„ქართული ოცნების“ დეპუტატი, მიხეილ სარჯველაძე „რიონის ხეობის“ მცველს, ვარლამ გოლეთიანის განცხადებას პასუხობს, რომლის თანახმადაცგასაჯაროვდა იუსტიციის სამინისტროს 2019 წლის შეფასებითი დოკუმენტი – რა შინაარსიც ამ დასკვნაში წერია, კრიტიკულზე მეტია.
სარჯველაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას თქვა, რომ ვერ იხსენებს დოკუმენტის შინაარსს, რომელსაც გავრცელებული ინფორმაციით, მისი ხელმოწერა აქვს.
როგორც დეპუტატმა თქვა, მას არ ახსოვს, რომ კაბალურ პირობებზე ესაუბროს, თუმცა, იყო პირობები, რომელიც მოეჩვენათ, რომ შესაძლებელი იყო მოლაპარაკების პროცესში ერთი ან მეორე მხარისგან ყოფილიყო დასათმობი.
„ზუსტად არ მახსოვს არის თუ არა მასში 22 კრიტიკული შენიშვნა, რაზეც „ნამოხვანჰესის“ მშენებლობის მოწინააღმდეგეები საუბრობენ,“ – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ და უარყო ინფორმაცია, რომ დოკუმენტი თითქოს გასაიდუმლოებული იყო.
„ვინმემ ითხოვა ეს დოკუმენტი და არ მისცეს? არ მგონია, რომ აქ ასე იდგეს საკითხი,“- აღნიშნა სარჯველაძემ.
მისი თქმით, არის სტანდარტული პროცედურა, როდესაც მთავრობა ან რომელიმე სამინისტრო მნიშვნელოვან ხელშეკრულებას დებს და მასში ჩართულია იუსტიციის სამინისტრო, როგორც სამართლებრივი ექსპერტიზის განმახორციელებელი სუბიექტი. შესაბამისად, სარჯველაძის თქმით, ეს ერთ-ერთი ხელშეკრულება იყო, რომელმაც იუსტიციის სამინისტროში ექსპერტიზის პროცესი გაიარა.
„ბუნებრივია, რომ იქ რჩევები გაიცემა და როგორც ჩანს საუბარი ამ რჩევებზეა. ასე არ მახსოვს შენიშვნები, უნდა ვნახოთ დოკუმენტი და იქიდან უნდა აღმოაჩინოთ, რა იყო მოგვიანებით გათვალისწინებული და რა არა.
მაგალითად, იქ გაიცემა ხოლმე რეკომენდაცია და შეიძლება აქაც ეგრე იყო, მაგრამ ამას გადამოწმება სჭირდება, რომ გარჩევა ქართული სამართლით ყოფილიყო, თუმცა, ყოველთვის ამის გათვალისწინება ვერ ხერხდებოდა, რადგან ყველა სამინისტროს თავადაც ერჩივნა ყოფილიყო ქართული სამართალი, თუმცა, ეს მოლაპარაკების საგანი იყო,“ – განაცხადა სარჯველაძემ.
დეპუტატმა ასევე თქვა, რომ დოკუმენტის შინაარსის დეტალები ნამდვილად არ ახსოვს და კონკრეტული დეტალების აღდგენა უჭირს. თუმცა, მისივე სიტყვებით, იქნებოდა რჩევები მიცემული, რომ საკითხებზე მოლაპარაკება უნდა მომხდარიყო და ამის შემდეგ ხელშეკრულების გარკვეული პირობების აწონვა.
„ყველა ამ შენიშვნის გათვალისწინება ან არ გათვალისწინების საკითხი, მოლაპარაკების პროცესზე იქნებოდა დამოკიდებული.
ეს მოლაპარაკების მხარეებზეა დამოკიდებული და ვფიქრობ, ჩვენი რჩევები კორექტული იყო. 22 შენიშვნის ავტომატურად და მექანიკურად გათვალისწინება, სამწუხაროდ, ვერ ხერხდება ხოლმე. ერთია ხელშეკრულების პროექტის ექსპერტიზა და მეორე ის, რომ იუსტიციის სამინისტრო დადებულ ხელშეკრულებას და მის შესრულებას ამოწმებს“, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.