პოლიტიკოსი ზურაბ ჭიაბერაშვილი მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით გაკეთებულ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებას ეხმაურება, რა დროსაც პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ ადამიანებს თვითმკვლელობის უფლება აქვთ და სახელმწიფო ამაზე ვერ აიღებს პასუხისმგებლობას.
ამის შესახებ ჭიაბერაშვილი სოციალურ ქსელში წერს.
“ისეთ რეგვენსაც კი, როგორიც ღარიბაშვილია, შეუძლებელია არ ესმოდეს ის ზიანი, რასაც მისი ეს კონკრეტული გამონათქვამი (არც გავიმეორებ) აყენებს ივანიშვილის რეჟიმს ქვეყნის შიგნით მოქალაქეების უდიდეს ნაწილში (არა მხოლოდ სააკაშვილის მომხრეებში) და ქვეყნის გარეთ, ცივილიზებულ სამყაროში ზოგადად და, მათ შორის, სტრასბურგის სასამართლოში.
აბა, რატომ ამბობს? – იკითხავთ თქვენ.
ის, რომ ხელისუფლებაში მოხვედრილ ამ მანიაკებს არანაირი მორალური წითელი ხაზები არ აქვთ, ვიცით. პრაგმატულად რაში უნდა აწყობდეთ, ამაშია კითხვის არსი.
პასუხი მარტივია:
სხვაგვარად აღარც შეუძლიათ.
მთლიანად დაილექნენ იმ ჭუჭყზე, რაც ყოველთვის იყვნენ და რის შეფუთვასაც ჩვენი მოქალაქეების გულუბრყვილობის ხარჯზე (“ამას როგორ იზამენ?!”) აქამდე ჯერ კიდევ ახერხებდნენ.
ურთულესი დღეები გველოდება წინ,”-წერს ზურაბ ჭიაბერაშვილი.