პარლამენტის ვიცე სპიკერი ზვიად ძიძიგური გაზაფხულზე რიგგარეშე არჩევნების დანიშვნის წინააღმდეგია. ძიძიგური რიგგარეშე არჩევნების დანიშვნის თაობაზე დავით ჭიჭინაძის განცხადებას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ არჩევნების კონსტიტუციურ ვადებში ჩატარება ქვეყნის პოლიტიკური სტაბილურობის წინაპირობაა.
„ვადამდელ არჩევნებს არ ვეთანხმები. მუდმივად ისეთ პირობებში ვიყავით, როცა არჩევნები ხან ადრე ტარდებოდა, ხან გვიან. თამაშის წესი ყველამ უნდა იცოდეს. პარტიებმა უნდა იცოდნენ, არჩევნები რამდენი წლით წააგეს თუ მოიგეს,” – განაცხადა ძიძიგურმა.
პარლამენტის ვიცე სპიკერი, გია ვოლსკი კი ფიქრობს, რომ ახალი მთავრობა ეფექტიანი იქნება და საქართველოში რიგგარეშე არჩევნები დღის წესრიგში არ დადგება.
ვოლსკი დავით ჭიჭინაძის განცხადებას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ თუ ხელისუფლება შედეგს ვერ აჩვენებს, ის ხალხის მიერ გადარჩეული უნდა იყოს.
„როცა ვადამდელი არჩევნების თემა გაისმის, იმ წუთში დაძაბულობის იმ ხარისხს წარმოვიდგენ, რაც საქართველოსთვის უკან გადადგმული ნაბიჯი იქნება. ამიტომ, ყველაფერს გეგმაზომიერად და კანონის შესაბამისად უნდა მივყვეთ. მგონია, რომ ახალი მთავრობა ეფექტიანი იქნება და რიგგარეშე არჩევნები დღის წესრიგში არ დადგება,“ – განაცხადა ვოლსკიმ.
დეპუტატ დავით ჭიჭინაძის განცხადებით, თუ მთავრობა დიდ ნდობას ვერ მოიპოვებს, ავტორიტეტული არ იქნება, უავტორიტეტო პარლამენტის იმედად კი, ჭიჭინაძის თქმით, „2020 წლამდე ვერ მივალთ და ქვეყანას მძიმე პოლიტიკურ კრიზისში შევიყვანთ, კრიზისის განმუხტვის ყველაზე კარგი საშუალება კი, ვადამდელი არჩევნებია“.