LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

13 წლის ალექსანდრეს მუსიკალური გზები – რა იდეებს სთავაზობენ თბილისელები მერს

„შენი იდეა ქალაქის მერს“ – ასე ჰქვია პროექტს, რომლითაც თბილისელები კახა კალაძეს დედაქალაქის სატრანსპორტო, საგზაო ინფრასტრუქტურის, გამწვანების, ჯანსაღი და უსაფრთხო საცხოვრებელი გარემოს მიმართულებებით საკუთარ იდეებს ვებგვერდის საშუალებით აცნობენ. ვებგვერდზე ახლა 242 მიმდინარე, 207 დაბლოკილი, 465 არშემდგარი იდეაა. მათგან 13 განხილვის პროცესშია, ორი უკვე შეთანხმებული, 1 კი უარყოფილია.

განხილვის პროცესში მყოფი იდეებიდან ერთ-ერთი 13 წლის ალექსანდრე ხუნძაკიშვილს ეკუთვნის. ალექსანდრე თბილისის კლასიკური გიმნაზიის მოსწავლეა და ამავდროულად, მუსიკალურ სკოლაშიც დადის. როგორც ჩანს, სწორედ ამ უკანასკნელმა განაპირობა იდეა – თბილისში მუსიკალური გზის შექმნის შესახებ.

„ერთხელ, როდესაც გზაში ვიყავი, ძალზე კარგი აზრი დამებადა. გზებსა და ტრასებზე მრავლად არის ყვითელი საღებავის ჰორიზონტალური ზოლები, რომლებიც გამოყენებულია უსაფრთხოების მიზნით. როდესაც ავტომობილი ამ ზოლზე გადადის, იგი გამოსცემს გარკვეულ ვიბრაციას და ეს ვიბრაციები ნოტებს მივამსგავსე. შესაბამისად, ჩემი იდეაც იმაში მდგომარეობს, რომ სხვადასხვა სიგრძის, რაოდენობის, სიმკვრივის ზოლები ნოტებს შევუსაბამოთ და როდესაც ავტომობილები ამ ზოლებზე გარკვეული სიჩქარით გაივლიან, უსაფრთხოების ზოლები გამოსცებენ მელოდიას. ჩემი აზრით, ეს პროექტი ძალზე სახალისო, დასამახსოვრებელი და ამავდროულად უსაფრთხო იქნება, რადგან თუ ავტომობილი მითითებულ სიჩქარეზე არ გაივლის (რაც გამაფრთხილებელ საგზაო ნიშანზე იქნება), მასში მყოფი მგზავრები მელოდიას ვერ გაიგებენ. მაგალითად, აეროპორტის ტრასაზე შეიძლება გავაკეთოთ „თბილისოს“ მელოდია. ეს მელოდია სტუმრებისთვის დასამახსოვრებელი იქნება. მელოდიის შერჩევაში, მისი ნოტებად გადმოტანასა და ზოლების ტესტირებაში დიდი სიამოვნებით მივიღებდი მონაწილეობას,“ – წერს მერიისთვის გაგზავნილ წერილში ალექსანდრე ხუნძაკიშვილი.

ალექსანდრეს ჯერ დათვლილი არ აქვს, დედაქალაქის მერიას იდეის განსახორციელებლად რა თანხა შეიძლება დასჭირდეს. მის იდეაზე ხმის მიცემის ვადა 16 ნოემბრამდე გაგრძელდება.

ირაკლი ავლოხაშვილი კი, საკუთარი იდეის ხორცშესასხმელად დედაქალაქის ბიუჯეტიდან 700 000 ლარს ითხოვს. მისი იდეაა, რომ მეტროსადგურების მოძრავ ვაგონებში უწყვეტი, მაღალი ხარისხის ინტერნეტი იყოს. ირაკლი ფიქრობს, რომ გაწეული ხარჯები შესაძლოა, ინტერნეტ რეკლამებიდან იქნეს ამოღებული. ავლოხაშვილის იდეა სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის კატეგორიაში იძებნება და მისი განხილვაც ამ დრომდე მიმდინარეობს.

შენობების გარეკედლებზე ელექტრომობილების წყალგაუმტარი ე.წ. „შტეფსელების“ დამაგრების იდეით გამოდის კიდევ ერთი თბილისელი, ალექსი ბარათაშვილი. ალექსი ფიქრობს, რომ იდეა ჯანსაღი და უსაფრთხო საცხოვრებელი გარემოსთვის არის მორგებული და არც დიდ თანხებთანაა კავშირში. ბარათაშვილის აზრით, იდეის განხორციელებისთვის სულ რაღაც 1000 ლარიც საკმარისი იქნება. ალექსის იდეას 13 ნოემბრამდე განიხილავენ.

ამათ გარდა, კიდევ 10 ადამიანის იდეაა განხილვის პროცესში. მათ შორისაა „ნარჩენების მართვის პროექტი ეტალონიც“. იდეის ავტორის, ლევან ლეკიშვილის აზრით, სამრეწველო და საყოფაცხოვრები ნარჩენების პრობლემის გადაჭრის ერთ-ერთი რეალური გამოსავალი ეკოლოგიური ცნობიერების ამაღლებაა, განსაკუთრებით კი, ახალგაზრდა თაობაში. ლევან ლეკიშვილი ამბობს, რომ ნარჩენების მართვა საჭიროებს სწავლებას დანაგვიანების მიზეზებზე, მოსალოდნელ ნეგატიურ შედეგებსა და პრობლემის გადაჭრის შესაძლო გზების მოძიებაზე, რომელსაც 3R (Reduce–Reuse–Recycle) ინიციატივა ექნება საფუძვლად (Reduce – შემცირება; Reuse – ხელახალი გამოყენება; Recycle – გადამუშავება).

„დანაგვიანების თვალსაზრისით, ცოდნა უნდა ავიმაღლოთ ბავშობიდან, ბაგაბაღებიდან, სადაც ერის მომავალი – ბავშვებია განთავსებული. ამიტომ, მიზანშეწონილად მიგვაჩნია ქმედებების სწორედ ამ სექტორზე მორგება და პროექტის შეთავაზება, რაც საქართველოსათვის ერთგვარ სიახლეს წარმოადგენს. გათვალისწინებულია შემდეგი აქტივობები: 1)თბილისში შეირჩევა ერთერთი უბანი, მაგ.: მუხიანი. გაკეთდება უბნის გრაფიკული სურათი და დაიყოფა სექტორებად ისე, რომ თითოეულ სექტორში 4-5 კორპუსი მოხვდეს; 2)გამოცხადდება კონკურსი ყველაზე სუფთა სექტორზე. ბავშვებს პერმანენტულად ჩაუტარდებათ ტრენინგები წინასწარ გაწერილი, ბავშვისათვის გასაგები და ვიზუალურად დატვირთული პროგრამით (რა არის ნარჩენი? რა არის დანაგვიანების მიზეზი? რა შედეგი მოჰყვება დანაგვიანებას? როგორ შეიძლება გადაიჭრას ეს პრობლემა? და სხვ.). ყოველი თვის ბოლოს გამარჯვებულ სექტორში შესაძლოა ბაგაბაღის ბავშვების დასაჩუქრება, რაც ერთგვარი მოტივაციაც იქნება დანარჩენებისათვის; 3)კონკურსში მონაწილეობას მიიღებენ არა მხოლოდ ბაღის ბავშვები, არამედ მათი მშობლები, დაძმა, ოჯახის წევრები. ასეთი ჩართულობა გამოიწვევს ამ სექტორში მოსახლეობის დაახლოვებასაც საერთო მიზნის განსახორციელებლად; 4)კონკურსი იქნება 12 თვიანი, რის შედეგადაც გამოჩნდება არის თუ არა მოსახლეობა მზად ამ პრობლემის წინააღმდეგ გაერთიანებისათვის. გამოჩნდება განსხვავებები სხვა სექტორებთან და რაიონებთან; 5)ყოველი თვის ბოლოს სექტორებში შეიქმნება ფოტომასალა, დაფიქსირდება შენიშვნები, ჩატარდება მცირე ინტერვიუები ბაგაბაღის ბავშვებთან. ყველა მასალა, საბოლოო ჯამში, განთავსდება მერიის საიტზე,  – განმარტავს იდეის ავტორი ვებგვერდზე.

განხილვის პროცესში მყოფი სხვა იდეები კი ასეთია: დიდი დიღმის პარკის მოწყობა; შადრევანი გლდანი-მუხიანის შუაგულში; ე.წ. guide desk-ი; „ახალი სიცოცხლე ძველ სახლებს“; „ჩემი თარო“; „ვარდების მოედნის“ სახელდების ცვლილება; „ქ. თბილისში მოსკოვის გამზირს დაერქვას არჩილ ტატუნაშვილის სახელი“; “pumptracks მრავალფუნქციური ველომოედნები თბილისში“; მდინარე მტკვარი, როგორც სატრანსპორტო გადაადგილების საშუალება; ე.წ. „რკინის ხიდების“ მოწყობა და წარწერა „თბილისი“ ფუნიკულიურის დაბლა ფერდობზე ისე, როგორც “Hollywood-ის“ წარწერაა.

რაც შეეხება ფინანსურ მხარეს, როგორც “ფორტუნას” დედაქალაქის მერიაში განუმარტეს, თანხა განსაზღვრული არ არის, რადგან იდეა არის შეუზღუდავი.

“ნებისმიერ მოქალაქეს შეუძლია, საკუთარი იდეა სხვადასხვა მიმართულებით შემოიტანოს, სწორედ ამიტომ არის შემდგომი განხილვის ეტაპები. მას შემდეგ, რაც მოქალაქის იდეა მოწონებული იქნება საზოგადოების მხრიდან და მოგროვდება ხმათა საჭირო რაოდენობა, იდეა შემდეგ უკვე გადის განხილვის ეტაპებზე. მათ შორის არის ბიუჯეტირების თემაც, რომელიც, რა თქმა უნდა, შესწავლილი იქნება მერიის მხრიდან და შესწავლილი იქნება ბაზრის კვლევაც ამ იდეასთან მიმართებაში, თუ რა თანხა არის მისაღები და რეალური. ეს ეტაპები, რა თქმა უნდა, იქნება გადასალახი,” – განუცხადეს “ფორტუნას” თბილისის მერიაში.

თათია კაკიაშვილი