ზვარეში ახალი რკინიგზის მშენებლობაზე ავტომანქანის მძღოლი სამუშაოს შესრულების პროცესში დაიღუპა. ინფორმაციას „ჩემი ხარაგაული“ ავრცელებს. შემთხვევა დღეს დილით მოხდა.
როგორც გამოცემას ზვარელებმა უთხრეს, თავდაღმართში მიმავალი ავტომანქანა მეორე მანქანას დაეჯახა. ერთ-ერთი ავტომანქანის მძღოლი ადგილზე გარდაიცვალა.
პროფკავშირების განცხადებით, მათ ხელთ არსებული წინასწარი ინფორმაციის თანახმად, უბედური შემთხვევა, ტექნიკური გაუმართაობისა და შრომის უსაფრთხოების უხეში დარღვევის შედეგად მოხდა. მათივე ცნობით, ამ მონაკვეთზე სამუშაოებს საქართველოს რკინიგზის დაკვეთით, შპს ,,ჩინეთის რკინიგზის 23-ე ბიურო” აწარმოებს.
შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ ავტოსაგზაო შემთხვევის მიზეზს ექსპერტიზა დაადგენს.
გამოძიება კი 276 მუხლის მეხუთე ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.
