან“ საუბარში.
ზურა ყიფშიძესთან ინტერვიუს სრულად წაიკითხავთ აქ