“სასამართლოში ჩვენებას მივცემ მხოლოდ მაგისტრი მოსამართლის თანდასწრებით,” – ამის შესახებ ზვიად კუპრავამ ვაკე-საბურთალოს პოლიციასთან განაცხადა. საქმე საქალაქო სასამართლოში მომხდარ ინციდენტს ეხება.
„სავარაუდოდ, უახლოეს დღეებში მოხდება ჩემი დაკითხვა. მე მინდა, მთელმა ქვეყანამ დაინახოს ის ცირკი, ის კლოუნადა და აბსურდის თეატრი, რასაც მედავებიან,“ – განაცხადა კუპრავამ.
11 ივნისს, ზვიად კუპრავა სამართალდამცველებმა საქალაქო სასამართლოს სასადილოდან სხდომათა დარბაზში ძალის გამოყენებით აიყვანეს.
ამასთან, შსს-ს ინფორმაციით, მიმდინარე წლის 11 ივნისს საქალაქო სასამართლოს სასადილოში მომხდარ შემთხვევასთან დაკავშირებით, შსს-ს გენინსპექციამ პოლიციელების მხრიდან გადაცდომის ფაქტი დააფიქსირა. კერძოდ, ინციდენტში მონაწილე ოთხ პოლიციელს სამსახურებრივი მოვალეობის დაუდევარი დამოკიდებულებისთვის საყვედური გამოეცხადა, ხოლო იმავე გადაცდომისთვის, ამ პოლიციელების ხელმძღვანელ პირს, რომელიც იმ დროს ადგილზე იმყოფებოდა, შსს-მ დისციპლინარული სასჯელი, სასტიკი საყვედური გამოუცხადა.