LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ზვიგენარიუმი კეთდება ჩვეულებრივი” – ხმაური და დაპირისპირება საკრებულოს სხდომაზე

94

ხმაური და სიტყვიერი დაპირისპირება თბილისის საკრებულოს სხდომაზე. “ქართული ოცნების” პუშკინის სკვერის მიმდებარედ 1900 კვადრატულ მიწისთვის სტატუსის შეცვლის საკითხი დააყენეს. ოპოზიციურ პარტიებში კი განმარტავენ, რომ სტატუსის ცვლილების შემდეგ მისი ბიძინა ივანიშვილის კუთვნილი კომპანიისთვის გადაცემა იგეგმება.

სხდომას ესწრებიან “ნაციონალური მოძრაობის” თბილისის მერობის კანდიდატი ზალიკო უდუმაშვილი და “ევროპული საქართველოს” თბილისის მერობის კანდიდატი, ელენე ხოშტარია.

“ზონის ცვლილებას ავტომატურად მოჰყვება ამ ტერიტორიის მითვისებაც, 40 ჰექტარი აქვს უკვე ბიძინა ივანიშვილს თაბორის მთაზე დაკანონებული და კიდევ ახალ ტერიტორიას აძლევთ. დღეს თაბორის მთა გადაიქცა ზვიგენარიუმად, ზვიგენარიუმი კეთდება ჩვეულებრივი,” -განაცხადა ზალიკო უდუმაშვილმა.

თბილისის საკრებულოს გარემოს დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე, შორენა ბუხრაშვილი, კი განმარტავს, რომ განმცხადებელი მილიონ ლარიანი ინვესტიციის ჩადებას გეგმავს, თუ კი მას თვითმმართველი ერთ ლარად გადასცემს მიწას კერძო საკუთრებაში.

“მე მაინტერესებს, ამ ტერიტორიაზე არის თუ არა გეოლოგიური დასკვნა?” – აღნიშნავს ბუხრაშვილი.

“კონკრეტული კითხვაა და კამერებს ესაუბრეთ, მერამდენე მიწის ნაკვეთი უნდა გადასცეთ სახელმწიფოს საკუთრება თქვენს მბრძანებელს?” -აცხადებს ელენე ხოშტარია. ~

საკრებულოს თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, გიორგი ტყემალაძემ, განმარტა, რომ მიწის ნაკვეთის გადაცემის საკითხი დღევანდელ სხდომაზე არ განიხილება. ამის შემდეგ შორენა ბუხრაშვილი დაინტერესდა, თუ რატომ იღებენ ზონის ცვლილების გადაწყვეტილებას, რასაც გიორგი ტყემალაძემ რეპლიკით უპასუხა “პოლიტიკურ განცხადებებს ერიდებოდი, როგორც მახსოვს და ახლა სწორედ ასეთ განცხადებებს აკეთებთ”.

“რესპუბლიკური” პარტიის წარმომადგენელი, ხათუნა სამნიძე, განმარტავს, რომ ცნობილია, თუ ვის უნდა გადასცენ ერთ ლარად საკუთრებაში მიწის ნაკვეთი და საკითხი სწორედ პოლიტიკური ხასიათისაა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები