საქართველოს არჩევნები მსოფლიო მედიის ყურადღების ცენტრშია. კავკასიაში პირველი ქალის გაპრეზიდენტება, გენდერული ომის პირობებში, ყველასთვის საინტერესოა.
დასავლურ გამოცემებში, პირველი მახვილი სწორედ ქალის გაპრეზიდენტებაზეა დასმული. დიდი ყურადღება ეთმობა ასევე მის ბექგრაუნდს, მისი წინაპრების საფრანგეთში გადასვლას და მის დიპლომატიურ კარიერას, რომელიც როგორც საფრანგეთში, ასევე საქართველოში აქვს.
BBC-ის პუბლიკაციაში წერია, რომ 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნები, რომელსაც დასავლეთი დიდი ყურადღებით აკვირდებოდა, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების ერთგვარ ინდიკატორად მიიჩნევა.
“66 წლის სალომე ზურაბიშვილი, პარიზში დაიბადა, რადგან მისი ოჯახი 1921 წელს, საბჭოთა კავშირის მიერ საქართველოს ანექსიის შედეგად, ქვეყნიდან გაიქცა. მან კარიერა საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში აიწყო, შემდეგ კი საქართველოში გადაბარგდა, სადაც როგორც ელჩის, ასევე მიხეილ სააკაშვილის გადაწყვეტილებით, საგარეო საქმეთა მინისტრის პოსტს იკავებდა.
ზურაბიშვილი მომხრეა რუსეთთან და დასავლეთთან ურთიერთობის დაბალანსების, ვაშაძე, რომელიც რუსეთ-საქართველოს ომის დროს 2008 წელს იკავებდა საგარეო საქმეთა მინისტრის პოსტს, უფრო პროდასავლურად მიიჩნეოდა,” – ვკითხულობთ BBC-ის სტატიაში.
BBC-ის სტატიაში, ასევე ნათქვამია, რომ დასავლეთი, ქვეყნებში, რომლებსაც ნატოში და ევროკაშირში გაწევრიანება სურთ, საარჩევნო პროცესსაც აკვირდება.
“ოპოზიცია, არჩევნების მიმდინარეობისას დარღვევებზე და თავდასხმებზე ამახვილებს ყურადღებას, მმართველი პარტია კი ამ ყველაფერს უარყოფს. რაც შეეხება დამკვირვებლებს, მათ განაცხადეს, რომ პირველი რაუნდი ართანაბარ “სათამაშო მოედანზე” გაიმართა,” – ნათქვამია სტატიაში.
ფრანგული გამოცემა LEMONDE-ც ზურაბიშვილის წარმოშობაზე ამახვილებს ყურადღებას. სტატიაში ვკითხულობთ: საქართველოს ბოლო ხალხის მიერ არჩეული პრეზიდენტი ხდება, საფრანგეთში, ძველ ქართულ ოჯახში დაბადებული 66 წლის სალომე ზურაბიშვილი. მისი ოჯახი წითელ არმიას საფრანგეთში 1921 წელს გაექცა.
გაღიმებული საქართველო – ასეთია სტატიის ერთერთი ქვეთავი, რომელშიც ყურადღებას სტატიის ავტორი, არჩევნების მეორე ტურამდე, რამდენიმე დღით ადრე, ბანერების ნაწილიდან ზურაბიშვილის გაუჩინარებაზე ამახვილებს. სტატიაში აღნიშნულია, რომ ბანერებზე ზურაბიშვილი ხელისუფლების წარმომადგენლებმა და ოლიგარქმა ბიძინა ივანიშვილმა ჩაანაცვლეს.
“მან [სალომე ზურაბიშვილმა] თქვა, რომ გაერთიანებულ და გაღიმებულ საქართველოს ირჩევს. თუმცა, დღის ბოლოს, სავარაუდო დარღვევების რიცხვმა 856-ს მიაღწია. ოპოზიცია და მისი მხარდამჭერები კი მთელი დღის განმავლობაში თაღლითობაზე საუბრობდნენ.
ექვსწლიანი მმართველობის და ეკონომიკური იმედგაცრუების შემდეგ, ბიძინა ივანიშვილი სისუსტეს არ აღიარებს და პრეზიდენტობის საპატიო ფუნქციაც კი არ დათმო.
2020 წელს საქართველოში სერიოზულ ამბებს უნდა ველოდოთ,” – ვკითხულობთ სტატიაში.
კამპანია რუსეთის ჩრდილით – ასეთ სიტყვებს ვკითხულობთ კიდევ ერთ ფრანგულ, ონლაინ გამოცემაში ouest-france. სტატიაში აღნიშნულია, რომ ოპონენტები სალომე ზურაბიშვილს 2008 წლის ომის გამო, გაკეთებული კომენტარებისთვის აკრიტიკებენ და მის პატრიოტიზმს ეჭქვეშ აყენებენ.
აქვე ნათქვამია, რომ პრეზიდენტის ძირითადი ფუნქციები პრემიერს გადაეცა, თუმცა სახელმწიფოს მეთაური პოლიტიკურ გავლენას მაინც ინარჩუნებს.
რაც შეეხება რუსეთს, ამ ქვეყნის მედია აქტიურად აშუქებს ზურაბიშვილის შესახებ ინფორმაციას, მის ბიოგრაფიას და ექსპერტებიც თამამად აფასებენ მის გაპრეზიდენტებასაც.
რუსეთის ფედერაციის საბჭოს საერთაშორისო ურთიერთობების კომიტეტის ხელმძღვანელი კონსტანტინე კოსაჩოვი იმედოვნებს, რომ საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნებზე სალომე ზურაბიშვილის გამარჯვების შემდეგ მოსკოვსა და თბილისს შორის დიალოგი აღდგება.
მისი თქმით, არჩევნების შედეგი ზომიერად დადებითია, თუმცა არ გამორიცხავს საქართველოში დაპირისპირებას, უკვე ქუჩის ფორმატში.
„რუსეთის მიმართულებით არ მოველი მკვეთრ ცვლილებებს. თუმცა, იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ სალომე ზურაბიშვილი გამოცდილი და პრაგმატული პოლიტიკოსია, მინდა იმედი მქონდეს, რომ დიალოგის სივრცე სულ მცირე არ შემცირდება, უკეთესი იქნება თუ გაიზრდება. დიალოგი ახლა ორივე ქვეყნის ხალხის, ბიზნესის და ზოგადად, რეგიონის ინტერესებშია,“ – განაცხადა კოსაჩოვმა.
რუსმა სენატორმა tass.ru-სთან ასევე აღნიშნა, რომ ზურაბიშვილის გამარჯვება პირველ რიგში საქართველოსთვის სტაბილურობას ნიშნავს.
“სიტუაცია სულ მცირე, უარესი მაინც არ გახდება,” – განაცხადა მან.
ექსპერტების საინტერესო შეფასებებს აქვეყნებს ria.ru. სტატიაში ვკითხულობთ, რომ სალომე ზურაბიშვილი იმიტომ კი არ აირჩიეს პრეზიდენტად, რომ ხალხს მოსწონს, არამედ იმიტომ რომ მათ ქვეყანაში ექსპრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის დაბრუნება არ სურთ. ამის შესახებ რუსულ გამოცემასთან ნიკოლაი სილვაევი საუბრობს.
“ზურაბიშვილის გამარჯვება ერთმა მთავარმა ფაქტორმა განაპირობა. მმართველმა პარტიამ ეფექტური მობილიზება გაუკეთა ხალხს, რომელთაც ქვეყანაში ექსპრეზიდენტის დაბრუნება არ სურს. ზურაბიშვილის გაპრეზიდენტება არ ნიშნავს, რომ ის ხალხში პოპულარულია, ეს მხოლოდ იმას ამბობს, რომ სააკაშვილმა ხალხში მძიმე მოგონებები დატოვა,” – აცხადებს ნიკოლაი სილვაევი.